სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვირუსულმა პოსტებმა არ დაგაბნიოთ, Facebook ჩვენს „დაობლებას“ არ აპირებს - არ იხურება

განახლებულია: 14.12.2011; 23:50 სთ.

უკვე თითქმის ერთი წელია, "ფეისბუქთან" დაკავშირებით "ფეისბუქზევე" თითქმის ერთი და იგივე შინაარსის ჭორი, ვირუსი თუ ხუმრობა (რაც გინდათ, დაარქვით) ტრიალებს: ხან რა და ხან რა თარიღი სახელდება ამ სოციალური ქსელის დახურვის თარიღად. მოსალოდნელ დახურვას დღეს კიდევ ერთხელ მიეძღვნა სიუჟეტები, ბლოგები და სტატიები. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, მეტი დამაჯერებლობისთვის "ფეისბუქის" დახურვის შესახებ წყაროდ თითქმის ყველგან მარკ ცუკერბერგი სახელდება.

ამ წლის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობამ 15 მარტიდან „ფეისბუქის“ დახურვის შესახებ ბევრი ჩააგდო პანიკაში. არადა, ინფორმაციას დამაჯერებლობა არ აკლდა და იგი რამდენიმე სერიოზულმა გამოცემამაც გაავრცელა. ცნობა Google Trends-შიც კი მოხვდა.

ინფორმაციას თან ერთვოდა მოწოდება იუზერებისადმი, სასწრაფოდ „დაებინავებინათ“ ფოტოსურათები, ჩანაწერები და სხვა ღირებული მასალები „საიმედო ადგილას“ და დამაჯერებლობისთვის ახლდა მარკ ცუკერბერგის „ციტატაც“: „ფეისბუქი“ კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო“, - თითქოსდა ამბობდა „ფეისბუქის“ დამფუძნებელი. ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ იგივე შინაარსის განცხადება „ფეისბუქის“ ტექნიკურ საქმეთა ვიცე–პრეზიდენტმა ავრეტ ჰუმარტიმაც გააკეთა.

2011 წლის მარტმა გადაიარა და პანიკაც, თითქოსდა ჩაცხრა, მაგრამ ამ დღეებში ინტერნეტ-სივრცეში ხელახლა გაჩნდა ცნობები „ფეისბუქის“ დახურვის შესახებ. ეს ინფორმაცია ზოგიერთმა ქართველმა ბლოგერმაც აიტაცა, ზოგმა კი, თარიღის გადაუმოწმებლად, წლევანდელი გაზაფხულის პოსტები გაიზიარა ან ახლებურად „წარმოაჩინა“. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაციის ხელახლა გამოქვეყნება ან მისი „რეფრეშის“ შემოთავაზება არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, ხშირად კი - წინასწარგანზრახული ქმედებაა და რეიტინგის აწევაზეა გათვლილი, ასე რომ, დაფიქრდით, სანამ მის ტირაჟირებას მოახდენთ...

როგორც ჩანს, ყალბი ცნობები „ფეისბუქის“ შესაძლო დახურვის შესახებ გასცდა როგორც ქართულ და პოსტსაბჭოურ, ასევე ევროპულ ინტერნეტსივრცეს, ოკეანე გადალახა (გაუჭირდებოდა!) და აშშ-მდეც ჩააღწია, რადგან სოცქსელის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ოფიციალურად დაადასტუროს, რომ „ფეისბუქი“ არ იხურება.

„ვირუსულმა პოსტებმა არ დაგაბნიოთ და სიახლეები კომპეტენტური წყაროებიდან მიიღეთ: „ფეისბუქის“ დახურვა დღის წესრიგში არ დგას და არც ჰაკერები გვაშინებს, რომლებიც ქსელის განადგურების ამა თუ იმ თარიღს ასახელებენ. ისე კი, ერთიანი აზრის შესაქმნელად, უმჯობესი იქნებოდა, თარიღზე შეთანხმებულიყვნენ“, - „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ეს განცხადება ნამდვილად არაა მოკლებული ირონიულობას.

ასე რომ, ნუ იქნებით გულუბრყვილონი და ნუ დაუჯერებთ „კომპეტენტური წყაროებიდან“ მიღებულ ინფორმაციას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ინტერნეტსივრცეში: „ფეისბუქი“ ჩვენს „დაობლებას“ არ აპირებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100