სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მომღერლები VS პირველი არხი. დაპირისპირება თუ უკმაყოფილება?

ევროვიზიის ქართველ მონაწილეებს ბოლო წლებში პირველი არხი საოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე ირჩევს. როგორც droni.ge - სთვის გახდა ცნობილი ეს ფაქტი აქტიური განხილვის თემაა ქართულ მუსიკალურ წრეებში. პირად საუბრებში მომღერლები და პროდიუსერები უკმაყოფილებას აქტიურად გამოხატავენ და უკვირთ, რომ ამ საკითხით მედია არ ინტერესდება. ჭორის დონეზე მიღებული ინფორმაციის გადამოწმება droni.ge -მ რამდენიმე ქართველ მომღერალთან და პროდიუსერთან სცადა.

კახაბერ ცისკარიძე: (მუსიკოსი, პროდიუსერი): სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთპიროვნულად წყდება. იცით რა არის, საზოგადოებრივი არხი ფინანსდება ხალხის ჯიბეებიდან, ჩვენი ფულით კეთდება ეს კონკურსი და ამ დროს არავინ გვეკითხება მოგვწონს თუ არა კონკურსანტი, ეს ნორმალურია? გარდა ამისა ისედაც ბევრი ვერაფერი ხდება შოუბინზესის გმოსაცოცხლებლად საქართველოში, ეს შიდაშესარჩევი ტური და ჯანსაღი კონკურენცია მუსიკოსებს რაიმე ახალის შექმნის სურვილს გაუჩენს. მაოცებს, ისიც რომ პირველი არხიდან არავინ არ აკეთებს განმარტებას იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა, არც იმას გეუბნებიან რატომ დაგიწუნეს. მე მინდოდა „კახაბერისა და ხანუმების“ გასვლა ევროვიზიაზე, მაგრამ პასუხიც კი ვერ მივიღე ორგნიზატორებისგან. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ამბიციაც კი არ მექნებოდა ამ კონკურსში მონაწილეობის, რომ არა ჩვენი პროექტის წარმატება, არაერთი მოწვევა გვაქვს საზღვარგარეთიდან, ძალიან მოსწონთ ეს ჯგუფი და ამ ყველაფრის გამო გამიჩნდა სურვილი. რაც შეეხება მარიკო ებრალიძისა და შინის სიმღერას, არ მომეწონა.

რატი დურგლიშვილი: დუეტ ჯორჯიას გვსურდა მონაწილეობა. უფრო სწორად მე მინდოდა, მაკას დიდად არა, მაგრამ სხვა აარჩიეს. შიდაშეარჩევი კონკურსის აუცილებლობას რაც შეეხება, იცით ჩემთვის მისაღები რაც არის ეგ სავარაუდოდ ნაკლებად აინტერესებთ კონკურსის პროდუსერებს, მაგრამ ვთვლი, რაც ხდება კონკურსში არ უნდა ხდებოდეს ეგრე.

ნინი ბადურაშვილი: ალბათ ჯობია კონკურსით ხდებოდეს შერჩევა. ზუსტად არ ვიცი, ალბათ კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია პირველ არხში კონკურსანტები, მაგრამ მაინც მგონია, რომ უმჯობესია მოხდეს ისე როგორც ადრე ხდებოდა, გაიმართოს კონცერტი და ამ გზით შეარჩიონ კონკურსანტები. მე მიღებული მაქვს მონაწილეობა ორჯერ ევროვიზიის შედაშესარჩევ ტურში, ერთხელ ვერ გავედი და ერთხელ გავედი. როგორც მსმენელს კი შემიძლია გითხრათ, რომ ევროვიზიის ზოგიერთი ქართველი კონკუსანტი მომწონდა და ზოგი ნამდვილად არ მომწონდა, თუმცა ევროვიზია ისეთი არაპროგნოზირებადი კონკურსია შეიძლება ჩვენ მოგვწონდეს სიმღერა და იქ ვერანაირი ეფექტი ვერ მოახდინოს. იქ რაღაც სხვა გათვლა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოკიდება, უფრო გამოცდილი ადამიანების ჩართვაა საჭირო. ისე კი ზოგადად, რომ ვთქვა ევროვიზიის კონკურსი მე არ მიყვარს.

