სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნელი ტანგოა ეს ქვეყანა, გურამ! ხომ არ იცეკვებო - ათასჯერ მკითხეს...“

დღეს გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან 51 წელი გავიდა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ მწერლის გარდაცვალების ისტორიას და თანმდევ ამბებს, რომლებსაც წიგნში „სიკვდილამდე დარჩენილი ერთი ნაბიჯი“ - ბორის ინასარიძე იხსენებს.

"23 აგვისტოს გვიანამდე არ დამეძინა. ვაკეში, ჩვენი ძველი სახლის შუშაბანდში ვიწექი. ყველა შინ იყო - დედაც, მამაც, ჯონდოც, გობრონიც. ღამის ორი საათი იქნებოდა, კარზე რომ დააკაკუნეს. წამოვხტი, ედიშერ რჩეულიშვილი იდგა გაფითრებული, საოცრად მოტეხილი, ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა: "გურამი დაიხრჩო".
ახლაც მაღელვებს და მაკანკალებს იმ წუთების შეგრძნება... სწრაფად ჩავიცვი. დამწუხრებულები დავეშვით კამოს ქუჩისკენ, ბორიას სანახავად. ბორია მიტკალივით გაფითრდა, ცრემლები მოადგა და ხმა ჩაუვარდა.

სწრაფად უნდა წავსულიყავით გაგრაში. რა არ ვცადეთ. გურამის ერთ ამხანაგს მანქანა ჰყავდა. მან რაღაც მოიმიზეზა და უარი გვითხრა. შუაღამით მოთარეშე მანქანებიც გავაჩერეთ, რას აღარ შევპირდით მძღოლებს, მაგრამ ყველა უარს ამბობდა. ისევ აეროპორტისაკენ წავედით. ედი დარჩა, რომ ძია მიშას და მახლობლებს გამოჰყოლოდა. დილის 6 საათზე პატარა, 22-ადგილიანი თვითმფრინავით გავფრინდით ადლერში.

ღრუბლიანი დილა იყო. თვითმფრინავი გვანჯღრევდა. ადლერს მივუახლოვდით და თვითმფრინავმა ზღვაზე დაიწყო დაშვება, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. თვითმფრინავმა უცებ დაკარგა სიმაღლე და ისე დაქანდა ზღვისაკენ, რომ სული ყელში მოგვებჯინა.

ახლოს დავინახე ატალახებული, მღვრიე ზღვა. ამ დროს ვარდნა შეჩერდა, თვითმფრინავი ჯერ მარცხნივ გადაქანდა, მერე მარჯვნივ შეჯანჯღარდა. მეც და სხვებიც, ვინც განაპირას ვისხედით, იატაკზე აღმოვჩნდით. მერე თვითმფრინავმა ისევ აიღო სიმაღლე, 10-15 წუთიც იფრინა და დაეშვა ადლერის აეროპორტში.

ნახევარი საათის შემდეგ გაგრაში ვიყავით. წარმოუდგენელი ღელვა და თავსხმა იყო. ჩელუსკინელების სანატორიუმში მივედით, სადაც გურამის ბიძაშვილი ლალი რჩეულიშვილი ექიმად მუშაობდა. დაწვრილებით გავიგეთ, რა უბედურება დატრიალდა. წინადღეს, ოთხის ნახევრიდან ოთხ საათამდე ორი რუსისა და ერთი ქართველის გადარჩენის დროს გურამი აზვირთებულ ზღვაში დაიღუპა. არნახული ღელვა 8-9 ბალს აღწევდა, ზღვის მიერ გატაცებული გურამის პოვნა ვერ მოხერხდა.

დავრჩით მარტოდმარტო ბორია და მე უსასრულო დელგმაში, დამწუხრებულები, სულიერად განადგურებულები.
დიდხანს ვიდექით იმ ადგილას, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ეს იქვე იყო ჩელუსკინელების სახელობის სანატორიუმთან, შვეულმფრენის დასაშვები მოედნის წინ, პლაჟისკენ ჩამავალ კიბესთან. გაიგეს, რომ უკვე ჩავედით, მოდიოდნენ, დეტალურად აგვიწერდნენ, როგორ მოხდა ეს უბედურება, იზიარებდნენ ჩვენს მწუხარებას.

გადაუღებელი წვიმის, არნახული ღელვის, სიცივისა და შიმშილის მიუხედავად, წინ და უკან ფეხით გავიარეთ გრძელი მანძილი დაღუპვის ადგილიდან ჟოეკვარას იქითა ყურემდე. გურამს უკვე გამძვინვარებულ ზღვაში ვეძებდით. თან შორეული იმედიც დაგვყვებოდა: გურამი როგორ დაიხრჩობოდა, როცა ბრწყინვალედ ცურავდა, იქნებ სადმეა წასული, იქნებ გამოჩნდეს, იქნებ შეეშალათ და სულ სხვა იყო...

