ვინ, რატომ და რამდენი ადამიანი დააკავა შსს-მ 14 დეკემბერს?
დღეს 14 დეკემბერს სამართალდამცავებმა სულ 10 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია რომ:
შსს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბი ბათუმში დააკავეს. ანატოლი ჩუბი კიევის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 25 ნოემბრიდან იძებნებოდა. ის წლების განმავლობაში კიევის საბჭოს დეპუტატი და საქალაქო ადმინისტრაციის კომუნალური ქონების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მან კიევის საქალაქო სამსახურების კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები გაფლანგა და მიითვისა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, ჩუბმა უკრაინა ფარულად დატოვა. საქართველოს ტერიტორიაზე ა. ჩუბის დაკავების შესახებ უკრაინულ მხარეს უკვე ეცნობა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი ექსტრადიციის შესახებ.
სამართალდაცავებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თიანეთის რაიონის სოფ. გოჯიანებში მცხოვრები, 46 წლის ვეფხია ბ. დააკავეს. ბრალდებულმა, 2 ოქტომბერს, დაბა ზაჰესში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ, 45 წლის ვახტანგ მეშველაშვილს, საკუთარ სახლში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სასტიკად აწამა და ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, მკვლელიც და მსხვერპლიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებული და მოკლული ახლო მეგობრები იყვნენ.
სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ერეკლე მ. 1989 წელს დაბადებული ვასილ ე. და 1986 წელს დაბადებული თორნიკე ფ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები და-ძმა, 79 წლის დომნა და 82 წლის ნოე აბესაძეები გაძარცვეს. მათი საცხოვრებელი სახლიდან მძარცველებმა 600 ლარი წაიღეს. სამართალდამცავებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეები იმავე დღეს დააკავეს და ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ერეკლე მ. დაზარალებული ოჯახის უახლოესი ნათესავი იყო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1937 წელს დაბადებული გიორგი გ. ბრალდებულმა რუსთავში, „ს.ს. საქ.მონტაჟ სპეც-მშენის" ტერიტორიაზე, ბასრი და ბლაგვი იარაღების გამოყენებით მოკლა თავისი მეგობარი, 1941 წელს დაბადებული ომარ მიქელაძე. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში დაკავებულიც და მსხვერპლიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გაირკვა ისიც, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გიორგი დ-სა და ომარ მიქელაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რასაც მკვლელობა მოჰყვა. სამართალდამცავებმა ომარ მიქელაძის გვამი მომხდარიდან მეორე დღეს „ს.ს. საქ.მონტაჟ სპეც-მშენის" ტერიტორიაზე, სადარაჯო ჯიხურთან ახლოს იპოვეს, სადაც ბრალდებული დარაჯად მუშაობდა.
დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამძებრო-საგამოძიებო ოპერაციის შედეგად, 1975 წელს დაბადებული არკადი ხ. დააკავეს, რომელიც პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომანქანით გაქცევა სცადა, რის შედეგადაც, ქვეითად მოსიარულე პოლიციელს დაეჯახა. დამნაშავის დაკავებისას გაირკვა, რომ მას ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არკადი. ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება სსსკ-ის 353-ე მუხლის (წინააღმდეგობის გაწევა ) 1-ლი ნაწილით და სსსკ-ის 381-ე (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონული სამმართველო იძიებს.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, სამი პირისგან შემდგარი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს: 1984 წ. დაბადებული პორფილე კ, 1992 წ. დაბადებული ბელა პ, და 1992 წ. დაბადებული შოთა ც, რომლებიც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინტერნეტის საშუალებით მოქალაქე ვახტანგ ხ-ს საბანკო ანგარიშზე არსებულ 6 390 ლარს დაეუფლნენ. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
კომენტარი