სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამწყები ნარკომანის დღიური: ერთი ნაბიჯი თვითმკვლელობამდე თუ...

ტაძრიდან გამოსულმა თავი სხვანაირად ვიგრძენი, მივდიოდი ვიწრო ქუჩაზე, დილის სიო უბერავდა, გამვლელების სიმრავლეც არ იყო, თითქოს რეალობამ მთელი ჩემი არსება მოიცვა, საკუთარი სიმარტოვე მთელი სიცხადით შეგივგრძენი.

ადრე ეკლესიიდან ამაღლებული შეგრძნებებითა და იმედებით დატვირთული გამოვდიოდი ხოლმე, ახლა კი რა დამემართა ვერ ვხვდებოდი. იქნებ ღმერთმა ისურვა ეს ემოციები ჩემში. მივაბიჯებდი ვიწრო ქუჩაზე და ისე მძაფრად ვგრძნობდი ჩემს მარტოობას, ვგრძნობდი და ყრუდ მტკიოდა ეს გრძნობა.

ტაძარში მისვლა დედაჩემმა მთხოვა იმ დილით, რაღაც საეკლესიო დღესასწაული ყოფილა იმ დღეს და „გეხვეწები, ჩემს მაგივრად მიდი და სანთლები აანთე მამაშენისა და ბაბუაშენის სულის მოსახსენიებლადო“ - მითხრა, მერე ცრემლებიც მოაყოლა ამ სიტყვებს. ცრემლების მიზეზი ერთი შეხედვით მარტივი იყო, გარდაცვლილი ქმარი და მამა გაახსენდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ რაღაც სხვა ატირებდა. ისიც მომეჩვენა, რომ მე ვიყავი მისი ცრემლების მიზეზი და ვერ გამიმხილა. არ ვიცი, რატომ უნდა ეტირა იმ დილით დედაჩემს ჩემს გამო, მაგრამ დედის გული ყველაფერს გრძნობსო ხომ ამბობენ, ალბათ იმასაც გრძნობს რაც შვილის ტვინსა და გულს ჯერ არ აღუქვამს და არ გაუცნობიერებია. ბოლომდე ვერ ვწვდები იმ დილის მოვლენების აზრს, იქნებ ღმერთმა ინება, რომ იმ დილით დედაჩემს ტაძარში გავეშვი და ხატების წინ ჩაფიქრებული ჩემი ცხოვრების სიღრმეებს ჩავწვდომოდი.

ეკლესიაში, რომ შევაბიჯე ის მოწიწება არ იყო ჩემში რაც ტაძარში შესულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ხუთიოდე ნაბიჯი გადავდგი და მამაო დავინახე, მოხუცი, თეთრწვერა, საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა, არაამქვეყნიური და ახლა მის სახეს, რომ ვიხსენებ ვხვდები ბედნიერია ყველა მოხუცი ვინც მთელი ცხოვრება ერთ მიზანს ემსახურა.

მამაოს დანახვამ შემაცბუნა, რამდენიმე წამით გავქვადი, ნახევრად გადადგმული ნაბიჯი და ჯიბისკენ წაღებული ხელი გამიქვავდა, მამაომაც შეამჩნია ჩემი გაშეშება მის დანახვაზე, ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა. „ალბათ ძალიან ცოდვილი ვეგონებითქო“-გავიფიქრე და სანთლის საყიდლად მივედი.

მოხუცებულობაშეპარული კეთილი ქალბატონი აღმოჩნდა სანთლების გამყიდველი, სამი ლარი გავუწოდე და ხუთი სანთელი მინდათქო ვუთხარი. ორლარიანი უკან დამიბრუნა ამდენი არ არის საჭიროვო. ისევ უხერხულად ვიგრძენი თავი, იმ წუთას ტაძარში ისე ვგრძნობდი თავს როგორც თოვლში ამოსული ყვავილი და მეგონა ჩემი ყოველი მოძრაობა, ქმედება, ჩემი დუმილიც კი საერთო სურათს აფუჭებდა და რაღაცას ვაშავებდი. თუმცა სანთლების გამყიდველმა ქალმა ისე დამლოცა, რომ თავი მსუბუქად ვიგრძენი და თამამად ავანთე სანთლები, ვემთხვიე და ბუტტბუტისმაგრავი ჩურჩულით გავესაუბრე ხატებს და ტაძრიდან გამოვედი. ქუჩაში ფეხისგამოდგმისთანავე კი ნელ-ნელა ფეხი მოიკიდეს ჩემში ამ ყრუდმტკივნეულმა გრძნობებმა, რეალობით ამევსო გონება და სამყარო ისე დავიწროვდა, თითქოს ვეღარ ვეტეოდი, თავისუფლად ვსუნთქავდი, მაგრამ ჰაერი მაინც ცოტა იყო.