კახი მამულაშვილი (მამულიჩა, პროდიუსერი): საშინლად არ მომწონს, რომ შიდაშესარჩევი ტურის გარეშე ხდება ქართველი კონკურსანტის შერჩევა, იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანმა არ უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა წავიდეს და ვინ არა. უმჯობესია ისე როგორც ადრე იყო, მოსახლეობამ და ხალხმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი. ასევე ძალიან არ მომწონს ის, რომ ევროვიზიაში მონაწილეობის მსურველებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მოხვდნენ იქ. ფაქტიურად ისე ხდება, რომ ვიღაცას ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ევროვიზიაზე უშვებენ. მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს ვინც აქამდე წავიდა, მაგრამ ჯობია, რომ რაღაც კონკურსი და არჩევანის საშუალება იყოს, რომ შევხედოთ და გადავწყვიტოთ, რომელი მოგვწონს და რომელი არ მოგვწონს.

ზაზა შენგელია (ბრავო რეკორდის პრეზიდენტი): ზოგადად რათქმაუნდა ჯობია, რომ კონკურსის წესით ჩატარდეს, რადგანაც ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობდა ისედაც მკვდარი ქართული შოუ-ბიზნესის გამოცოცხლებას, რადგან ამას მთელი რიგი მუსიკოსები ელოდებიან, როგორც საშუალებას, რომ წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე. აქედან გამომდინარე ეს ძალიან დიდი მოვლანაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ამიტომ რათქმაუნდა ეს ხელს შეუწყობდა მუსიკალური ინდუსტრიის გამოღვიძებას, სამზადისის დროს კრეატივი უფრო ვითარდება, მუსიკოსები და პროდუსერები ცდილობენ გასაქანი მისცენ საკუთარ ფანტაზიას, იდეების ჭიდილი მუსიკოსებისთვისაც და აუდიტორიისთვისაც უფრო მომგებიანია. მუსიკოსს ეძლევა შანსი გაიგოს ხალხის რეაქცია, დატესტოს საკონკურსო სიმღერა. თუმცა მე პირადად ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ევროვიზიის კონკურსს, აბსოლუტურად უპერსპექტივო კონკურსია, რადგან აბბას გარდა არ არსებობდა პრეცენდენტი, იმისა, რომ ევროვიზიის შემდეგ მუსიკოსმა გაიკეთა სერიოზული კარიერა.

სრული სურათის მიღების მიზნით droni.ge ევროვიზია საქართველოს პროდიუსერს ნათია უზნაძესა და შიდაშესარჩევი ტურის გარეშე ევროვიზიაზე გასულ ქართველ მომღერლებს ანრი ჯოხაძესა და სოფო გელოვანსაც გაესაუბრა.

ანრი ჯოხაძე: მე მომწონს ის, რომ ასე არჩევენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არასოდეს არა აქვს მოკვდავი მომღერლებისთვის კარგი ბიუჯეტი, ჯობია, შესარჩევ ტურზე თანხები დაიზოგოს და მოხმარდეს უკვე წარდგენილი მომღერლის პიარკამპანიასა და ფროდაქშენს.

სოფო გელოვანი: პირველ არხს ამის კანონიერი უფლება აქვს. მე ძალიან კარგად მესმის იმ მომღერლების, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ აქვთ პროტესტი ამის მიმართ, მაგრამ მესმის პირველი არხისაც, რომელსაც გააჩნია უფლება და იყენებს საკუთარ უფლებას. თუმცა ახლა როგორც გავიგე ევროვიზიაზე გასვლის ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა საქართველოში, ამიტომ რათქმაუნდა კარგი იქნება მომავალ წელს ჩაატარონ კონკურსი და ყველა მსურველს მიეცეს შანსი.

ნათია უზნაძე: (ევროვიზია საქართველოს პროდიუსერი): საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სრული უფლება, რომ ან ჩაატაროს შიდაშესარჩევი კონკურსი ან არ ჩაატაროს, რადგან მას ენიჭება ექსკლუზიური უფლება ეს გადაწყვეტილება თავად მიიღოს. წელს საპროდიუსერო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არ ჩატარებულიყო შიდაშესარჩევი კონკურსი, რადგან ამის სრული უფლება აქვს. ეს წესდებაში წერია.

- ნათია ეს ყველაფერი საზოგადოებამ იცის და არც არავინ არ ამბობს, რომ უფლება არ გავთ, უბრალოდ მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნება შიდაშესარჩევი ტურის ჩატარება

- როდესაც ვატარებდით შიდა შესარჩევ ტურს მაშინაც არ მოსწონდათ, არ ვატარებთ და ესეც არ მოწონთ, ამიტომ მომავალ წელს შევეცდებით რაიმე ახალი მოვიფიქროთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100