სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში პოლიციამ იშვიათი ჯიშის მტაცებლები გაჟლიტა - მხეცები ქალაქში დათარეშობდნენ

ისტორია აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მდებარე პატარა ქალაქ ზანესვილში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა, ერთ-ერთი უდიდესი სამხეცის მფლობელმა ტერი ტომპსონმა მტაცებელი ცხოველები დაცული ტერიტორიიდან გამოუშვა, თვითონ კი თავი მოიკლა.

შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ქალაქის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები, კერძოდ კი ლომები, ვეფხვები, დათვები, მგლები და მაიმუნები გამოჩნდნენ, პოლიციაში სამშაბათს შევიდა. ქალაქი, რომლის მოსახლეობა 25 ათას კაცს შეადგენს, სრულმა პანიკამ მოიცვა. პოლიციამ ხალხს მოუწოდა, სახლებიდან არ გამოსულიყვნენ და ღამღამობით ეზოში გამოსვლისგანაც შეეკავებინათ თავი. სწავლა შეწყდა ოთხივე სკოლაში, ქუჩები უკაცრიელი გახდა, მაღაზიები დაიკეტა - მოკლედ, ქალაქი ჩაკვდა.

ტერი ტომპსონი, რომელიც კერძო ნაკრძალის მფლობელი იყო, თანაქალაქელებს არც მანამდე ეხატებოდათ გულზე: მისი ნაკრძალიდან ცხოველები დროდადრო გარბოდნენ და პოლიციაში ამის თაობაზე არაერთი განცხადება იყო შესული. ტომპსონს სამართალდამცველებთანაც პრობლემები ჰქონდა: სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან, სადაც ერთწლიან სასჯელს იარაღის უკანონოდ ტარებისთვის იხდიდა. სავარაუდოდ, ფერმერმა გალიის კარები მხეცებს თვითონ გაუღო, ისინი ნაკრძალის გაღებულ ჭიშკრამდე მიაცილა და სიცოცხლე თოფიდან თავში გასროლით მოისწრაფა. ვარაუდობენ, რომ ამ საქციელით მან თანამოქალაქეებზე იძია შური...

სხვათა შორის, ტომპსონი არაერთხელ დაადანაშაულეს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაშიც. ABC News-ის კორესპონდენტმა, რომელიც მომხდარის შემდეგ იმყოფებოდა ნაკრძალში, „აღმაშფოთებელი“ უწოდა პირობებს, სადაც მტაცებელ ცხოველებს ცხოვრება უწევდათ.

ტომპსონის ასეთი საქციელის გამო ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მტაცებელთა დახოცვის ბრძანება გაეცა. სამართალდამცცველების მიერ მოწყობილ, რამდენიმედღიან საფარიში არამარტო ადგილობრივი პოლიციელები, დამატებით გამოგზავნილი სპეცრაზმელებიც მონაწილეობდნენ. საბოლოო ჯამში, მათ 48 მტაცებელი მოკლეს.

მოკლულ ცხოველთა შორის იშვიათი ჯიშის მტაცებლებიც არიან - 18 ბენგალიური ვეფხვი, 20 ლომი, 6 შავი დათვი, 2 დათვი გრიზლი და 2 მგელი. კიდევ ერთ ცხოველს მანქანამ გადაუარა. - ინფორმაციას ამის თაობაზე „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„ყველა ცხოველის მოკვლის ბრძანება მე გავეცი“, - აღიარებს პოლიციის შერიფი მატ ლუცი. – „რა თქმა უნდა, საუბარი არ იყო ომაზე, რომ მოგვეკლა ჩვეულებრივი შინაური ცხოველები - ბენგალიურ ვეფხვებზე ვამბობ, რომლებსაც სხვაგვარად ვერ გავანეიტრალებდით“.

მასობრივ ჟლეტას მხოლოდ 6 ცხოველი გადაურჩა: დათვი გრიზლი, სამი ლეოპარდი და ორი მაიმუნი. ამ ისტორიაში ყველაზე მეტად იმ შიმპანზეებსა და ორანგუტანებს გაუმართლა, რომლებიც ნაკრძალში, თავიანთ გალიებში დარჩნენ - სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ნაკრძალის მფლობელი ჩქარობდა და მათთვის გალიის კარების გაღება დაავიწყდა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გადარჩენილ ცხოველებს ოჰაიოს შტატის დედაქალაქის - კოლუმბუსის ზოოპარკს გადასცემენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100