არადა ტაძარში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ორი სანთელი ავანთე მიცვალებულთა მოსახსენიებელ კუთხეში, იმ ბაბუის სახელზე, რომელსაც არც კი ვიცნობდი და მამაჩემის სახელზე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც კი ვერ ვპატიობ იმ შეცდომებს რაც ცხოვრებაში დაუშვა. „ღმერთო ნათელში ამყოფე მამაჩემის სული და გთხოვ მაპატიე, მე არ მაქვს უფლება განვიკითხო მისი შეცდომები“ - ეს მოსაზრება იმ წუთას, თითქოს ჩემდაუნებურად გაჩნდა ჩემს გონებაში, თორემ აქამდე არ მიფიქრია, იმაზე, რომ არასოდეს მქონდა მამაჩემის გაკრიტიკების უფლება, არც მის სიცოცხლეში და მითუმეტეს არც მისი გარდაცვალების შემდეგ.

ორი სანთელი ღვთისმშობლის ხატთან ავანთე, დედაჩემისა და ბებიაჩემის ჯანმრთელობა და ბედნიერება შევთხოვე. თუმცა ეს ორნი ისე ემგვანებიან ნელ-ნელა ერთმანეთს, ზოგჯერ მგონია ორი ბებია მყავს სახლში. სახლში მისულს ერთნაირად მხვდება ორივე, წყნარი, მშვიდი, სერიალების ყურებით გართული, ჩემი ორი უსაყვარლესი ქალბატონი. ზოგჯერ მოწყენილობას ვამჩნევ ხოლმე მათ სახეებს, განსაკუთებით კი მას შემდეგ რაც ჩემი უმცროსი და გათხოვდა. არადა თითქოს პირიქით უნდა იყოს, აღარავინ ანერვიულებთ თავისი მოკლე კაბებით, ნახევრადმოშიშვლებული მუცლით, დეკოლტეებით, სახლში გვიან მოსვლითა და რაც მთავარია არასასურველი სასიძოებით, მაგრამ ფაქტია ჩემი დის გათხოვების შემდეგ ჩემს სახლში მოწყენილობაა.

მეხუთე სანთელი იმ ხატთან ავანთე, რომლის წინაც წლების წინ არაერთხელ ვმდგარვარ და მხურვალედ მითხოვია მისთვის ის ყველაფერი რაც ახლა მაქვს... ავანთე სანთელი და მადლობა გადავუხადე ხატზე გამოსახულ წმინდანს, რომლის სახელიც ახლა არც კი მახსოვს. რამდენჯერმე ჩავიბუტბუტე მადლობათქო, თხოვნით კი არაფერი მითხოვია, განა იმიტომ, რომ მომერიდა, არა უბრალოდ ვერ მოვიფიქრე ისეთი სურვილი, რომელიც იმ წმინდანის შეწუხებად ღირდა, რომელიც ჩემი თხოვნებით წარსულში არაერთხელ შემიწუხებია.

მერე კი ეკლესიიდან გამოსული მივაბიჯებდი ვიწრო ქუჩაზე და ვგრძნობდი ძალიან მარტო ვიყავი, ვგრძობდი ირგვლივ იმდენი ადამიანი, ათასობით ხელი მებღაუჭება მკლავებზე, მაგრამ ყველა უცხოა და მე მარტო ვარ. თვითმკვლელობაზე ფიქრიც მოვასწარი სანამ იმ ქუჩას ჩავამთავრებდი, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგინე რამხელა ამბავს გამოიწვევდა ეს ფაქტი, უბრალოდ დამეზარა. თანაც არ ზის ჩემში სუიციდი, არ ვარ არც კურტ კობეინი და არც შტეფან ცვაიგი.

