სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძე: პუტინმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთა, რატომ არ დაუჭერენ მხარს?

„ვლადიმირ პუტინს, რომელმაც რუსეთი არათუ დაშალა, არამედ შეკრა და, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც დავამატებთ, უფრო დიდი გახადა, რატომ არ დაუჭერდა მხარს რუსეთის მოსახლეობა?“, - ეს შეკითხვა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში რამდენიმე წუთის წინ დასვა, როცა დღეს რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ვლადიმირ პუტინის გამარჯვება პირველივე ტურში ეჭვს არ იწვევს.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, შალვა რამიშვილის რეპლიკაზე, რომ რუსეთში საარჩევნო გარემო არ იძლეოდა თანაბარუფლებიანი ბრძოლის საშუალებას კანდიდატებისთვის და რომ ვლადიმირ პუტინის შესაძლებლობები ბევრად მეტი იყო უკანონობის ხარჯზე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს კანონიერი გზებით მოპოვებული უპირატესობა ჰქონდა:

„რუსეთი რომ დემოკრატიის ოაზისი არ არის, ეს იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კარგად იციან, მაგრამ პუტინი, რეალურად, არის პიროვნება, რომელმაც დიდი გარდატეხა მოახდინა რუსეთის ცხოვრებაში, ამიტომაც, მისი გამარჯვება პირველ ტურში ეჭვს არ იწვევს და ამას ეუთო და ევროკავშირიც აღიარებენ, მოდით, ამაზე ნუ ვიდავებთ“, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისათვის: „ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება.

ამასთან, ეუთო-ს დამკვირვებლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების არარსებობაზე საუბრობენ.

როგორც დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო კამპანიას ყველა კანდიდატი წინააღმდეგობების გარეშე აწარმოებდა, თუმცა, მათთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოფილი არ იყო.

"პირობები მუშაობდა მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, კერძოდ ეს არის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი",- ნათქვამია დამკვირვებლების განცხადებაში.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა.

ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი კი, ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების დეტალურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"კანდიდატებმა თანაბარ პირობებში მოქმედება ვერ შეძლეს. ხელისუფლებამ გაწია გარკვეული ძალისხმევა ტრანსფარენტულობის ამაღლების კუთხით, თუმცა მთლიანობაში საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობა შენარჩუნდა. პირველი სწორი ნაბიჯი ამ შემთხვევაში დარღვევების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადების დეტალურად შესწავლა იქნებოდა", - აღნიშნა ტალიავინმა.“ – (ინტერპრესნიუსი).

გადაცემის მსვლელობის დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე პირველია საქართველოდან, ვინც ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს გამარჯვება მივულოცე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100