სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გვაძლევს ხელს პუტინის გამარჯვება?!

4 მარტს არჩევნების დღეა რუსეთში – „დერჟავა“ ირჩევს თავის პრეზიდენტს. რა დიდი გამოცნობა უნდა, თავის მოდრეკას ჩვეული ხალხი მორჩილად მისცემს პუტინს ხმას. აქვს კი ჩვენთვის ამას მნიშვნელობა? აქვს! ჩვენც პუტინს უნდა დავუჭიროთ მხარი!

გაჩნდება კითხვა: რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით – ვინც არ უნდა დადგეს რუსეთის სათავეში, ქვეყნის პოლიტიკა უკეთესობისაკენ არ შეიცვლება! სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დიდ საცდურში შეიძლება ჩავარდეს მსოფლიო: აბა, წარმოიდგინეთ, მოვიდეს ჟირინოვსკი, ობამამ ჩახედოს თვალებში, როგორც ბუშმა პუტინს და თქვას – ო, რა მართალი თვალები აქვს, მე მჯერა ამ თვალების – ეს კარგი კაცი უნდა იყოსო; ან მოვიდეს ზიუგანოვი და სარკოზიმ, ფრანგული რევოლუციების ხათრით, „მარსელიეზა“ იმღეროს მასთან ერთად; მოვიდეს პროხოროვი და მერკელი მხარზე ჩამოეკონწიალოს ნავთობდოლარების იმედით! ახალი პრეზიდენტის მოსვლითა და რუსეთის გადემოკრატება–გალიბერალების მოლოდინით მთელმა მსოფლიომ შეიძლება კიდევ ერთხელ მოიტყუოს თავი, როგორც არაერთხელ მომხდარა – საშინელებაა მოლოდინი – მეოცნებედ რომ უყურებ გამხმარ ნერგს, კვირტებს როდის გამოისხამს!

სხვა საქმეა პუტინი!

მთელმა კაცობრიობამ იცის მისი ჩადენილი ყოველი ცოდვა და უკვე აღარც ხელის ჩამორთმევა ეადვილებათ მისთვის და ოლიმპიურ თამაშებზეც კი ეჩოთირებათ მისი წვევა. უპირველესად იმის გამო, რომ გრძნობენ – სხვას რა ხეირს დააყრის, როდესაც „დერჟავული“ მსოფლიო ბატონობის და მიზანთროპული მიზნების მისაღწევად საკუთარ ხალხს წირავს – არავისთვის აღარ არის საიდუმლო : 1999 წლის სექტემბერში როგორ აფეთქებდა საცხოვრებელ სახლებს რუსეთის ქალაქებში, რომ ჩეჩნებისთვის დაებრალებინა და მერე საომრად დასხმოდა თავს – დაიწყო 1999 წლის 31 აგვისტოს მოსკოვის სავაჭრო ცენტრში –1 კაცის სიკვდილით; 4 სექტემბერს, დაღესტნის ქალაქ ბუინაკსკში აფეთქებას ამსხვერპლა 64 კაცი; 9 სექტემბერს, ბუინაკსკიდან ხუთი დღის შემდეგ აფეთქების ტალღა გადაიტანა მოსკოვში – რვასართულიანი სახლი ჩამოინგრა გურიანოვის ქუჩაზე, 94 მცხოვრები დაიღუპა. 13 სექტემბერს კაშირსკის გზატკეცილზე დილის 5 საათზე ააფეთქეს სახლი, 121 კაცინ დაიღუპა; 3 დღის შემდეგ ვოლგოდონსკში 17 კაცი აფეთქდა საბარგო მანქანაში ჩადებული ბომბით.

ყველა აფეთქებათა შედეგად, არასრული მონაცემებით – 294 კაცი დაიღუპა, ასეულობით დაიჭრა და დასახიჩრდა.

