მერაბიშვილი: პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გუშინ გათავისუფლებულ სომეხ პატიმარ ვაჰაგნ ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს უწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი, იყო ლიდერი 2003-2008 წლებში იმ მოძრაობისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გაძლიერებისა და ასევე საქართველოდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ.
ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი არის ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და რუსეთის დაზვერვის დაუფარავი და მთავარი ემისარი საქართველოში.
ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან, თუ ვინ არის ჩახალიანი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის.
"აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ახალმა მთავრობამ მიიღო. ყველა სხვა საკითხს – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლის გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
სომეხმა პატიმარმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო გუშინ დატოვა.
კომენტარი