სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხევსურეთში გათხოვებაზე მეოცნებე გოგოს წერილი

დედას რომ ვეუბნები, ხევსურს უნდა გავყვე-მეთქი, ვაი შენს პატრონსო, - მეუბნება .. აბა თბილისში ვინ ვიპოვო ჩემსავით გიჟი, რომ ხევსურეთში წამომყვეს? ვის ავუხსნა, რომ აქედან შორს მინდა. იქ, სადაც ზამთარში გზები იკეტება, იქ, სადაც ვერ იჭერს მობილური, იქ, სადაც არ გადის ინტერნეტი, იქ,სადაც სანთლის შუქზე უნდა ვივახშმო.

ვის გავუმხილო ჩემი ოცნება, რომ უბედნიერესი ვიქნები მხოლოდ მაშინ, შვილებს რძის შემდეგ რომ წყალნარევი არყით დავარწყულებ, ქმარს კაფიებით ვესაუბრები, ცხენით ვიჯირითებ, ზამთარში შეშას დავჩეხავ, როცა ჩემი ჯერი იქნება და როცა დიდთოვლობის გამო შვილებს სკოლაში არ გავუშვებ, შუაცეცხლის პირას ვეფხისტყაოსანს ვასწავლი. ხევსურულ კილოზე ვისაუბრებ და არასოდეს მომენატრება კოკა-კოლა და ნიკორას ჩამოსასხმელი ნაყინი. იქ, სადაც წვერს ატარებს ის და ჩვენი შვილები ფეხშიშველი ირბენენ აგვისტოში. იქ, სადაც ვერასდროს ვაკადრებ ქმარს, მის წინაშე შარვლით გავიარო. იქ, სადაც ჩემი შვილების ერთადერთი ნარკოტიკი ჟიპიტაური იქნება და მათ ვენებს ვერ დაემუქრება შპრიცი.

ვისწავლი წინდების ქსოვას და შვილებს ნანას ხევსურულ მელოდიებზე დავუმღერებ. ვასწავლი ჩემს ბიჭებს არასოდეს გატეხონ სიტყვა და ხევსურეთი არასოდეს დატოვონ.

გაუკვირდებათ ალბათ ხევსურებსაც, რატომ ამოვიდა აქ საცხოვრებლად, რატომ არ ჩადის ბარში ზამთარში მაინცო. არ მომენატრება ქალაქი. მთის გულისთვის დავთმობ მეგობრებს, ოჯახს...

გაუკვირდებათ ალბათ ზაფხულში ჩემს სახლთან მოხვედრილ ტურისტებს, ბერძნულად და ინგლისურად რომ დავუწყებ საუბარს.

ალბათ ვერავინ გამიგებს, რატომ ვიბრძოლებ სიკვდილამდე იმისთვის, რომ ცივილიზაციამ ვერ მოაღწიოს ხევსურეთამდე. ხელუხლებელს ჩავიხუტებ გულში ქართულ მთას და ბედნიერი ვიქნები, რომ ჩემს შვილებს არ ეცოდინებათ, რომელი ჯინსია უკეთესი, რომელია მობილურის ბოლო მოდელი, რომ ვერასოდეს ვუყურებთ საღამოს საინფორმაციო გამოშვების პოლიტიკურ მიმოხილვას. რომ ვერსდროს მომიტანს ჩემი ქმარი ისი-პარისში ნაყიდ სუნამოს და ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთულ თაიგულს.

და სიკვდილის წინ ყურში ვეტყვი ჩემს მოძღვარს, რომ ბედნიერი ვარ და რომ ამაზე დიდი სიკეთე არასდროს შემეძლო ჩამედინა, რომ თურმე ეს ყოფილა ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100