სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონის ვიზიტი და აშშ-ის სამი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტმა ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე არამარტო ქართული, უცხოეთის პოლიტიკური წრეები და მედიაც აალაპარაკა. საერთო ჯამში, ამერიკული ხელისუფლების ვერტიკალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის ვიზიტი იმაზე რეზონანსული აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა თვით ყველაზე მეტად ოპტიმისტებს შეეძლოთ.

სამი გზავნილი, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება სრულიად სამართლიანად მახვილდება, ასეთია: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტების აღიარება და სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოში.

ამასთან, აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესიის გახსნისას ჰილარი კლინტონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ოთხ მთავარ ასპექტზე ისაუბრა: დემოკრატია, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ხალხთა შორის კავშირები.

დაწვრილებით განვიხილოთ სამი მთავარი გზავნილი და მათთან დაკავშირებულ გამოხმაურებებსაც შევეხოთ.

შეეხო რა თანამშრომლობას თავდაცვით სფეროში, ჰილარი კლინტონმა სამ ახალ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება:

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი კურსისთვის წვრთნას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროების და ცის დაცვა. ჩვენ გავაუმჯობესებთ საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგის და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ საქართველოს უზრუნველყოს 21–ე საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ. ყველა ამ ძალისხმევით საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სანაპირო დაცვის ორი საპატრულო კატარღა, რომელთა მოდერნიზება აშშ-ს 2 მილიონი დოლარი დაუჯდა, საქართველოშია აგებული, თუმცა მთლიანად ამერიკის მიერ არის აღჭურვილი. კატარღებს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია, ქართველმა და ამერიკელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო სისტემები, რის შედეგადაც ისინი მრავალფუნქციური გახდა.

ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია დიდი რეზონანსი “მოძმე“ რუსეთში, სადაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, ტრადიციულად, მტკივნეულად აღიქვამენ.

კიდევ ერთი, უახლოეს ხანში განსახორციელებელი კონკრეტული პროგრამა იქნება საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის პროგრამა, რომელშიც საქართველოს დახმარებას აშშ გაუწევს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თანამედროვე, 21-ე საუკუნის აღჭურვილობით მომზადებისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რაც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ქართული შეიარაღებული ძალების საინჟინრო აღჭურვის გადაწყვეტილება კი ერთ-ერთი საფუძველია წარმატებული ტერიტორიული თავდაცვის განსახორციელებლად.

სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით:
ჰილარი კლინტონის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას გაუადვილდება აშშ-ში ჩასვლა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში თავდაპირველად გაურკვევლობა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ საუბარია სტატუს-ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებზე, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა 2011 წლის ბოლოს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა. დოკუმენტი მიღებისთანავე აღიარა რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ჰილარი კლინტონის გუშინდელი განცხადების შემდეგ აშშ-იც იმ ქვეყნების სიაშია, ვინც ამ სამგზავრო დოკუმენტებს აღიარებს. სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემოღებას კრიტიკით უპასუხა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მაშინვე განაცხადა, რომ მათი აღიარება მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან ხელს უწყობს აფხაზეთის იზოლაციას და არა მის ჩართულობას.

არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა ის საკითხი იყო, რომელსაც ჰილარი კლინტონმა დიდი ყურადღება დაუთმო. საკითხის მოცულობიდან და აწმყოში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არც ყოფილა გასაკვირი. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო “იზიარებენ ერთობლივ მიზნებს, ერთობლივ ინტერესებს“.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დემოკრატიის კუთხით და ეს “პროგრესი აღნიშნეს მთელს მსოფლიოში“.

“ახლა საქართველოზეა უკვე დამოკიდებული, რომ მოახდინოს დემოკრატიული ფასეულობების კოსნოლიდაცია. ეს არის საქართველოს მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევასთან უფრო დაგაახლოებთ“.

“შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების თქვენი საზოგადოების და მსოფლიოს თვალში“.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს კამპანია იყოს კონკურენტუნარიანი, არჩევნები – სამართლიანი და თავისუფალი, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა პერიოდშიც“.

კლინტონი მიესალმა საქართველოს უშიშროების საბჭოსთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათშორისი კომისიის შექმნას, როგორც “კარგ ნაბიჯს“, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე რეაგირება მოხდეს და საჩივრები იქნას განხილული.

“ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან იდგება, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს გადადგამთ ყველა თქვენი მოქალაქის უფლებების, თავისუფლების და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ ცხოვრობდეს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში“.

“დღეს მე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შევხვდი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილე. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ კონკურენტული ენერგიები და იდეები მართავენ დემოკრატიულ პროცესს; სამოქალაქო აქტიურობა, ღია დებატები და თანაბარი პირობები, მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებისკენ და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიდიხართ“.

“ჩვენ ველით, რომ საქართველო ამ შემოდგომაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და შემდეგ დემოკრატიულად გადასცემს ძალაუფლებას 2013 წელს, და მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ და ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს და მზად ვართ მივესალმოთ ძლიერ ურთიერთობას მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს“, - თქვა კლინტონმა და მიესალმა საქართველოს ინიციატივას გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მისასალმებელ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილი მიესალმა აშშ–ის მხარდაჭერას და განაცხადა, რომ მისი მთავრობა “მზად არის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“.

“დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას გამოხატავს“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს უმასპინძლოს, რათა მომავალი არჩევნები “რაც შეიძლება გამჭირვალედ, რაც შეიძლება სამართლიანად და სანდოდ ჩატარდეს“. საქართველოს პრეზიდენტმა ოდნავ მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრის დროს არჩევნების სამართლიანად ჩატარების ნება სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თემა განავრცო კიდეც:

“არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ნამდვილ დამკვირვებელს გამოაგზავნიან – არა ყალბ დამკვირვებლებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან ვითომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, არამედ ნამდვილ დამკვირვებლებს“– განაცხადა პრეზიდენტმა.

“მე ვფიქრობ, კონგრესმენები, სენატორები ჩამოვლენ, ევროპარლამენტის წევრები – ე.ი. ის ხალხი, ვისაც ვერ მოისყიდიან, ვისაც ვერ დააშანტაჟებენ და ვინც მართლა იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა, როგორც ჩვენ ვგეგმავთ და იმედია ზუსტად ასე ჩატარდება, სამართლიანი, გამჭირვალე, ყველასთვის მისაღები არჩევნები და არ მისცემს საშუალებას ჩვენი შიდა სიტუაციის გარედან არევის მსურველს გამოიყენოს სხვადასხვა პროვოკაციები იმისათვის, რომ საქართველო ააცდინოს სწორ გზას“, – აღნიშნა მან.

ჰილარი კლინტონსა და მიხეილ სააკაშვილს არჩევნებთან დაკავშირებით, უკვე პერსონალიზებურადაც მოუწიათ საუბარი, როცა “როიტერმა“ საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა, გამორიცხავდა თუ არა კატეგორიულად თავის მოსალოდნელ პრემიერ-მინისტრობას მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩვეულ სტილში განაცხადა, რომ მას არ სურს “კოჭლი იხვის“ როლში ყოფნა და ამ თემაზე ახლა საუბარი:

“პირველ რიგში, მე უნდა ვთქვა – და ქალბატონმა კლინტონმაც ისაუბრა ამის თაობაზე – ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა ნებისმიერი დემოკრატიის ნორმალური ნაწილია და სხვათაშორის, საქართველოში ეს უკვე ხდება... ჩვენ გადავეცით ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების ნაწილი, პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი თბილისის პირდაპირ არჩეულ მერს, ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ არჩეულ საკრებულოებს“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “დეცენტრალიზაცია“ ძალაუფლების გადაცემის პროცესის ნაწილია და დასძინა, რომ პარლამენტის დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანა სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

“მე ვფიქრობ, საქართველომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი განავითარა, რომელიც ინსტიტუტებზე გაამახვილებს ყურადღებას და არა ინდივიდუალურ ადამიანებზე“, – განაგრძო მან.

