სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რევაზ კოპალაძე: ვამაყობ, რომ „კავკასუს ონლაინის“ ახალი პროექტის, ციფრული „აბრეშუმის გზის“ ნაწილი ვარ

25 ივნისს, კომუნიკაციების კომისიაში სხდომა იგეგმება, სადაც „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იმსჯელებენ.

დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება შეუჩერებს თუ არა კომისია კომპანიას ავტორიზაციას იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაუდგინდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ კავკასუს ონლაინმაკომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა და საკითხის გამოკვლევაც სთხოვა, თუმცა, ეს ყველაფერი კომისიისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

ამ თემებზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა.

„ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ გამჭვირვალე და ვართ კიდეც. მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას თხოვნით, შეისწავლოს „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გავლენა ბაზარზე, საბითუმო გაყიდვებზე... რამდენად ხელს უშლის ან უწყობს ახალი რეალობა კონკურენციას.

კომისიისთვის ცვლილებების შესახებ წინასწარი შეტყობინება თვითმიზანი არ არის, ამის შედეგი უნდა იყოს, რომ კომისიამ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, დააკვირდეს ფასწარმოქმნას და დაასკვნას, ახალი რეალობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაზარზე თუ პოზიტიურს.

იმავე კანონის მოთხოვნაა, რომ კომუნიკაციების კომისიის დასკვნაც იყოს საჯარო და დასაბუთებული. თუ ნეგატიური შედეგები არ მოჰყვა ცვლილებებს, უნდა მოხდეს გარიგების დადასტურება, თუ გარკვეულ პრობლელებს ქმნის, რაღა თქმა უნდა, კომუნიკაციების კომისია იტყვის უარს ცვლილებების განხორციელებაზე. ასეთი კვლევა არავის უნახავს და კომისია თავად აცხადებს, რომ ჯერ არ ჩაუტარებია. ჩვენ თავად ვითხოვთ ასეთი მოკვლევის ჩატარებას, ყველანაირად მხარს ვუჭერთ კანონის მოთხოვნის შესრულებას. მზად ვართ შესაბამის ორგანოს მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც სრულფასოვანი კვლევისთვის იქნება საჭირო და უკვე მივაწოდეთ კიდეც. ჩვენს ინტერესებშია ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.

სამწუხაროდ, კომისიამ უარი თქვა ჩვენს მოთხოვნაზე, ჩვენი წერილობითი მიმართვა არ განუხილავს და ითხოვს, რომ შეიცვალოს აქციონერების სტრუქტურა, დაბრუნდეს ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ წარვადგინოთ მოთხოვნა ხელახლა“ - განაცხადა რევაზ კოპალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიცვალა კომპანიაში ახალი ბენეფიციარის, აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლ ჰოლდინგის“ გამოჩენის შემდეგ, „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი ინვესტორის გეგმებზე საუბრობს:

„მიუხედავად კომისიის დამოკიდებულებისა, ბოლო 1 წლის მანძილზე „კავკასუს ონლაინმა“ საბითუმო გაყიდვების ბაზარზე ფასები შეამცირა და ამით საცალო გაყიდვების ოპერატორებს მეტი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა. ტექნიკურად ბევრად განვითარდა კომპანია და ახალმა გარიგებამ ფინანსურადაც გააჯანსაღა.

მე პირადად ძალიან ვამაყობ, რომ „კავკასუს ონლაინის“ ახალი პროექტის ნაწილი ვარ. ეს არის ბუნებრივი გაგრძელება ყველა იმ მსხვილი პროექტისა, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ხორციელდება: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, მარაბდა-კარწახის რკინიგზა, „ტანაპი“, ტრანს-ანატოლიური მილსადენი. ვფიქრობ, ეს არის „აბრეშუმის გზის“ განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი გეგმა, რომელსაც მიზნად ისახავს „კავკასუს ონლაინის“ ახალი აქციონერი და რაც იყო კომპანიის წილის შეძენის მიზეზი, არის აბრეშუმის გზის გაციფრულება. „კავკასუს ონლაინი“ ქართულ ბაზარზე დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირი ევროპულ მონაცემთა გაცვლის ცენტრებთან, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ინტერნეტს ევროპიდან, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ეს გახლავთ უნიკალური აქტივი ამ თვალსაზრისით.

ახალი აქციონერი აპირებს „კავკასუს ონლაინის“ ინფრასტრუქტურით, რომელიც ევროპიდან შავი ზღვის გავლით მოდის, გაიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შემდეგ კი კასპიის ზღვაში ანალოგიური კაბელის განთავსებით, როგორც შავ ზღვაშია, ყაზახეთიდან ჩინეთში გაყიდოს მომსახურება. პროექტის მთავარი ამოცანა გახლავთ საქართველოს გავლით ევროპული ინტერნეთის ჩინეთში ჩატანა. ეს იქნება „აბრეშუმის გზის“ ციფრული ნაწილი.

სწორედ ამიტომ მგონია საამაყო ამ პროექტში მონაწილეობა - ეს არის საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს პროექტი ეკონომიკურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო ამაღლებს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თვალსაზრისით“ - აცხადებს რევაზ კოპალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100