ტაძრიდან მომავალი ვიწრო ქუჩა როგორც იქნა დასრულა, მანქანაში ჩავჯექი და როგორც კი დავქოქე მხიარული მუსიკა ჩავრთე, განწყობის შეცვლა მინდოდა, მაგრამ პირველივე სიმღერაზე მაგნიტოფონს რაღაც დაემართა, აქამდე გამართულად მუშაობდა, ახლა კი ხმა ჩაუწყდა, შუქნიშანზე გაჩერებულმა ამაოდ ვცადე მისი ხელახლა ჩართვა, მერე ხელი ჩავიქნიე და საკუთარი თავის მუსიკით გამხიარულება არ გამოვიდა.

სამსახურში დღემ თითქმის ჩვეულებრივად ჩაიარა, საქმეებს ჩვეულებრივზე ადრე მოვრჩი და ადრე წამოვედი სახლში, სადაც სტუმრები მელოდნენ. ჩემი და და მისი ქმარი იყვნენ ჩვენთან სახლში. დიალოგის და სიძესთან რევერანსების თავი არ მქონდა, ამიტომ სავარძელში ჩავეშვი და უსიტყვოდ ვისმენდი მათ დიალოგებს. ჩემი სიძე რაღაცით თითქოს ჩემნაირი ბიჭია, ჩემნაირი კი არა ისეთი, მეც, რომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ჩემს დას კი რომ ვუყურებ, ჩემი და რომ არ იყოს აგრესიას გამოიწვევდა ჩემში, რადგან ქმარი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პატრონი ყავდეს, ვიღაცამ მიხედოს, გაანებივროს, არჩინოს, მოკლედ ცხოვრება დაუფინანსოს რა. ხოდა, რომ ვუყურებ ჩემს დას და სიძეს ვხვდები რატომაც არ მომყავს ცოლი, არ მინდა ვიღაცის მარჩენალის ვაკანსია შევავსო.

დედა და ბებია ჩემს დას დასტრიალებდნენ თავზე, ჩემი სიძე ხბოსავით იჯდა მაგიდასთან და თითქოს მორიდებით, მაგრამ მაინც გაუჩერებლად მიირთმევდა დედაჩემის გამომცხვარ „პეჩენიას“. მომბეზრდა მათი ყურება, საქმეები მოვიმიზეზე და სახლიდან გამოვედი.

ეზოში, რომ ჩავედი, ხის ჩრდილში სველი ასფალტი და ტალახი შევნიშნე და გამახსენდა, რომ წინა ღამეს თავსხმა წვიმა იყო. ისიც გამახსენდა, რომ წვიმის დაწყებასთან ერთად ამხელა კაცმა შიში ვიგრძენი. საშიში არაფერი იყო, უბრალოდ... წვიმამ წარსული გამახსენა, წლების წინ ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგონა არსებობდა, უზომოდ ვიყავი შეყვარებული და მოგეხსენებათ წვიმა ბევრი შეყვარებული ადამიანის მეგობარია, მეც მიყვარდა წვიმა, უფრო სწორად ჩვენ გვიყვარდა წვიმა. სწორედ თავსხმა წვიმა იყო იმ დღესაც, როცა ქალური ქარაგმებით პირველად მიმანიშნა, რომ მასაც ვუყვარდი და მას შემდეგ წვიმა ჩვენ ორის სტიქია იყო. განშორების შემდეგაც პირველ წლებში, ყოველთვის როცა წვიმდა ხან ერთი ხან მეორე თავს ვერ ვიკავებდით და ერთმანეთს ვურეკავდით. არცერთი არ აღიარებდა, რომ ნომრის აკრეფა წვიმამ აიძულა, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ წვიმა ერთმანეთს გვახსენედბდა. წუხელ კი, წუხელ წვიმამ, როგორც კი დასცხო ჯერ შიში ვიგრძენი, ვერ გავარკვიე რისი შიში... იმის, რომ ის გოგონა ახლა ქალია და ეს ქალი მე საერთოდაც არ მიყვარს, თუ იმის, რომ შეიძლებოდა ამ ქალს დაერეკა. უცნაური დავიწყება ვიცი ადამიანების, თუ ვივიწყებ, მართლა ვივიწყებ, არასოდეს მახსენდება და თუ გამახსენდა მერე მეშინია, რომ აღარ დამავიწყდება. არ ვიცი, რატომ შემაშინა იმ ერთადერთი ქალის გახსენებამ, რომელიც მიყვარდა, იქნებ იმიტომ, რომ მას შემდეგ აღარავინ მყვარებია და შესაბამისად მთელი ეს წლებია თავისუფალი ვარ და ჩემი თავისუფლება მიყვარს.

