სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

A-100 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

ჩინური წარმოების ზლპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა A-100 პირველად 2002 წელს გამოჩნდა. მრავალი ასპექტის მიხედვით საარტილერიო სისტემა ანალოგიური დანიშნულების რუსული სისტემის 9K58 Smerch-ის მსგავსია და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსულის ასლად. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მისი მწარმოებლეის დაჟინებული მტკიცებით, A-100 რადიკალურად განსხვავდება რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისაგან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთმა რამდენმე ერთეული „სმერჩის“ ტიპის საარტილერიო სისტემისაგან შემდგარი პარტია რუსეთისაგან შეიძინა და არმიას 1997 წელს გადაეცა. აქედან გამომდინარე კოპირების მოყვარულ ჩინელებს საერთოდ არ გაუჭირდებოდათ „სმერჩების“ ასლების დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო არმიას რამდენიმე A-100 გამოსაცდელად გადაეცა, შეიარაღებაში მაინც PHL03 იქნა ამიღებული, რომელიც ასევე რუსული „სმერჩის“ კლონს წარმოადგენს. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მტკიცებით, უახლესი ჩინური წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა A-100 ექსპორტზე ტანზანიაში გავიდა.

შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების მთავარი დანიშნულება მოწინააღმდეგის ზურგში, მნიშვნელოვან და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე იერიშის მიტანა და მათი განადგურებაა. მაგალითად ისეთების, როგორიცაა მოწინააღმდეგის საარტილერიო ან სარაკეტო ბატარეები, აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები, სამეთაურო ცენტრები, სარადარო სადურები, ამუნიცია-საწვავის მარაგები, ჯარისკაცთა და სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მანქანათა თავშეყრა-კონცენტრაციის ადგილები და სხვა.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა A-100 აღჭურვილია 300 მილიმეტრი კალიბრის 10 მიმმართველით (რუსული წარმოების ორიგინალ „სმერჩს“ 12 ერთეული 300 მილიმეტრიანი მიმმართველი აქვს). ჩინელი მწაროებლები ამტკიცებენ, რომ A-100 არ არის შეთავსებადი რუსული წარმოების 300 მილიმეტრიან „სმერჩის“ რაკეტებთან. ისინი ასევე ამბობენ, რომ რაკეტის ძრავაც და არც სხვა კომპონენტებიც აბსოლუტურად განსხვავდება რუსული რაკეტების ძრავისა და კომპონენტებისაგან.

A-100-ის სტანდარტული რაკეტა 7.3 მეტრის სიგრძისაა და 840 კილოგრამს იწონის, საიდანაც საბრძოლო ქობინზე 200 კილოგრამი მოდის. რაკეტაზე მრავალი სახის საბრძოლო ქობინის დაყენებაა შესაძლებელი, მათ შორის მსხვრევად-ფუგასურის, თერმობარულის, კასეტურისა და სხვა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის სროლის მაქსიმალური მანძილი 120 კილომატრია, მაშინ როდესაც რუსული სისტემის - „სმერჩის“ - ანალოგიური მახასიათებელი მხოლოდ 90 კილომეტრს შეადგენს და ისიც მოდიფიციებულ ვერსაზე. A-100-ის მოქმედების მინიმალური მანძილი დაახლოებით 40 კილომეტრია. უკეთესი სიზუსტისათვის რაკეტებში ჩამონტაჟებულია მანძილისა და მიმართულების მაკორექტირებელი სისტემა.

საარტილერიო სისტემას სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასაყვანად 8 წუთი ესაჭიროება. ხოლო საპირისპირო მოქმედების შესრულება და საცეცხლე პოზიციის დატოვება 2 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამშვებ დანადგარზე GPS სისტემაა დამონტაჟებული. საარტილერიო სისტემიდან შესაძლებელია, როგორც თითო-თითო რაკეტის ისე სრული ზალპის გაშვება. საარტილერიო სისტემა ბაზირებულია Wanshan WS-2400-ის ტიპის 8 x 8 კონფიგურაციის მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანის შასიზე.

A-100-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისაგან შემდგარი ბატარეა გამშვები მანქანისაგან, დამტენი მანქანისა და სამეთაურო მანქანისაგან შედგება. დამტენი მანქანა ამწეთი არის აღჭურვილი და ის რაკეტების ერთ სრულ კომპლექტს ატარებს. გამშვები მანქანის თავიდან დასატენად 20 წუთია საჭირო.

Army.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100