სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მოხდა ხაშურის პოლიციაში - გარდაცვლილის ოჯახის წევრები ხელს ვერავის ადებენ

27 თებერვალს გარდაცვლილი 47 წლის სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებიან და გარდაცვლილი ოჯახის წევრის სიკვდილში კონკრეტულად ვერავის ადანაშაულებენ.

„დრონი.ჯი-მ დღეს რამდენჯერმე სცადა, ტელეფონით დაკავშირებოდა გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის რომელიმე წევრს, თუმცა, ორი მობილური ტელეფონის მფლობელიდან ჩვენს ზარს არცერთმა არ უპასუხა. კომენტარზე უარი უთხრეს გარდაცვლილის სახლში მისულ, სხვა გამოცემების ჟურნალისტებსაც.

როგორც ნეტგაზეთი იუწყება, გარდაცვლილის დამ ინტერვიუზე უარი განაცხადა და სოლომონ ქიმერიძის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ოჯახის სხვა წევრებსაც აუკრძალა:

„არ ვიცი, რა მოუვიდა. ასე ამბობენ პოლიციელები, კიბიდან გადმოვარდაო, აბა, ჩვენ რა ვიცით?! ჩვენიანი მანდ არავინ ყოფილა, რომ რამე ენახა და ამბავი გამოეტანა. არაფერი ვიცით და ვინმე როგორ დავადანაშაულოთ ამის სიკვდილში? ვერაფერს ვერ ვიტყვით,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” გარდაცვლილის დამ, რომელმაც სახელი არ დაგვისახელა და სახლის დატოვება მოგვთხოვა. ჟურნალისტებთან საუბარს გარდაცვლილის მეზობლებიც ერიდებიან.“, - წერს „ნეტგაზეთი“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იგი ხაშურის პოლიციის უფროსს, გიორგი ხარშილაძესაც შეხვდნენ და ესაუბრნენ:

„შენობაში შესვლამდე პოლიციელებმა ფოტო-ვიდეოკამერისა და ჩამწერი მოწყობილობის ავტომობილში დატოვება მოგვთხოვეს. ”ნეტგაზეთთან” სასაუბროდ ჩამოვიდა ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე.

კითხვებზე, თუ ვის ევალებოდა პოლიციის შენობაში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომხდარის გამო დადგა თუ არა რომელიმე სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორ და რა ვითარებაში გადმოვარდა სოლომონ ქიმერიძე სიმაღლიდან, გიორგი ხარშილაძემ გვიპასუხა, რომ ყველა აღნიშნულ კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური გაგვცემდა. ტრაგედიის ადგილის გადაღების უფლებაც შსს-ს პრესსამსახურისგან უნდა აგვეღო.

ერთადერთი, რაზეც პოლიციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ხარშილაძე დაგვთანხმდა, ეს ტრაგედიის ადგილის რამდენიმე წამით ვიზუალური დათვალიერების უფლება იყო. ხარშილაძემ გვაჩვენა მესამე და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბე და გვითხრა, რომ ქიმერიძე კიბის მოსახვევში მოულოდნელად გადმოვარდა და პირველ სართულზე, ფოიეში, მეტლახის იატაკზე დავარდა.

”მოაჯირი ძალიან დაბალია და იმიტომ,” - მიუთითა პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლითონის, დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის მოაჯირს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და ტრაგედიის ადგილის ფოტო-ვიდეო გადაღების ნებართვის მისაღებად შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ზურა გვენეტაძეს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში ზურა გვენეტაძე ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და ტელეფონს თიშავდა.“, - აღნიშნულია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურელმა სამართალდამცველებმა თავისი საცხოვრებელი სახლიდან 27 თებერვალს, დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე, დასაკითხად წაიყვანეს. დაახლოებით ორ საათში ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ დაკითხვის შემდეგ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

”მოყვანილი იყო საავადმყოფოში 27 თებერვალს, 18:45 საათზე, აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა, ტრამვული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად მიღებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა. ავადმყოფი საავადმყოფოში მოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა. მისივე თქმით, სოლომონ ქიმერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა საავადმყოფოში და ტრამვების მიზეზად სიმაღლიდან ვარდნა დაასახელეს.

როგორც ექიმი ამბობს, დაშავებულისთვის არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებიათ, რადგან ის კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. მიუხედავად სისხლის შემცვლელი პრეპარატების გაკეთებისა, პაციენტი ტრამვული შოკიდან ვერ გამოიყვანეს.

თეიმურაზ მძინარიშვილის თქმით, გარდაცვალების შემდეგ სოლომონ ქიმერიძის ცხედარი ექსპერტიზის მიზნით სამართალდამცავებმა გადაასვენეს ხაშურის საავადმყოფოდან, 28 თებერვალს, გამთენისას კი სახლში, სოფელ ქვიშხეთში მიასვენეს.“ („ნეტგაზეთი“).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100