მართალია მას შემდეგ რომანები ბევრი მქონდა, ხანმოკლეც და ხანრძლივიც. თუმცა შეიძლება არც ჰქვია ხანგრძლივი იმ რომანებს, რომლებმაც ერთ წელზე ნაკლებ დროს გასტანა, ალბათ არა... ხოდა გამოდის მხოლოდ ხანმოკლე რომანები მქონია, ხანმოკლე და უსიყვარულო. ბევრი ქალი მიმიტოვებია, ოღონდ განა იმიტომ, რომ გარეწარი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სიყვარულს თამაშობდნენ, არცერთს არ ვუყვარდი, „კარგი ვარიანტი“ - აი ვინ მეგონა თავი, ყოველთვის, როცა ჩემი წარსული ქალები სიყვარულს მეფიცებოდნენ.

თუმცა არა, იყო გამონაკლისიც, მას მართლა შევუყვარდი, მაგრამ... აი მაშინ მართლა გარეწარივით მოვიქეცი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო, არ მიყვარდა, არც მომწონდა, უბრალოდ გაცნობისთანავე გამაბრაზა იმით, რომ სხვა ქალებივით არ დამიწყო თვალების თამაში, თითქოს არ მოიხიბლა ჩემით, ვიცი დამინახა, მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არც ვარსებობდი, ხოდა გავბრაზდი, გავბრაზდი და ნელ-ნელა, დავიწყე მისთვის თავბრუს დახვევა. თავიდან გაოცებული იყო, არ სჯეროდა, რომ ყურადღება მივაქციე, მაგრამ ისე გადავეკიდე დაიჯერა, რომ მიყვარდა, იყო წუთები, როცა მეგონა, რომ მეც მიყვარდა, მაგრამ მერე შევუყვარდი და სხვებს დაემგვანა. სიყვარულს არ თამაშობდა, მაგრამ ერთ დღესაც მის გრძნობით სავსე თვალებს შევხედე და ისევ მომეჩვენა, რომ „კარგი ვარიანტი“ ვიყავი. მისი დანახვაც კი აღარ მინდოდა და დავშორდი, რის შემდეგაც მან მსგავს სიტუაციაში ქალისთვის ყველაზე უფრო დიდი შეცდომა დაუშვა, დაუჯერებელი სიხშირით მირეკავდა, ხან ტიროდა, ხანაც მეჩხუბებოდა, მე კი მისი ცრემლებიც, სიბრაზეც და საერთოდ მასთან დაკავშირებული ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. მისი ზარები, ისტერიკები და სიყვარული კი ტვირთი იყო ჩემთვის, თვირთი კი უკან დაბრუნების სურვილს ვერ გამიჩენდა.

ხის ჩრდილში ატალახებულ მიწას გვერდი ავუარე და ჩემს მანქანს მივუახლოვდი, ნელი სიჩქარით გამოვიყვანე ეზოდან და უბანს ავუყევი, ზუსტად არ ვიცი მაშინ წინასწარ ვიცოდი ვის ვეძებდი თუ შემთხვევით შევხვდი, მაგრამ ქუჩის ბოლოს, ძველი შენობის ჭიშკართან ის დამხვდა, ზაზა. უბნის და მგონი ზოგადად თბილისის ცნობილი ნარკომანი და შიგადაშიგ ბარიგა. 2010-ში დააპატიმრეს, არ მახსოვს რამდენი წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ წელს ამნისტია შეეხო და გამოვიდა, ცოტა ხნის წინ ყური მოვკარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჭკვიანად იქცევაო, მაგრამ პროფესიული ალღო რაღაც სხვას მკარნახობდა, ადვოკატის პორტფელის ხელში აღებამდე სამართალდამცავ ორგანოებში რამდენიმე წელი მაქვს გატარებული და მისნაირებს ჩემდაუნებურად ვშიფრავ.

