დაღესტანში კიდევ ერთი ჩინოვნიკი მოკლეს
ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობა გრძელდება. დაღესტნის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის მკვლელობის შემდეგ, წუხელ, გვიან ღამით, კიდევ ერთი, მორიგი თავდასხმა დაფიქსირდა. თვითმხილველთა ცნობით, ლევაშინსკის რაიონის სოფელ ზემო უბეკში, სროლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დაჯგუფების მსხვერპლი, ამჯერად, სოფლის ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებული, 59 წლის რაბადან ომაროვი გახდა.
ომაროვი, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები ავრცელებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე, მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით აღიძრა. სავარაუდოდ, ეს კონკრეტული შემთხვევაც იმ გაუხსნელ საქმეთა რიგებს შეუერთდება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მრავლად არის დაფიქსირებული.
კომენტარი