სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი „პრივატბანკის“ შესყიდვისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ აცხადებს

თბილისი, 5 დეკემბერი, 2014 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ უკრაინულ „პრივატბანკთან“ გაფორმდა შეთანხმება მისი ქართული შვილობილის - სს „პრივატბანკის“ (მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე–9 ბანკის) 100% აქციების შესყიდვის შესახებ. დღესვე, საქართველოს ბანკმა განაცხადა მისი ჰოლდინგური კომპანიის მიერ 3.59 მლნ ახალი აქციის ემისიის თაობაზე, რის შედეგადაც მოხდა 114 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. ხსენებული განთავსებიდან მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდება საქართველოს ბანკის მიერ „პრივატბანკის“ 100%-იანი წილის შესყიდვას, 51 მლნ აშშ დოლარად.

„პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით. ხსენებული შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატბანკის“ მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.

საქართველოს ბანკმა, ასევე განაცხდა მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების თაობაზე, რომელთა შედეგად, ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან. ბანკის განახლებული კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს იურიდიულ რესტრუქტურიზაციას, რომლის შედეგად მოხდება საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ, არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდება მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. 2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ირაკლი გილაური ასევე განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოვალეობას. ბანკის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნება საქართველოს ბანკის ამჟამინდელი დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულების – Georgia Healthcare Group–ის („GHG”) გენერალურ დირექტორად.


„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 31.6%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.0%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 27.5%) მიხედვით (2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 217 სერვისცენტრის, 521 ბანკომატისა და 2,217 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100