სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოზეფ ბლატერისთვის რუსეთი დათვია

ფიფა-ს პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის უკვე შეხვდა სპორტის მინისტრსა და ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს. ბლატერი ბოლო დროს მოსკოვს ხშირად სტუმრობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადება, ეს გასაკვირი არ არის.

საორგანიზაციო კომიტეტს პირადად სპორტის მინისტრი, ვიტალი მუტკო კურირებს. ბლატერი მისი მთავარი მრჩეველი, მეკავშირე და კრიტიკოსია. პირველ რიგში ის განიხილეს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა დამყარდეს ფიფასა და ორგკომიტეტს შორის.ბლატერმა რუსებისთვის რჩევების მიცემაში იმდენად „შეტოპა“, რომ მათ ჩემპიონატის ემბლემის საკუთარი ვერსიაც შესთავაზა.

„სამუშაოები უკვე დღეიდანვე უნდა დაიწყოს. ფეხბურთი დიდი სპორტია და იგი ხალხს აკავშირებს. უნდა გაიაზროთ, რა სარგებლობას მოგვიტანს მუნდიალი და რას მოუტანს ის თქვენს ქვეყანას.“, - არცთუ მთლად კმაყოფილი ჩანდა ბლატერი. მშენებლობის ნელი ტემპის გამო მან აღშფოთება გამოთქვა და ამ ფაქტს უარყოფითი ფაქტორი უწოდა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბლატერი საოცრად და უჩვეულოდ გულახდილი იყო და მათ ბევრ რამეზე ესაუბრა, ბოლოს კი რუსეთს ემბლემის საკუთარი ვარიანტი შესთავაზა: „ჩემთვის რუსეთი დათვთანაა ასოცირებული, ამიტომაც, ემბლემის ჩემეული ვერსია დათვია. ეს ცხოველი ჭკვიანი და მიზანმიმართულია. ამასთან, როგორც ვნახე, უამრავი ბავშვი რუსეთში დათუნიებით თამაშობს. ამას ისიც დავამატოთ, რომ მეც ოდნავ ვგავარ დათვს...“, - თქვა ბლატერმა.

რუსულ განაცხადში თავდაპირველად 13 ქალაქი იყო შეტანილი: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ბოლგოგრადი, კრასნოდარი, სოჭი, კალინინგრადი, ისროსლავლი, ნიჟნი ნოვგოროდი, სარანსკი, ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და როსტოვი. საბოლოო გადაწყვეტილება ქალაქებთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის - შესაძლოა, ერთმა მათგანმა სარეზერვო ქალაქის სტატუსი მიიღოს.

„ორგკომიტეტის მიერ მთლიანი კონცეფცია განხილულია, ბლატერი რეგიონებშიც გვყავდა. ის 12 ქალაქის რეკომენდაციას გვაძლევს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ორგკომიტეტმა უნდა მიიღოს“, - ამბობს სპორტის მინისტრი, მუტკო, ხოლო ბლატერი ამატებს: „ბრაზილიაში 17 რეგიონი და ქალაქი იყო, რომლებიც მზად იყვნენ, ჩემპიონატისთვის ემასპინძლათ. იქ მოგვიწია მათი რიცხვის თორმეტამდე შემცირება“.

ბლატერმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების დროს უკვე არსებობდეს სისტემა, რომელიც გაარკვევს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალური მატჩის შემდეგ, როცა მსაჯმა გერმანელთა კარში გასული გოლი არ ჩათვალა, ის სერიოზულად დაფიქრდა მსგავსი სისტემის შემოღებაზე. მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვა და გადაწყვეტილების ამის მიხედვით გამოტანა მოსალოდნელი არ არის - ბლატერი ამ მხრივ კონსერვატორად რჩება.

ბლატერის ვიზიტები, რასაკვირველია, სათავისოდ გამოიყენეს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა: გადაწყდა, რომ რუსეთს წელიწადნახევარში ორჯერ მიეცემა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის საშუალება. ბლატერს ვალში არც რუსები დარჩებიან და ფიფას პრეზიდენტის არჩევნების დროს მხარს მის კანდიდატურას დაუჭერენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100