ქართველ ჩვიდმეტწლამდელებს აეროპორტში ემოციური დახვედრა მოუწყვეს
ემოციებითა და ოვაციით დახვდნენ წუხელ თბილისის აეროპორტში ჩარტერულ რეისს, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ფეხბურთელთა 17 წლამდე ნაკრები სლოვენიიდან ჩამოიყვანა.
ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად აეროპორტში რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ შეკრებილი. ნაკრების წევრთა გამოჩენას ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა, ემოციებისგან არც აეროპორტის თანამშრომლებს შეუკავებიათ თავი.
გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ქართველები არა იმდენად ჰოლანდიის ნაკრებთან, რამდენადაც მსაჯთან დამარცხდნენ. მსაჯის უსამართლობაზე ნაკრების მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემაც ისაუბრა, თუმცა, დაამატა, რომ საქართველოს ნაკრებმა პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა. მაისურაძემ სლოვენიელებს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარი