ნინო ბურჯანაძე კიევში გაემგზავრა
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე უკრაინის დედაქალაქ კიევში 6 ივნისს 7:50 საათზე, გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი პრეს-კონფერენცია და რამდენიმე შეხვედრა. ბურჯანაძე თბილისში სამშაბათს 7 ივნისს 24:00 საათზე დაბრუნდება, - იტყობინება „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური.
ნინო ბურჯანაძე აცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ თუ რაიმე კითხვები აქვთ მის მიმართ, აქ არის და არსად გაქცევას არ აპირებს, მაგრამ შესაძლებელია მას მოუწიოს ქვეყნიდან გასვლა ევროპაში ერთი ან დღენახევრიანი ვიზიტით.
„დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძეს აქვს შემოთავაზებები პრესკონფერენციებთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ის, ამ შემოთავაზების გამოყენებას აპირებს, ვინაიდან მსოფლიომ უნდა მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია 26 მაისამდე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ ნეობოლშევიკურ ტერორთან დაკავშირებით, რომელიც მძვინვარებს საქართველოში.
„ხელისუფლება ისედაც ვალდებულია ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის უსაფრთხოების დაცვაზე, ისედაც ხარჯავენ სახელმწიფო ფულს და ჩუმად მაყოლებენ ვიზიტების დროს უშიშროების თანამშომლებს, ასე რომ შეუძლიათ, ახლა მაინც დაიცვან კანონი და ღიად გამომაყოლონ ეს ადამიანები, ვიზიტის დროს თავს ბევრად დაცულად ვიგრძნობ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე
კომენტარი