გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნილია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გასართობი ღონისძიებებით გახსნა.
გონდოლის ზედა სადგურთან მოეწყო სპეციალური ტერიტორიები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში: ითამაშეს პეინთბოლი, ხელბურთი, იფრინეს პარაპლანით.
როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები ზაფხულის სეზონზე.
„ეს ღონისძიებაც უკავშირდება იმას, რომ გუდაური გადაიქცეს 4-სეზონიან კურორტად. როგორც იცით, გუდაურსა და და ბაკურიანში ამ დროისთვის უამრავი ვიზიტორია. დღეს ზაფხულის სეზონი გუდაურში გაიხსნა, ხოლო 7 აგვისტოს ზაფხულის სეზონი გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზეც გაიხსნება.
ვფიქრობთ, რომ შარშანდელი მიღწევა, როდესაც ვიზიტორების 37%-იანი მატება დაფიქსირდა, წელს უფრო გაიზრდება და ახალი რეკორდი გვექნება. ეს ყველაფერი ტურისტების მკვეთრ ზრდას ხელს შეუწყობს“,- განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.
გუდაურის მთის დეპარტამენტის მართვის უფროსმა კონსტანტინე ქადაგიძემ კი აღნიშნა, რომ გუდაურში სამი მნიშვნელოვანი საბაგიროა ჩართული. საბაგიროები მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
„ეს საბაგიროები დაგვაკავშირებს ქვედა გუდაურიდან საძელეზე ასასვლელად, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება როგორც ყაზბეგის მიმართულებით, ასევე გუდაურის მხარეს.
წლის განმავლობაში ბევრი პროექტია დაგეგმილი. 30 ივლისს მოტოშეჯიბრი გაიმართება. ეს შეჯიბრი შარშანაც ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ ყოველ წელს ჩავატრებთ და ეს შეჯიბრი საერთაშორისო გახდება“, - განაცხადა კონსტანტინე ქადაგიძემ.
როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ განმარტავენ, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
კომენტარი