"მატერიალურად უჭირდათ, ავადმყოფი მშობლები ჰყავდა, ამის გამო წავიდა სამუშაოდ" - ვინ იყო 22 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ბექა ტაბაღუა გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი ირაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი მედიასთან ჰყვებიან, ბექა აფხაზეთიდან დევნილი იყო და ზუგდიდის სოფელ ინგირში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. "ბექა ჩემი ახლო მეგობრის მეგობარი იყო. მატერიალურად უჭირდათ, ავადმყოფი მშობლები ჰყავდა და ამის გამო წავიდა 6 თვის წინ სამუშაოდ პოლონთში. როგორც გავიგე, იქ დაუჭრია უცხოელს. " - ამბობს ახლობელი. გარდაცვლილის მეგობარი ბექა ლაგვილავა "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ბექა ტაბაღუა უკრაინის მოქალაქემ დაჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. "როგორი უბედური 22-ე დაბადების დღე გითენდება, ბექუშ! ვიღაც უსისხლო ნაბიჭვრის მიერ გაყრილმა დანამ შეიწირა შენი ენთუზიაზმით სავსე სიცოცხლე, ძმაო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და სიცოცხლეშივე, ადამიანობით და ღირსეული ცხოვრებით დაფასებული ჩვენი პანტე." - წერს ბექა ლაგვილავა.
კომენტარი