ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი?
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. „დრონი.ჯი“-მ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ნებართვით ამოიღო საქმეზე არსებული მასალების ის ნაწილი, რომელიც მიზანშეწონილია პრესაში გამოქვეყნდეს და საჯარო გახდეს.
ოფიციალური ვერსიით, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, თორმეტი საათიდან პირველ საათამდე. ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას სახლში სტუმრობისას, თვითონ ზვიად გამსახურდიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ქალის არეში განხორციელებული გასროლის შედეგად.
1994 წლის 10 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე (თუმცა საინტერესოა, რომ საქმის აღძვრის დადგენილებაში არც გარდაცვალების ფაქტია აღნიშნული და არც ის მუხლი, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე).
1994 წლის 12 იანვარს, გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილმა გამოიტანა დადგენილება დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ. დადგენილება შესრულდა იმავე წლის 17 თებერვალს, როდესაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობიდან, მიწის ამოთხრის შედეგად, ამოასვენეს კუბო.
იმავე დღეს სენაკის აეროპორტში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას ცხედრის დათვალიერება. ოქმს ხელს აწერენ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: გურამ შარაძე, სახელმწიფო მინისტრი გივი ლომინაძე, ტელევიზიის შეფი არჩილ გოგელია, შს მინისტრის მოადგილე ჯემალ მიქელაძე, უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამარ დეკანოსიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რევაზ კაპანაძე, გენპროკურორის მოადგილე ბალუაშვილი და სხვები. ოქმს ასევე ხელს აწერს გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, რომელიც გარდაცვალების მომენტში პრეზიდენტის გვერდით იმყოფებოდა. იმავე დღეს ზვიად გამსახურდიას ცხედარი გროზნოში გადააფრინეს, სადაც დაკრძალეს.
მას შემდეგ გამოძიების მიერ დაიკითხა რამდენიმე მოწმე, ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გაუგებარი მიზეზით არ დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გვერდით მისი გარდაცვალების დროს.Aარ ჩატარდა ჩხრეკა და ნივთმტკიცების ამოღება კარლო ღურწკაიას სახლში, სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი, არ იქნა მიღებული ზომები, რათა მოძებნილიყო ის იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა.
1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელს ო.ჯაფარიძეს გამოაქვს დადგენილება „თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის“ შესახებ. შემდეგ ბალუაშვილმა განაახლა ძიება იმ მოტივით, რომ არ იყო დაკითხული „თვითმკვლელობის“ უშუალო მოწმე რობინზონ მარგველანი, პირველად მარგველანი დაიკითხა 1997 წლის 5 თებერვალს, იგი ამ საქმეზე სულ თექვსმეტჯერ არის დაკითხული. საგაზეთო ინტერვიუებშიც და დაკითხვის დროს გაცემულ შეკითხვებზე პასუხის დროს მარგველანი ყველგან ხაზგასმით აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ასეთივე ჩვენებებს იძლევიან გამსახურდიას დაცვის სხვა წევრებიც, რომლებიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ 2004 წლის მარტ-აპრილში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის გასვლის შემდეგ. დაკითხული არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ბაჩუკი გვანცელაძე, ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და გვიან შეუერთდნენ გვანცელაძესა და მარგველანს.
დღემდე, რაც დიდი ნონსენსია, არ დაკითხულა მთავარი მოწმე, ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალების მომენტში მის გვერდით იყო. ამის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ბესარიონ გუგუშვილი ფინეთში ცხოვრობს. სხვათა შორის, არც საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ თავი შეიწუხა და მიმართა ზომებს გუგუშვილის დასაკითხად. 1999 წელს მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კარლო და ლუდმილა ღურწკაიები, ვის სახლშიც მოხდა ეს ტრაეგდია და ზაურ და ანატოლი ჩუხუები, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ პრეზიდენტთან მის გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
2004 წლის მარტში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის შემდეგ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ბალიში, რომელზეც თავი ედო პრეზიდენტს და საწოლის თავის დაფა, რომელსაც ამჩნევია ტყვიის კვალი. არ არის გამოკვეთილი, როგორ იქნა გამოყენებული აღნიშნული მტკიცებულებები, მაგალითად, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა ამ საგნებზე.
2007 წლის მარტის ბოლოს, ზვიად გამსახურდიას ნეშტი გროზნოდან გადმოსვენებულ იქნა თბილისში და დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში, გადმოსვენებამდე კი ცხედარს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმის მასალებში.
რამდენად დამაჯერებელი და სარწმუნოა თვითმკვლელობის ვერსია
თვითმკვლელობის ვერსია მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ზვიად გამსახურდიას გვერდით იმყოფებოდნენ გარდაცვალების დროს და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პირთაგან სამი ადამიანი უნდა იყოს გამოყოფილი: ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე. ვინაიდან საქმეში დევს მხოლოდ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებები და არ არის გუგუშვილის ჩვენება მისი ფინეთში ემიგრირების მიზეზით, ამიტომ ამ ეტაპზე ჯერ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს სერიოზული მიზეზი ეჭვისა, რომ ამ ორი პირის ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და არადამაჯერებელი, გამოძიებამ კი ამ პირთა ჩვენებაზე დაყრდნობით იმოქმედა და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა.
ვინ დაინახა თვითმკვლელობის მომენტი?
არც მარგველანს და არც გვანცელაძეს უშუალოდ არ დაუნახავთ, თუ როგორ მიიდო პრეზიდენტმა `სტეჩკინის~ სისტემის პისტოლეტი საფეთქელთან და როგორ განახორციელა გასროლა. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ეს მათ ჩვენებებშია.Eეს პირები ამბობენ, რომ გასროლის დროს სახლის მეორე სართულზე გუგუშვილისა და მათ გარდა არავინ იყო. ზვიად გამსახურდიას კი ხელში ეჭირა „სტეჩკინის“ პისტოლეტი.
მაგრამ ეს ორი ფაქტი, რომლის საფუძვლიანობაშიც ცდილობენ საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების დარწმუნებას მარგველანი და გვანცელაძე, არ გამორიცხავს იმ ვერსიის დაშვებასაც, რომ პრეზიდენტის მიმართულებით გაესროლათ, მაგალითად, სწორედ მეორე სართულზე მყოფ მარგველანს, გუგუშვილს ან გვანცელაძეს, ან სულაც უცნობ პირს და მერე კი მკვლელობის იარაღი ხელში ჩაედო მოკლულისთვის თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით.
სად მდებარეობს გამომავალი ჭრილობა?
ამ კითხვაზე პასუხები ისევ არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ცხედრის დათვალიერების ოქმში წერია, რომ მიცვალებულს აღენიშნებოდა „ოვალური ფორმის მოშაო ფერის უბანი, მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში, საფეთქლის თმოვან ნაწილთან ახლოს“. იგორ გიორგაძე ანდრეი კარაულოვთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას გვამს გამომავალი ჭრილობა სადღაც მარცხენა ყბასთან აღენიშნებოდა. რობინზონ მარგველანი თავის ჩვენებაში ირწმუნება, რომ ტყვია „გამოსული იყო მარცხენა ყურის არის ზედა ნაწილში“, ცხადია, რომ ეს ჩვენება წინააღმდეგობაშია 1994 წლის 17 თებერვლის ოქმთან, რომელსაც სხვებთან ერთად მარგველანიც აწერს ხელს.
გადაჭრით უჭერს მხარს მარცხენა ყურის ზედა ვერსიას ზაზა ბურჯანაძე, რომელიც აცხადებს, რომ გამოსვლისას ტყვიის „მარცხენა მხარეს ყურის ზედა ბიბილო მრგვალად ჰქონდა მოწყვეტილი“, უფრო მეტიც, ზაზა ბურჯანაძეს ორივე შემავალი და გამავალი ჭრილობის მდებარეობისა და ტყვიის ტრაექტორიის საკუთარი ვერსიის გასამყარებლად თავისი ხელით ნახაზიც კი აქვს შედგენილი. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ, თუ, ბურჯანაძის თქმით, მოწყვეტილი ჰქონდა მარცხენა ყურის ბიბილო, რატომ გამორჩათ ეს ოქმზე ხელმომწერ კომპეტენტურ ექსპერტებს და ექიმებს. თუ ტყვია მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში გამოვიდა, რა დასკვნაც არის ოქმიდან გამომდინარე, იგი ყურის ნიჟარის ზედა ნაწილს მოწმის მიერ „ზედა ბიბილოდ“ მოხსენიებულს, ვერ მოწყვეტდა.
