სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: „ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორება, ამიტომ ჩემი მეუღლე ხვედელიძე-ივანიშვილი გახდება“

დღეს მსახიობთა სახლში ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად მივიდა, რათა მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის 80 წლის იუბილე მიელოცა. ღონისძიების დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუ მისცეს ქართული ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს.

ოთარ მეღვინეთუხუცესზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცადა: „ბატონი ოთარი თავისი საქმის ვირტუოაზია, ამასთან მას ყოველთვის ეჭირა სწორი პოზიცია, რაც ხშირად, ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს უჭირდათ...“

ბიზნესმენმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე და იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც მისი მეუღლის პოლიტიკაში ჩართვას უკავშირდება:

„ვფიქრობ, ეს დროებითი, მაგრამ საჭირო ღონისძიებაა: ჩვენ ოჯახში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთთან შეთანხმებით ვწყვეტთ და მე სწორედ ასეთი ქვეყანა მინდა ავაშენო. ამ შემთხვევაში ეკა დაიჭერს იმ ადგილს, რომელიც მე უნდა დამეჭირა ან ჩემს ვაჟიშვილს, უტას, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტიურობდა, თუმცა, ის 19 წლისაა და კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ჩემი გვარი საჭიროა, რადგან ხალხს დღეს ჩემს გვარზე აქვს სწორება, ამიტომ ჩემი მეუღლე იქნება ივანიშვილი... უფრო სწორად, ხვედელიძე-ივანიშვილი...“

ეკატერინე ხვედელიძე: „მე პოლიტიკაში დღეს არ მოვსულვარ, მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად და წარმატების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიის ფურცლებს, ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მიზანდასახულობით და იყვნენ წარმატებულნი, ამიტომაც, წარმატების იმედი მეც მაქვს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც ჩემი მეუღლისგან რჩევის მიღებას ამიკრძალავს...“

ხანმოკლე ინტერვიუს დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, მისი მეუღლე და თანმხლები პირები დარბაზში შევიდნენ. საღამოს წამყვანმა - გოგი ქავთარაძემ ბიძინა ივანიშვილი დამსწრეებიდან პერსონალურად გამოყო და მას „მთელი ქართველი ერის სახელით“ დიდი მადლობა გადაუხადა, რასაც დამსწრეები ფეხზე წამოდგომითა და ოვაციით შეხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100