სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: "ადრე ისტორიის წიგნებიდან ვიცნობდით, დღეს კი მოღალატეები ტელევიზიით გამოდიან"

ახალი საკურორტო ქალაქის, ანაკლია-განმუხურის გახსნის დღეს, მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ამ ახალი დასახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიაში ყველაზე განსხვავებული კლიმატია საქართველოს შავიზღვისპირეთის დასახლებულ პუნქტებს შორის.

„მაგრამ ეს კლიმატი, ეს ჰაერი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მთავარია: აქ და, საერთოდ, დანარჩენ საქართველოში არის უაღრესად შრომისმოყვარე, უაღრესად ნიჭიერი, უაღრესად პატრიოტი და მონდომებული ხალხი.

მე ვხედავდი მუშების ანთებულ თვალებს, როცა ისინი ანაკლიას აშენებდნენ და როცა მე აქ ჩამოვდიოდი. ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი და თავზე ვადექი „პრარაბივით“. ზოგიერთი ამბობს, რა პრეზიდენტის საქმეა მშენებლობებზე სიარულიო; - აბა, ვისი საქმეა?! არ იყო წინა პრეზიდენტის საქმე, შეჰქონდათ და გამოჰქონდათ კაბინეტიდან და, როგორც აშენდა საქართველო, ყველამ დავინახეთ“, - თქვა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშე საქართველო დგას:

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა დამპყრობლები და, ვშიშობ, რომ ყოველთვის ეყოლება ისინი. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მოღალატეებიც. ადრე მათ ისტორიის წიგნებიდან ვიცნობდით, ახლა კი ზოგიერთები ყოველდღე ტელევიზიით გამოდიან... საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირები და ყოველთვის ეყოლება ისინი.

იმ დამპყრობელთაგან, რომლებიც საუკუნეების წინ ჩვენს ქვეყანას ებრძოდნენ, აღარაფერი დარჩა - მათი უმრავლესობა, უბრალოდ, გაქრა რუკიდან, დარჩენილებიდან ზოგიერთთან კი დღეს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამყრობლები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება და მუდამ დარჩება“, - თქვა პრეზიდენტმა.

„რა თქმა უნდა, იმ სანგრებისა და სამხედრო ბაზების საპირისპიროდ, რომლებიც აქედან სულ ცოტა მანძილზეა, ჩვენც შეგვეძლო და ბევრი სხვა ქვეყანაც იქნებოდა, რომლებიც აქ, ამ ადგილას გათხრიდა საგნებს, დადგამდა საარტილერიო დანადგარებს, დანაღმავდა მთელ სანაპირო ზოლს - რათა შეგვეჩერებინა მათი შემდგომი შემოჭრა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ და, ვფიქრობ, სწორიც:

სანგრების ნაცვლად - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები; სამხედრო ნაწილების ნაცვლად - ახალგაზრდული ბანაკები. ისინი აძლევენ თავს უფლებას, შემოიჭრან და დაწვან პატრიოტთა ბანაკები, ჩვენ კი გვაქვს უფლება ავაშენოთ უკეთესი ბანაკები, უკეთესი სასტუმროები, უკეთესი გზები, უკეთესი უნივერსიტეტები, უკეთესი აეროპორტები, უკეთესი საქართველო, უკეთესი მომავალი!

იქეთ არიან ბარბაროსები და აქეთ არის ცივილაზაცია, იქეთ არიან დამპყრობლები და აქეთ არის ნამდვილი, უძველესი, კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია!

გაუმარჯოს დაუღალავ ქართულ ოპტიმიზმს, გაუმარჯოს დღევანდელ დღეს, საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს მომავალს“ - ასე დაასრულა ანაკლიაში გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100