“პირველი დღიდან, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, მე ამ გადასარევ შესაძლებლობას მთავაზობდნენ, რომ საკუთარი თავი ნებაყოფლობით “კოჭლ იხვად“ გადამექცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა განვახორციელოთ და დავასრულოთ ჩემი მეორე ვადის ამოწურვამდე. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ცდუნებას ავყვე და ეს გავაკეთო ისეთი შესანიშნავი სააგენტოსთვისაც კი, როგორიც “როიტერია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“პროცესი მიმდინარეობს; საქართველოს დემოკრატია უფრო ძლიერდება და საბოლოო ჯამში, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ყველაზე მეტად პატივისცემას ხალხის არჩევანი იმსახურებს.

ამავე საკითხზე საუბრისას კლინტონმა განაცხადა, რომ იგი არ დაიწყებს “სპეკულაციებს ჰიპოთეტურ“ საკითხებზე და არ გააკეთებს კომენტარს სხვა ქვეყნის ლიდერთან დაკავშირებით.

“ნება მომეცით ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები მიიღებენ, იქნება დემონსტრირება ძლიერი ერთგულებისა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართ. სწორედ ამას ამბობდა ახლა პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ადამიანები; ინდივიდუალური ლიდერები უნდა მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს და ამის ერთ–ერთი გზა არის ისეთი არჩევნების ჩატარება – ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო – რომლებიც საყოველთაოდ იქნება აღიარებული შემდგარად, ეს მრავლისმთქმელი იქნება, თუ რა ეტაპზეა საქართველო მდგრადი დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა კლინტონმა.

რა თქმა უნდა, ჰილარი კლინტონს შეკითხვა საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კერძოდ, “რუსთავი2“-ის ჟურნალიტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზღვართან რუსეთი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მოსახლეობაში. მან ჰკითხა ჰილარი კლინტონს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე:

“დიახ, იქნება სამხედრო წვრთნები, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენები ამ შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი ხმას მისცემს. მე ვერ მოვიფიქრებ ამაზე უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს მსოფლიოში შეიძლება გაეგზავნოს. ამრიგად, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან ახლო კონსულტაციებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები და ეს ილაპარაკებს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რომელიმე სამხედრო წვრთნა, იმის შესახებ, თუ რას უჭერენ მხარს
ქართველები, თქვენი სიმტკიცის, თქვენი სიძლიერის, დემოკრატიის მიმართ თქვენი ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

გუშინდელი, დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად, ჰილარი კლინტონი აჭარის მაღალმთიან რაიონში, ქედაში ოფიციალურ ვახშამზე მიიწვია. სადილზე სპეციალურად სტუმრებისთვის ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა.

ვახშამი “ღვინის სახლში“ გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ღვინის მარანი და 600 წლის საწნახელი დაათვალიერებინა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა იმ შენობების ფოტოგამოფენაც ნახა, რომლებიც აჭარაში უნდა აშენდეს ან უახლოეს პერიოდში გაიხსნას. ჰილარი კლინტონმა ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელო შესვა და აღნიშნა:

“ჩვენ იმედიანად ვუყურებთ შემდეგ 20, 100 და 200 წელს, სადაც თავისუფლება, დემოკრატია, მერიტოკრატია, შესაძლებლობები და ყველა ქართველის უფლებები აღიარებულია და აღდგენილია ინკლუზიურ საზოგადოებაში, რომელიც ნამდვილად ესაუბრება მსოფლიოს. ნება მომეცით ვადღეგრძელო ქართველი ხალხი, ყველა მათი იმედი და მოლოდინი და უდიდესი მეგობრობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლა და შორეულ მომავალში“.

(თარგმნილი ციტატების უმრავლესობა აღებულია Civil.ge-დან).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100