აფეთქებების წარმომავლობა ვერბალურად გახმიანდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში – „დუმის“ სპიკერმა გენადი სელეზნიოვმა 1999 წლის 13 სექტემბრის დილით თქვა: „მე ეს წუთია მივიღე ინფორმაცია – წუხელ საცხოვრებელი სახლი აფეთქდა ვოლგოდონსკში“; სინამდვილეში მაშინ სახლი აფეთქდა კაშირსკის გზატკეცილზე მოსკოვში და მხოლოდ 3 დღის შემდეგ – ვოლგოდონსკში!

პრაქტიკულად კი აფეთქებების რეალური ჩამდენნი გამოვლინდნენ რიაზანში ჩავარდნილი ოპერაციით – 22 სექტემბერს რიაზანში გადარჩა სახლი აფეთქებას იმ უბრალო მიზეზით, რომ ხალხმა შემთხვევით აღმოაჩინა ორი „ფსბ“–ის თანამშრომელი, რომლებიც სახლის სარდაფში სამ 50–კილოიან ჰექსოგენიან ტომარას ტაიმერით აერთებდნენ დეტონატორზე.

პუტინის ბრძანებებით შესრულებული ეს ქმედებები უკვე მსოფლიო პოლიტიკის ისტორის საკუთრებაა – ეს იცის მთელმა მსოფლიომ; ისევე, როგორც იციან, როგორ დაიღუპა ლიტვინენკო – რომელიც ამტკიცებდა, რომ სახლებს აფეთქებდნენ სპეცსამსახურები. ცნობილია თუ რა მოჰყვა ამას – ლიტვინენკო სასიკვდილოდ მოწამლეს! სხვებიც – ვინც იძიებდა ამ მოვლენებს – ჟურნალისტები ან მოკლეს, ან მოკვდნენ საეჭვო ვითარებაში.

პუტინზე ჰკიდია გახმაურებული ტრაგიკული მოვლენები ორ–ორი წლის შუალედით: 2000 წლის აგვისტოში წყალქვეშა ნავ „კურსკის“ ჩაძირვა, 2002 წლის ოქტომბერში – „ნორდ–ოსტი“, 2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანის სკოლა! 2006 წლის ოქტომბერში მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ფსბ–ს ბოროტმოქმედებებს ხდიდა ფარდას; თვით პუტინის მეტეხელ დედასთან – ვერა პუტინასთან – შვილის იდენტიფიკაციის ფაქტების მკვლევარები – იტალიელი ანტონიო რუსო, ჩეჩენი ვახა იბრაგიმოვი და რუსი არტემ ბოროვიკი ლიკვიდირებულ იქნენ!

დღეს უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რასაც სენატორი მაკკეინი ამბობდა თავიდანვე: მხოლოდ მაკკეინმა გამოთქვა ვარაუდი 2003 წელს, რომ აფეთქებები რუსული ФСБ–ს ხელწერაა; მხოლოდ მაკკეინი ითხოვდა 2007 წელს, რომ მეტად არ მიეწვიათ პუტინი „რვიანის“ შეხვედრებზე; მხოლოდ მაკკეინი ხედავდა, ბუშისაგან განსხვავებით, რომ პუტინის თვალებში ნდობა კი არა, სამი ასო იკითხება – „კგბ“!

ამ სამ ასოს დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და აღარ ეშლებათ – თუ პუტინს აირჩევს რუსეთი, იმ სამ ასოსთან ერთად პუტინის თვალებში თვით „რუსეთსაც“ ამოიკითხავენ. აი, ამიტომ გვაწყობს პუტინის გაპრეზიდენტება – მისი ხელმესამე აღზევების შემდეგ არავის ექნება რუსეთის გალიბერალების იმედი; აღარ დაუწყებენ მოწინავე ქვეყნები ამ თიხისფეხებიან გოლიათს „დემოკრატიობანას“ თამაშს – მთელ მსოფლიოს გადაჭრით ეცოდინება – რაც პრეზიდენტია, ის არის მისი ქვეყანაც!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100