თუ ზაზა ბურჯანაძის ჩვენება სწორია და ტყვიამ მართლაც ყურის ზედა ბიბილო მოწყვიტა, მაშინ სადაა თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობა? ტყვია ხომ ჯერ თავის ქალიდან უნდა გამოსულიყო და მერე მოეწყვიტა ყურის ბიბილო? ასეთ შემთხვევაში ოქმის ხელმომწერთა მიერ მითითებული ადგილი სწორი ვერ იქნება, რადგან გამომავალი ჭრილობა არა ყვრიმალის უკანა მხარეს, არამედ სადღაც ყურის ზედა არეში მარცხენა საფეთქლის მიდამოებში უნდა არსებულიყო. ზაზა ბურჯანაძე საკუთრივ თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობის შესახებ არაფერს ამბობს, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თავის ქალაზე სხვა დაზიანებები არ მინახავსო.
ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტის ერთმანეთთან შეჯერებას ცდილობს ბაჩუკი გვანცელაძე, რომელიც, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ, როცა ზაზა ბურჯანაძე მიცვალებულს წვერს პარსავდა, რაშიც მას გვანცელაძეც ეხმარებოდა, ისინი „შემთხვევით წააწყდნენ“ გამავალ ჭრილობას, რომელიც მდებარეობდა „მარცხენა ყურის ძირში“. თუმცა იქვე გვანცელაძე ამბობს, რომ ტყვიას „მოწყვეტილი ჰქონდა ყურის ზედა ნაწილი“.
როგორ მოხდა, რომ ტყვია ყურის ძირში გამოვიდა, მაგრამ ყურის ზედა ნაწილში მოწყვიტა? უცნაურია ისიც, რომ ყურის ძირში არსებული ჭრილობა, რომელიც მისი მდებარეობის აღწერის მიხედვით თვალსაჩინო ადგილას უნდა ყოფილიყო, გვანცელაძემ „შემთხვევით~ აღმოაჩინა, ბურჯანაძემ კი საერთოდ „ვერ აღმოაჩინა“.
გამომავალი ჭრილობის მდებარეობის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურების ან უარყოფის მიზნებისთვის. თუ გამომავალი ჭრილობა ზვიად გამსახურდიას ცხედარს მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში აღენიშნებოდა, როგორც ეს ოქმიდან ირკვევა და გვანცელაძისა და იგორ გიორგაძის სატელევიზიო განცხადებაში არის დაფიქსირებული, მაშინ იარაღის ლულის დახრილობის კუთხე გარდაცვლილის თავის ქალის მიმართ იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ თვითმკვლელობის განზრახვის მქონე ადამიანს არ უნდა შეძლებოდა ასეთი კუთხით 25 სმ-ის სიგრძის „სტეჩკინის“ პისტოლეტის დაჭერაც კი, რომ არაფერი ითქვას მეტისმეტად მძიმე, სავსე მჭიდით დაახლოებით ორკილოგრამიანი იარაღის სასხლეტზე სათანადო ძალით თითის გამოკვრასა და გასროლის განხორციელებაზე. ხოლო, თუ ტყვია ყურის ზედა არეში გამოვიდა, როგორც ამას ჯიუტად ამტკიცებენ მარგველანი, ბურჯანაძე და გვანცელაძე, მაშინ თვითმკვლელობის ვერსიის შესაძლებლობა იზრდება (თუმცა არც ამ შემთხვევაში გამოირიცხება მკვლელობის ვერსია), იარაღის დახრილობის კუთხე ამით ბევრად მცირდება, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის თვითმკვლელობის შესაძლებლობას. სწორედ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ემსახურება გამომავალი ჭრილობის უფრო ზემოთ ლოკალიზაციის მტკიცება.
მარცხენა ყურის ზედა არეში ჭრილობის შესახებ ირწმუნებიან სწორედ ის პირები, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ. თუმცა ასეთ ვითარებაში პარლამენტის კომისიას, ცხადია, მეტი ნდობა ექნება სპეციალისტებისა, რომლებიც ხელს აწერდნენ ცხედრის დათვალიერების ოქმს და არ იქნებოდნენ დაინტერესებულნი ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის დამკვიდრებაში.
კომენტარი