ღამით ლალიმ დასაძინებლად სანატორიუმის ერთ დიდ ოთახში მოგვაწყო.
არ დაგვეძინა, ჯერ ვლაპარაკობდით, მერე ავდექით, პლედები მოვიხურეთ და შუაღამემდე ვერანდაზე ვიდექით. სანახაობა იყო საშიში, უსაშინლესი, მაგრამ მაინც მიმზიდველი. ზღვის ნაწილს აქ სანატორიუმის სინათლე და პროჟექტორი აშუქებდა. უზარმაზარი ტალღები გრიალით მოისწრაფოდნენ ნაპირისკენ, სანაპირო კედელს ენარცხებოდნენ და შიშინით გადმოდიოდნენ გზაზე...

გამთენიისას თითქმის უძინარები ავდექით და წავედით გაგრის სადგურში ჩამომსვლელების დასახვედრად. კიბეზე ჩამოვიდა ჩაფერფლილი და მოტეხილი ძია მიშა, გურამის მამა, ბიძები, ნათესავები, მეგობრები.

ოთხი დღე ვეძებეთ გურამი, დავდიოდით დარდიანები, წვერმოშვებულები, მშივრები, უპატრონოებს ვგავდით. 27 აგვისტოს ზღვაში ვიყავით გასულები კატარღით. ზღვა ჯერ კიდევ ღელავდა. ჩვენს პატარა კატარღას მართლა ბურთივით ათამაშებდა. ამ დროს დაბრუნების ნიშანი მოგვცეს - გურამი ეპოვათ.

პირველსავე მანქანაში შევვარდით ბორია, შალიკო რჩეულიშვილი და მე. ავედით ფერდობის ზემოთ მდებარე საავადმყოფოში... გურამი სარდაფის პატარა ოთახში იწვა წელს ზემოთ შიშველი, ქამრით მაგრად შემოჭერილი რუხი შარვალი და ბათინკები ზღვას ვერ გაეხადა, ვაჟკაცური მარჯვენა მკლავი კი მოეტეხა და ისე დაემორჩილებინა...

მეორე დილით ბიჭები საბარგო მანქანით წამოვედით. აქეთ-იქით გადმოსაწევ სკამებზე ვისხედით. ჩვენ შორის ყინულებსა და ფორმალინის ხსნარში იწვა ჩვენი უპირველესი მეგობარი, ჩვენი წინამძღოლი, ქართული მწერლობის მშვენება და ლეგენდად ქცეული პიროვნება...“

შარშანდელ გაზეთ „კვირის პალიტრაში“(23.08.2010. – „ლეგენდარული გურამი“) კი საქართველოს გურამ რჩეულიშვილის საზოგადოების პრეზიდენტი, ნუგზარ წერეთელი წერს:

...გურამის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ჩემს წიგნებში ყველგან არის აღნიშნული, რომ გაგრის მაღალ ჯებირთან ზღვისკენ ჩამავალი კიბის მეცამეტე საფეხურზე მდგარი გურამი აბობოქრებულმა ზღვამ გაიტაცა. საქმე კი სულ სხვაგვარად ყოფილა. გურამის ტრაგიკული აღსასრულიდან ოცდაათზე მეტი წლის შემდეგ სუფრაზე შევხვდი გაგრიდან ლტოლვილ ბიჭებს, მგონი, 1993 წელს. ესენი იყვნენ სიჭინავა, გოგოხია, გეგეჭკორი, ზუხბაია, სამწუხაროდ, სახელები აღარ მახსოვს. მათ მითხრეს, რომ ჩემი წიგნი, "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ", წაკითხული ჰქონდათ და გურამის დაღუპვის ვერსია არ მიაჩნდათ სწორად.

"იმ დროს ჩვენ სულ ახლო ვიდექით. გურამს ახლოს ვიცნობდით გაგრიდან, ის აბობოქრებულ ზღვაში შესასვლელად ემზადებოდა. ვთხოვდით, - არ გინდა, ძალიან საშიში ღელვაა, მაშველს დაუცადე და ერთად მაინც შედითო. მაშველმა ცოტა რომ დაიგვიანა, თქვა, - არა, ესენი ვერ გაუძლებენ, თუ არ მივეხმარე, დაიღუპებიანო. მუქი რუხი, ჯიბეებიანი ხალათი პლაჟზე მიაგდო და გაბედული და გამოცდილი მოცურავის მსგავსად უზარმაზარ ტალღებს ქვეშ შეუვარდა, გაჰყვა და ნაპირიდან საკმაოდ შორს ამოყვინთა. ღელვა იმ ადგილებში ნაკლები იყო, ვიდრე ნაპირთან.

