სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისგან იური მეჩითოვის გადაყენებას ითხოვს

საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართავს და კულტურის მინისტრის მოადგილის იური მეჩითოვის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ამასთან ჯგუფის წევრები მეჩითოვისგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ:

"ბატონო პრემიერ-მინისტრო,

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოცხადებული ნდობის მოპოვებას და ხელისუფლების მართვის ლეგიტიმური უფლებამოსილების მიღებას. გიცხადებთ ნდობასა და პატივისცემას, გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის ყველა დანაპირები და წინასაარჩევნო პოლიტიკური პიარ-პროპაგანდა გამომდინარეობს თქვენი რეალური ხედვებიდან და შესაძლებლობებიდან, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი დემოკრატიული წეს-წყობილების მქონე ქვეყანა.

ეს ჩვენთვის, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე ერისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არამატერიალური სიკეთეა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ერებთან ერთად ჩვენც ვიმსახურებთ და ვისწრაფვით ამ პრინციპებისაკენ.

წინამდებარე დოკუმენტზე ხელის მომწერი ყოველი მოქალაქე უნდობლობას უცხადებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ბ-ნი იური მეჩითოვის დანიშვნას. თანამედროვე ინტერნეტ მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ბ-ნი იური მეჩითოვის საუბრის ვიდეოჩანაწერი, სადაც იგი გურულებს, მეგრელებსა და აჭარლებს დანარჩენი ქართველებისაგან დამოუკიდებლად განიხილავს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის მრავალსაუკონოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა, ამ კულტურულ მონაპოვარს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. აღსანიშნავია ის, რომ პირველი ქართველი მეფიდან, ფარნავაზიდან მოყოლებული, ქართველური ტომები: მეგრელები, სვანები და ქართლელები ერთად ცხოვრობდნენ, ამ ხნის მანძილზე არც ერთ მათგანს არ ჰქონია მცდელობა საერთო ქართველურ ოჯახს გამოყოფოდა, ქართული იყო მათი ერთიანობისა და ერთსულოვნების სიმბოლო, სწორედ ამ ერთიანობის მონაპოვარია ის საუნჯე, რაზეც დიდი ილია ამბობს: ,,სამი რამ დაგვრჩა ჩვენ მამა პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება".

ის კუთხური თავისებურებები, რაც დამახასიათებელია გურულებისათვის, აჭარლებისათვის თუ მეგრელთათვის, რაც საერთო ჯამში ქმნის ქართულ ხასიათს, ბატონი იური მეჩითოვის დაცინვის ობიექტს წარმოადგენს. ისტორიული ფონის არცოდნასთან ერთად ბატონ იური მეჩითოვს როგორც ჩანს, წარმოდგენაც კი არა აქვს ენათა ნათესაობის შესახებ, კერძოდ, იგი მეგრულ ენას ცალკე ენად განიხილავს მაშინ, როდესაც მეგრული და ქართული მონათესავე ენებს წარმოადგენენ.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენ ამ წერილს გულგრილად არ დატოვებთ და სათანადო წესით განიხილავთ მას.

დემოკრატია ეს ხომ ხალხის სუვერენული უფლებამოსილებაა ხელისუფლების და ქვეყნის მართვისა, შესაბამისად ჩვენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვინც შევძელით დროის ამ მონაკვეთში გამოგვეხატა შეშფოთება და უარყოფითი დამოკიდებულება და ეს თხოვნის სახით გადმოგვეცა წერილობით, ვაწერთ ხელს იმ იმედით, რომ ჩვენი მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენს სამოქალაქო და მშვიდობიან აქციას, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი სახით მიმართვას წარმოადგენს და დროულად მოახდენს ჩვენთვის, ერისათვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი საჯარო მოხელის დაკავებული სტრატეგიული თანამდებობიდან გადაყენებას.

ზემოაღნიშნული თხოვნის გარდა, გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ იური მეჩითოვმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში გურულების, მეგრელების, აჭარლების და სრულიად საქართველოს წინაშე"- ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში, რომელსაც 50 ადამიანი აწერს ხელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100