თბილისში წლინახევრის ჩვილი გარდაიცვალა
თბილისის მესამე პედიატრიულ საავადმყოფოში წლინახევრის საბა ფორჩხიძე გარდაიცვალა.
პაციენტი ჭიათურიდან ჩამოიყვანეს. მას მენინგოენცეფალიტი დაუდგინდა.
ექიმების თქმით, თბილისის საავადმყოფოში მოთავსებისას ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იყო და კლინიკაში მიყვანიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს, რომლებმაც, მათი თქმით, ბავშვის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასეს.
საბას დედის თქმით, მან ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა მოითხოვა, თუმცა კლინიკაში განუცხადეს, რომ აპარატი არ მუშაობდა.
იმას, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება აუცილებელი იყო, ექიმებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აპარატი სხვა კლინიკიდან მოითხოვეს, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.
ის ექიმი კი, რომელმაც პატარა თავდაპირველად მიიღო, აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატარას გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროში ექიმების დავით ფერაძისა და პაატა ნემსაძის წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეიტანა. ისინი საქმის გამოძიებას და ექიმთა პასუხისმგებლობის განხილვას ითხოვენ.
შესაბამისმა კომისიამ აღნიშნული განაცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.
კომენტარი