-ზაზა- დავუძახე. გამომხედა და ყოველგვარი გაოცების გარეშე, ისე თითქოს ყოველდღიური ურთიერთობა გვქონოდა, მეგობრულად ამიწია ხელი, მერე სხვა „ბირჟავიკებს“ ამაყად გადახედა და ჩემი მანქანისკენ წამოვიდა. მივხვდი ამ ჟესტით ანიშნა ნახეთ რა ხალხი მიცნობსო.

- გაუმარჯოოს

-დაჯექი, გავიაროთ! - მანქანაში ჩამიჯდა, ღვედი არ გაიკეთა, მაგრამ არაფერი მითქვამს, რამდენიმე მეტრი გავიარე და ისეთ ადგილას გავჩერდი სადაც ხალხი საერთოდ არ მოძრაობდა - ძველი კანფეტების გაჩითვა ისევ შეგიძლია?

- რას ამბობ, მე ჩისტი ვარ

- გამოძიების ჩასატარებლად არ მოვსულვარ, პირადად ჩემთვის მინდა

- რეალურს ბაზრობ?

- კი

- და რომელი გინდა? - წლების განმავლობაში ზაზასაც ჩამოუყალიბდა ალბათ პროფესიული ალღო და თავის პოტენციურ კლიენტებს ისევე მარტივად ცნობს, როგორც მე კრიმინალებს

- მე რავიცი, რომელი გადარეული ნარკომანი მნახე. შენ რომელი გაქვს?

- მისმინე ჩემი ძმა, შენ თანამდებობის კაცი ხარ, უბრალო არ შეგეფერება, ხოდა თუ ფული გაქვს...

- რომელი თანამდებობის, მორჩი შესავალს და მოკლედ მითხარი რას მთავაზობ?

- ამ მანქანის პატრონს შენ ფული არ უნდა გიჭირდეს, ხოდა თუ გიღირს კაი რამე მაქვს. ვაფშე ახალი ვეშია, სისხლში არ რჩება, ორგანიზმიდან მალე გამოდის, მაგარი კაიფიც აქვს, პროსტა ეგაა რო ძვირია და თან ოდნავ ზედმეტიც, რომ მოგივიდეს ეგრევე ტრუპი ხარ. რისკია რა

- ზედმეტი თუ არ მომივა?

- მაშინ არაფერი ჩემი ძმა, რამდენიმე საათში გამოდის ორგანიზმიდან და რამე

- ვიღებ

- თან არ მაქვს, ხვალ მექნება

- დღესვე

- ეგრე უფრო ძვირია ჩემი ძმა

- არაუშავს.

იმ ღამეს მართლა პირველად გავსინჯე ნარკოტიკი, როგორ მოგატყუოთ და მართლა მაგარია, სულ სხვა სამყაროში გადადიხარ, რეალობა არ ქრება, მაგრამ აღარც არსებობს. პრინციპში ახლა, რომ ვუკვირდები არც შენ არსებობ იმ დროს.

აი კაიფიდან გამოსვლის დაწყებისთანავე კი კოშმარი იწყება, ნელ-ნელა უბრუნდები სამყაროს და რაც უფრო მეტად ფხიზლები მით უფრო მეტად არ მოგწონს რეალობა. მერე იწყება იქ, იმ არარსებულ სივრცეში დაბრუნების სურვილი, მერე ეს სურვილი მძაფრდება და გადადის ლომკაში. მერე იღებ ახალ დოზას და ყველაფერი თავიდან იწყება.

ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო წამალზე შევჯექი, როგორც ყველა ნარკომანი მეც მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მეგონა ვერავინ ვერაფერს ამჩენვდა, ნარკოტიკების მომხმარებელი კი გავხდი, მაგრამ ძველი ცხოვრების სტილი არ შემიცვლია თუნდაც, იმიტომ რომ ეჭვები არავის გასჩენოდა. ძველებირად ვცხოვრობდი თუნდაც იმიტომ, რომ სხვებს არაფერი შეემჩნიათ, დავდიოდი სამსახურში, რესტორნებში, ქალებში, გარედან ყველაფერს ძველებური სახე ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა ის რის შესახებაც პირველივე დღეს გამაფრთხილეს, ზედმეტი მომივიდა, როგორც ჩანს ოდნავ ზედმეტი, იმიტომ, რომ გადავრჩი, თუ ამას გადარჩენა ქვია.

მახსოვს რესტორანში ვიყავი, ახალი რომანის გაბმის პირველი ეტაპი მქონდა, ჩემი ბოლო რჩეული ჩემზე თითქმის 10 წლით უმცროსი, ნუშისთვალება და გრძელფეხება გოგონა მიყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე იქ ვიყავი მეორე განზომილებაში, მაინც ვამჩნევდი, რომ ის საქორწინო კაბასა და ჩემი საკრედიტო ბარათით მაღაზიებში სირბილზე ოცნებობდა. მე კი არ ვიმჩნევდი, რომ რომელიმე კურორტზე ერთკვირიანი ცხელი არდადეგები ეს იყო მაქსიმუმი რაც ამ გოგონას ჩემგან შეიძლებოდა მიეღო.

ნუშისთვალება მიყურებდა და მიღიმოდა, მერე მახსოვს მის გარშემო ყველაფერი დაიბურა, მერე მისი ვარდისფერი კაბაც დაიბურა, მერე მისი სახეც გაეხვა ბურუსში და მერე მახსოვს ჩემი ძმაკაცის სახე, რომლის უკანაც საავადმყოფოს თეთრი კედელი გავარჩიე.

ალკოჰოლური სასმლით მოწამვლა დამისვეს დიაგნოზად, ანუ ზაზა მართალი იყო, მისი წამალი ექიმებმაც ვერ შენიშნეს. საავადმყოფოდან ჩემმა ძმაკაცმა წამომიყვანა, რამდენიმე დღე სახლში ვიწექი და ძირითადად მეძინა, სამსახურში გასვლისთანავე კი დერეფანში ფეხის შედგმა ძლივს მოვასწარი, რომ ჩვენი ფირმის დირექტორმა კაბინეტში დამიბარა.

-როგორ ხარ? - მკითხა ხანმოკლე დუმილის შემდეგ

-გმადლობთ კარგად

-არაფრის თქმა არ გინდა?

-არა

-ეხლა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკს არ ვაპირებ, პირდაპირ გეტყვი ერთ რამეს

-გისმენთ

-იმას რასაც შენ აკეთებ მარტო გამოსირებულები აკეთებენ

-რას გულისხმობთ? - ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ ბოლო პერიოდში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო რომელიღაც საქმე არასწორად გავაკეთე და ამას გულისხმობდა, თუმცა უკვე ვიცოდი, რომ მან ყველაფერი იცოდა.

-როგორ ფიქრობ ექიმის დასკვნა ვინ გააყალბა? დოსიე არ გავაფუჭებინე, იმიტომ რომ პროფესიონალი ხარ და სულ მეგონა, რომ კაციც იყავი

-რაღაც გეშლებათ

-მე უკვე ყველაფერი კარგად ვიცი და არ გინდა კუკუ-დამალობანას თამაში, შენი გაუბედურება, რომ მდომოდა ეხლა სასამართლოში გექნებოდა საქმე. პირიქით დახმარება მინდა, გესმის?

-მივხედავ მაგ პრობლემას - ეს ფრაზა ინსტიქტურად ვუთხარი, რადგან ამ დღემდე ჩვენი საუბრების დიდ ნაწილს ასე ვამთავრდებდი ხოლმე, თუმცა აქამდე ჩვენი საუბრების უმეტესობა სამსახურის საქმეებს ეხებოდა, ახლა კი..

