სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.

საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 19 იანვარს გამოაქვეყნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.

"ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა. მათ შორის, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ჩხრეკა და ამოღება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო. ცხადია, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა. სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

SJC-ს ცნობით, გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს, მათი შეფასებები საქმის აღსრულების მდგომარეობაზე გაზაფხულის საკომიტეტო მოსმენაზე გახდება ცნობილი.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყებამ წერილობით გაუზიარათ "სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი განმარტება", რომ უწყება შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაივლის კონსულტაციას მინისტრთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაგეგმვა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეს პოზიცია საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას უფრო ჰგავს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში;
დროულად უზრუნველყოს რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, უპირველესად კი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100