სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვალის, კბილებისა და მთელი ძვლების გარეშე დარჩენილმა რუსმა ჯარისკაცმა, თურმე, თავი მოიკლა

რუსეთის № 55062 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელმაც ოჯახს ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა, ამტკიცებს, რომ თვალის, კბილებისა და მთელი ძვლების გარეშე დარჩენილი ჯარისკაცი კი არ უწამებიათ, არამედ სუიციდი ჩაიდინა და თავი საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო.

ჯარისკაცი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ მის ცხედარში ოჯახის წევრებს სატანკო ბატალიონის 20 წლის რიგითის, რუსლან აიდერხანოვის ამოცნობა გაუჭირდათ კიდეც.

სამხედრო ნაწილი № 55062, სადაც აიდერხანოვი მსახურობდა, სვერდლოვსკის მხარის ქალაქ ელანში მდებარეობს. როგორც „ლაიფნიუს. რუ“ იტყობინება,სამხედროებმა ოჯახს თუთიის კუბო გაუგზავნეს, თან თვითმკვლელობის შესახებ ცნობაც აახლეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ კუბო არ გაეხსნათ.

„მათ ჩვენი მოტყუება უნდოდათ და ასე იმიტომ მოიქცნენ, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ: მუსულმანური ტრადიციის მიხედვით, ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეხსნა კუბო, რათა მიცვალებული განგვებანა“, – თქვა გარდაცვლილის მამიდამ.

ოჯახის წევრები შეაძრწუნა იმ სურათმა, რაც თუთიის კუბოს გახსნის შემდეგ ნახეს: „მას არცერთი კბილი არა აქვს და მათ ნაცვლად პროთეზი ჩაუსვამთ, ცალი თვალი ამოთხრილი აქვს, ფეხების ძვლები კი – დამტვრეული. თითები სულ დალურჯებული აქვს, ალბათ, იქაც ურტყამდნენ, კისერზე კი არანაირი ქამრის ნაკვალევი არ არის“, – ამბობენ ჯარისკაცის ოჯახში და ამტკიცებენ, რომ მკერდზე ცხედარს ღრმა ნაიარევიც აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, დანითაა მიყენებული.

აღსანიშნავია, რომ ბიჭის გარდაცვალების შესახებ ოჯახისთვის მაშინვე არ შეუტყობინებიათ. სხვათა შორის, ახლა ირკვევა, რომ 20 წლის, დედ–მამით ობოლი, ჩელიაბინსკის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები ანდრეი ჯარში საერთოდ არ უნდა გაეწვიათ, არადა, კომისარიატში დედის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე დაიბარეს და სატანკო ბატალიონში გაამწესეს.

მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა, დიდი შოკის მიუხედავად, მაინც მოახერხეს, ფოტოები გადაეღოთ ანდრეის ნაწამები ცხედრისთვის და ამ ფოტოების მიხედვით სამართლის პოვნას აპირებენ. გარდაცვლილის მამიდა სამხედრო პროკურატურაში განცხადების შეტანას დღეს გეგმავს, მანამდე კი სამხედრო ნაწილში, სადაც შემთხვევა მოხდა, ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100