-ეგ ზღაპარი ბებიაშენ თამარას მოუყევი

-თამარა არ ქვია ბებიაჩემს - ეს მხოლოდ გავიფიქრე, არ მითქვამს

-რატომ? რატომ გააკეთე ეგ? გექეიფა, გეგულავა ქართულკაცურად, ვინ გიშლიდა, ქალი დაილია თუ ღვინო?

-მომბეზრდა-ესეც ჩემდაუნებურად, მაგრამ გულწრფელად ვუთხარი

- რა მოგბეზრდა ბიჭო? კარგი ცხოვრება მოგბეზრდა? იცი ხალხი რა დღეშია? წელებზე ფეხებს იდგამს ზოგი და მაინც ლუკმა პური არა აქვთ, ბანკის ვალები ახრჩობს ნახევარ საქართველოს, ზოგს სახლი არა აქვს, ზოგს შვილი უკვდება და იმათმა რა ქნან?

-... - ვერაფერი ვუპასუხე, მართალი იყო და ალბათ მაგიტომ

- ტყავი უნდა გამეძრო აქ შენთვის, უფრო უნდა დამეტვირთე, დამეძაბე, პრობლემები შემექმნა, კაპიკებზე უნდა მერბენინებინე, ყოველდღე სამსახურის დაკარგვის შიში უნდა გქონოდა და მერე აღარ მოგბეზრდებოდა კარგი ცხოვრება

- არაა მთლად მასე - ჩავილაპარაკე, მაგრამ მგონი ვერ გაიგო

- ცოლი გინდა შენ, შვილები გინდა. მაგაზე უნდა გეფიქრა, მაგრამ არ გქონია მაგდენი ტვინი. სახლში, რომ მიხვალ და რო შეხედავ შვილს მაგაზე დიდი კაიფი მოაქვს იმ შხამს დავიჯერო? რომ უყურებ და შენი თვალები, რომ აქვს, შენსავით, რომ იცინის, რომ უყურებ და იცი შენი სისხლი და ხორცია მაგაზე უკეთესი არაფერი არსებობს ცხოვრებაში და ეგ გაკლდა შენ, დაბერდი უცოლოდ და მაგის ბრალია

-რა ცოლი დავიდოვიჩ - ბოლო სიტყვებმა გამაღიზიანასავით, ან უბრალოდ დავიღალე მისი მოსმენით და ხმა ოდნავ ავიმაღლე

-არ გინდა ცოლი? კაი შენი საქმეა, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ნარკოტიკი. იცი რამდენი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო? წადი კეთილი საქმე გააკეთე და იცი რა კარგად იგრძნობ თავს, ვიღაცის კარგადყოფნის მიზეზი, რომ იქნები? რაც შენ წამალში ფული გადაყარე ეგ, რომ ვინმე გაჭირვებულისთვის მიგეცა და მერე მის თვალებში ჩაგეხედა, მარტო ეგ გეყოფოდა იმისათვის, რომ ერთი კი არა სამი ცხოვრება გეკაიფა.

-რა ვქნა დავიდოვიჩ, შემეშალა

-წარსულს ვერ დააბრუნებ, მაგრამ მომავლის შეცვლა შეიძლება

-შევცვლი

-შენით ვერ შეცვლი, მაგ მძრნერიდან ვიღაცამ უნდა ამოგათრიოს

-ვინ?

-მე ამოგათრევ, ან ამოგათრევ და ან სწრაფად ჩაგახრჩობ შიგ, რომ ნელი სიკვდილისგან გიხსნა

-...

