რეიდის დროს ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად საქართველოს კანონი ორ დამოუკიდებელ კრიტერიუმს აწესებს
"პოლიციის შესახებ" კანონის თანახმად, რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულიგარემოებების არსებობისას, პოლიციას აქვს უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით გააჩეროს დაჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება.
შესაბამისად "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი ორ დამოუკიდებელ კრიტერიუმს აწესებს რეიდის დროს ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად:
1. სახეზე უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებები;
2. ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია ჩატარდეს ჩხრეკა და ამოღება განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია არ იცნობს ჩხრეკისა და ამოღების ინსტიტუტს. შესაბამისად იმისათვის რათა პოლიციელის ქმედება არ გასცდეს კანონიერების პრინციპს, აუცილებელია მან მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას აწარმოოს პირისა და მისი ავტომობილის ჩხრეკა და ამოღება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა იმ გარემოებებისა როდესაც შესაძლებელია ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება. კერძოდ ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილისა და გვამის აღმოსაჩენად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩხრეკის (მათ შორის პირადი ჩხრეკის) ჩატარებას შესაძლებლად დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მიიჩნევს. დასაბუთებული ვარაუდი ამავე კოდექსის თანახმად განმარტებულია როგორც ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა ან ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ბუნებრივია არაგონივრულია, დასაბუთებულ ვარაუდად მივიჩნიოთ სამართალდამცავთა გადაწყვეტილება გამვლელ პირთა მასობრივად ჩხრეკასთან დაკავშირებით.
ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა უფლებების შესაძლო დარღვევა, რეიდის დროსაც ჩხრეკა და ამოღება კანონმდებელმა საერთო რეგულაციებში მოაქცია და მათი ჩატარება მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა მიიჩნია შესაძლებელად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკისას (მათ შორის ადამიანის პირადი ჩხრეკისას) აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ხდება დაკავებული პირის პირადი ჩხრეკა, რის შესახებაც ინფორმაცია შეიტანება დაკავების ოქმში.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება სასამართლო აქტის ან გამომძიებლის დადგენილების წარდგენა მათი ჩხრეკის შესახებ იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც რეიდის დროს ჩხრეკას დაექვემდებარნენ, რაც ასევე მათი საპროცესო უფლებების უხეში დარღვევაა.
ამავდროულად "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება." როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, შესაბამისი პირების მხრიდან არ ყოფილა დაცული კანონის აღნიშნული მოთხოვნაც"- ამონარიდი "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ერთობლივი განცხადებიდან.
კომენტარი