გურამი მიცურდა ბიჭებთან და ხან ერთს ეხმარებოდა წყლის ზედაპირზე გაჩერებულიყო, ხან - მეორეს. ცოტა ხანში მაშველიც მოვიდა, ნაცნობი გაგრელი ბიჭი იყო, გვარად არშბა. დავინახეთ - ის პირველად გურამთან მიცურდა. გურამს ხმამაღლა დაეყვირა და ხელითაც ენიშნებინა, - იმათ მიხედე, მე არა მიშავსო. ორივე ეხმარებოდნენ არაქართველ ბიჭებს. ამასობაში საათზე მეტი ხნის წინ გამოძახებული შვეულმფრენიც მოვიდა. პილოტმა წრე დაარტყა და ჰაერში გაჩერდა.

მალე კარიც გაიღო და ძველი, გაშავებული თოკიც ჩამოუშვეს. გურამმა ყველა მიუშვა თოკთან, მაშველიც კი, რომელიც ერთ-ერთ ძალღონეგამოცლილ რუსს ასვლაში ეხმარებოდა, გურამიც ყველას ეშველებოდა, ძლიერი ქარისაგან მოქანავე კიბეს იჭერდა... როცა ყველა ავიდა, გურამიც მოეჭიდა კიბეს და ასვლა დაიწყო, მას უკვე არავინ ეხმარებოდა.

ერთი საფეხური აიარა, მეორე და როცა მესამე საფეხურზე დაიწყო ასვლა, ძველისძველი, დაძონძილი კიბე ჩაწყდა და გურამი აზვირთებულ ზღვაში ჩავარდა. ნაპირზე წივილ-კივილმა იმატა, შვეულმფრენს ამ დელგმაში მეტი გაჩერება აღარ შეეძლო, გაფრინდა, რომ კიბე როგორმე შეეცვალა და დაბრუნებულიყო, მაგრამ ბედისწერა უკვე ტალღებზე იდგა. გურამი იბრძოდა, ნაპირისაკენ მოდიოდა, მოისწრაფოდა, ვეებერთელა ტალღა კი უკან აბრუნებდა, მერე მეზღვაურის ზოლიანი მაისური ხელებზე გადაეკრა, კიდევ გაიბრძოლა, ერთხელ ახედა დაბლა დაწეულ ცას და ტალახისფერ ტალღებში გაუჩინარდა.

აქამდე, - დაამატეს გაგრელებმა, - თითქოს სასწაული მოხდა, გურამმა ძალების უკიდურესი დაძაბვით გამოარღვია ტალღები და ნაპირზე გამოვიდა ჯებირთან, ამოსასვლელი კიბე სულ ახლოს იყო, 8-10 მეტრის დაცილებით. ჩქარა, ჩქარა, - ყვიროდა ხალხი. "სეკუნდა", - დაუძახია გურამს, ანუ ერთი წამი დამაცადეთო.

ზოგი ყვიროდა, თოკი ჩავუგდოთო, ზოგი ურჩევდა, - ხელები ამოსწიეო. ხელები რომ აღემართა, დასწვდებოდნენ და როგორმე ამოსწევდნენ. მან კი ასეთი დახმარება არ იკადრა, თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა, თვალებში უყურებდა და არც უფრთხოდა. წამიერი შესვენების შემდეგ გურამი მოტრიალდა, კიბისკენ უნდა წამოსულიყო, ამ დროს კვლავ უზარმაზარი ტალღა დაენარცხა ჯებირს და გურამი ზღვაში გაიტაცა"...

გურამის შემოქმედების მოამაგე, გამოჩენილი ქართველი მწერალი გიორგი შატბერაშვილი პოემაში, "ზაფხულის ღამის ქრონიკები" გურამის უკანასკნელი წუთების შესახებ წერდა: "და იგი ისე დაიღუპა, არ თქვა "მიშველეთ". ასეთია ბედი ამაყთა".

და ბოლოს, მურმან ლებანიძის ერთი ლექსით დავასრულოთ, რომელიც მან ლეგენდარულ ქართველ მწერალს მიუძღვნა:

გურამ!
ახალციხესთან ტბა ყოფილა - მე რა ვიცოდი!
გურამ!
ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა, მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა, მე რა ვიცოდი!
და სანადიროდ, საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასდროს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!

„ნელი ტანგოა“ ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, – ათასჯერ მკითხეს!...
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
„გურამი დამხრჩვალაო“, –
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...

აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი,
გურამ! შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი –
შენს კისერს უგავს
კისერი – მშვილდი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100