სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოში არ შეიძლება ერთად არსებობდეს ოკუპაციის მუზეუმი და ოკუპანტების ძეგლები“

გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს. ძეგლს სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანენ, გორის ცენტრში კი, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება.
სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, ხელისუფლებამ გაახმაურა ინფორმაცია, თუმცა ძეგლის დემონტაჟი ექსპრომტად გადაწყდა. გორის ცენტრში შეკრებილი საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე სტალინის ძეგლის აღებას ტაშით შეხვდა, ნაწილი კი პროტესტს გამოთქვამდა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტალინის ძეგლის ადგილს გორის ცენტრში 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის დროს დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ჩაანაცვლებს. მემორიალის შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.
ჩვენ პოლიტიკოსებს და საზოგადოების ნაწილს ამ ფაქტის შეფასება ვთხოვეთ. ნაწილი „დიდი ბელადის“ ძეგლის აღებას ეთანხმება, ნაწილი კი ხელისუფლებას არასამართლიან გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას აზრით, სტალინის ძეგლი გორის ცენტრში არ უნფა ყოფილიყო. „თავისუფლად შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაკეთებულიყო ისე, რომ ჟურნალისტებსაც ჰქონოდათ ამ ფაქტის გადაღების შესაძლებლობა“, _ აცხადებს იგი.
გიორგი ასანიძე, პარლამენტის დეპუტატი: „გორში არსებობს სტალინის სახლ-მუზეუმი. კარგი იქნება, თუ ამ მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსდება საბჭოთა ბელადის ძეგლი და არ იდგება ცენტრალურ მოედანზე, რომელიც სიმბოლურად ასოცირდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის, ქართველებისა და იმპერიის კავშირთან. სტალინს გაცილებით კარგი შეიძლებოდა მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა. ამიტომ ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომ მისი ძეგლი იქნება მუზეუმში, იმ ადამიანებს კი, რომლებიც დღემდე თაყვანს სცემენ სტალინს და მის მიმართ ნოსტალგია აქვთ, ექნებათ საშუალება, სტალინის მუზეუმში ნახონ არა მარტო ეს ძეგლი, არამედ სხვა მისი ნივთებიც“.

„დრონი.ჯი“: თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს სურდა, რომ სტალინის ძეგლი დარჩენილიყო იმ ადგილას, სადაც ამ დრომდე იდგა. უნდა ყოფილიყო თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოების ამ ნაწილის პოზიცია გაზიარებული?

– ვფიქრობ, არ არის აქ პიროვნებისადმი ცუდი დამოკიდებულება, ან ბრძოლა სტალინის წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს არის სიმბოლური კუთხე, როდესაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, ხედვა და ის წარსული ვერანაირ კავშირს ვერ პოულობს ერთმანეთთან, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ძეგლი ასოცირდება წარსულთან, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა და კრიზისი მოუტანა საქართველოს. ლოგიკურია, რომ ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე იდგეს. ჩვენ ხომ ამ ძეგლს არ ვანგრევთ და არ ვანადგურებთ? ის იქნება, უბრალოდ, მუზეუმის ტერიტორიაზე.

საბჭოთა ბელადის ძეგლის გორის ცენტრიდან გადაადგილებას ყველაზე მეტად უფროსი თაობა არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ სტალინი საქართველოს ისტორიის ნაწილია და ამ ისტორიას უნდა გავუფრთხილდეთ. მწერალ რეზო მიშველაძის თქმით, სტალინის ძეგლებთან ბრძოლა მაინც ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ბელადის ისტორიიდან წასვლა ჰქვია.
რეზო მიშველაძე, მწერალი: „სტალინი ჩვენი მამების და პაპების ისტორიაა, სტალინის შეფასება ჯერ თანამედროვე ისტორიოგრაფიას ბოლომდე არ მოუხდენია, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ისტორიკოსების შეფასება, მას ისტორიიდან ვერავინ ამოშლის“.

დეპუტატი ნუგზარ წიკლაური კი დიდი ბელადის ძეგლისთვის ადგილის შეცვლას დაგვიანებულად მიიჩნევს. „საქართველოს ხელისუფლებას დააგვიანდა, ვინაიდან სტალინის ძეგლი ქართველებს 20 წლის წინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო გორში, მაშინ უნდა ჩამოეხსნათ“.

ამ თემის კომენტირებისთვის ჩვენ სხვადასხვა ხელოვანსა თუ პოლიტიკოსს დავუკავშირდით, თუმცა კომენტარი არ ისურვეს.
საუბრის სტილი დაცულია.

„დრონი.ჯი“: სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან მუზეუმში გადაიტანეს, ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი: არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ და არ მაინტერესებს.
„დრონი.ჯი“: „დრონიდან“ გირეკავთ, გამარჯობათ.
ქეთი დოლიძე, რეჟისორი: „დრონიდან“ მირეკავთ? დიახ გისმენთ...
– სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან მუზეუმში გადაიტანეს, ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?

– არავითარი კომენტარი არა მაქვს და არავითარ კომენტარს არ ვიძლევი. დიდ ბოდიშს გიხდით, არ მაინტერესებს ეს თემა.
პ.ს: ხელისუფლების არგუმენტი საკუთარ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში შემდეგნაირია: საქართველოში არ შეიძლება ერთად არსებობდეს ოკუპაციის მუზეუმი და ოკუპანტების ძეგლები.

„დრონი.ჯი“-მ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტელეფონით გამოჰკითხა 120 რესპონდენტი. კითხვაზე, ემხრობით თუ არა, სტალინის ძეგლის გორის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმში გადატანას, 86-მა რესპონდენტმა დადებითი პასუხი გასცა, 15-მა – უარყოფითი, 19-მა თავი შეიკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100