-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, ჩათვალე, რომ ეს ჩემი კაიფია, კეთილ საქმეს გავაკეთებ, თავს ბედნიერად ვიგრძნობ და ბედნიერება კიდევ ყველაზე მაგარი კაიფია

-... - ისევ აღარაფერი ვუპასუხე, მთელი ამ დიალოგის განმავლობაში, მისი ყოველი სიტყვა, მისი ხმა, მზერა, გამომეტყველება, წვეთ-წვეთად ეცემოდა ჩემს სინდისს და ნელ-ნელა აღვიძებდა, აღვიძებდა და მგონი გააღვიძა კიდეც

-სანამ შენ ლოგინში კოტრიალობდი მე უკვე დავგეგმე ყველაფერი, კლინიკა მოგიძებნე, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამკურნალო დაწესებულებაა ნარკომანებისთვის, წაბრძანდები და იმკურნალებ. ევროპაშია, თვითმფრინავის ბილეთები კომპანიამ შეიძინა უკვე. მკურნალობის ხარჯებსაც კომპანია დაფარავს

-არ მინდა, მაქვს ფული

-ძალიან ძვირიანი კლინიკაა, ერთი თვე უნდა დარჩე იქ და მთელი შენი დანაზოგი დასჭირდება მაგ ამბავს, არ მინდა იქიდან დაბრუნებული უფულობის გამო ჩავარდე დეპრესიაში და ეხლა მაგის გამო დაიწყო ისევ მაიმუნობა

-მონასტერში წავალ

-ჯერ კლინიკაში წახვალ და მერე გინდა მონასტერში წადი და გინდა სინაგოგაში, ოღონდ ჯერ იმკურნალებ. გასაგებია? - ისეთი ტონით მითხრა არას ვერ გავბედავდი, არადა თითქოს მინდოდა, თითქოს მჯეროდა, რომ იმ კლინიკის გარეშეც ვაჯობებდი თავს. მე მჯეროდა, მაგრამ დავიდოვიჩს არა.

ახლა თვითმფრინავში ვარ და ევროპაში მივფრინავ, იქ სადაც წესიტ უნდა მიშველონ. გამგზავრებამდე კლინიკიდან რაღაც მეილი გამომიგზავნეს, სტატიები, ფოტოები და ვიდეობი, რომელთა საშუალებითაც ნარკომანიისა და ნარკომანების უარყოფითი მხარეები ყველაზე მძიმე კუთხით დავინახე. ეს მკურნალობის პირველი ეტაპია, კლინიკაში მისვლამდე ფსიქოლოგიურ განწყობას მიქმნიან, რომ ნარკოტიკი ცუდია და ნარკომანიისგან გათავისუფლების სურვილს მიჩენენ, რათა სამკურნალოდ მისულს განკურნება მსურდეს.

იმ მეილით მიღებულმა მასალამ მართლაც დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე, საოცრად მინდა განვიკურნო, მაგრამ ბოლომდე არ მჯერა, რომ ამას შევძლებ. თუ დამეხმარნენ ის ექიმები, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები, მერე სიცოცხლით ვიკაიფებ, რადგან სიცოცხლე ყველაზე დიდი კაიფია და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ზედმეტმა დოზამ სიკვდილის თვალებში ჩამახედა. თუ განვიკურნები, საქართველოში დაბრუნებისთანავე ნარკომანების სამკურნალო დაწესებულებას გავხსნი, მთელ ჩემს დანაზოგს ჩავდებ ამ საქმეში, დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც არ დავზოგავ თავს. მე თუ გადავრჩი, მერე სხვების გადარჩენა ჩემი ვალი იქნება, სხვების თუ არა სხვის გადარჩენა, ერთი ადამიანიც, რომ გადავარჩინო ესეც არაა ცოტა. ისევე როგორც დავიდოვიჩი ცდილობს ახლა ჩემს გადარჩენას, იქნებ ოდესღაც დავიდოვიჩიც გადაარჩინა ვიღაცამ რაღაცისგან და ახლა მის ვალს იხდის...

და თუ ვერ მიშველეს იმ ექიმებმა? თუ ისევ მივადექი ზაზას? არა ზაზას ცხოვრებაში აღარ დაველაპარაკები, თუ ვერ განვიკურნები მაშინ ზუსტად ვიცი რასაც ვიზამ, თავს მოვიკლავ, ავდგები და თავს მოვიკლავ, მუდმივად იმის შიშით ცხოვრებას, რომ შეიძლება სიკვდილი მოგადგეს, სჯობს თავად მოიყვანო სიკვდილი და დაასრულო მისი შიშიც და შენი სიცოცხლეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100