„დრო მიდის, უკან არ ბრუნდება“, მაგრამ თენგიზ კიტოვანი დროს არ ექვემდებარება – ის ბრუნდება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, როცა ერთ დღეში საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეკრებილ უამრავ ადამიანს მიმართა, ზუგდიდში გამოსვლისას აღნიშნა:
"მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ინსტინქტია , ცუდი რაც არის, დაივიწყოს. მე მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა.
ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის;
ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით..."
მოგვიანებით, უკვე „დინამო–არენაზე“ გამართული, არანაკლებ ხალხმრავალი შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ისევ ამ ხალხზე ისაუბრა და ბოლოს დაამატა:
“მათ კონკრეტული გვარ–სახელები აქვთ, იხილეთ ისინი კონკურენტი პარტიის საარჩევნო სიაში...“
უკვე ვიხილეთ და ვხედავთ, რომ ახალ მთავრობაში შევარდნაძისდროინდელი მთავრობის ორი წარმომადგენელი იქნება – ამირან გამყრელიძე და დავით კირვალიძე. რაც შეეხება დანარცენებს, ზოგი სად განიხილება და ზოგი სად: ასლან აბაშიძის ადვოკატი ვაკეში გამარჯვებული შალვა შავგულიძე ხდება, თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებულია, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ენერგეტიკაში დავით მირცხულავას გამოცდილების გამოუყენებლობა, უბრალოდ, დანაშაულია, ქართველთმოძულე თინა კანდელაკი, შესაძლოა, რუსეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს (ოღონდ, დეოკუპაციაა აუცილებელიო, ახლახან დაამატა მაია ფანჯიკიძემ), ლევან მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბატონი ლევანის საქმე, შესაძლოა, გადაიხედოს, ხოლო „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე კატეგორიულად არ ეთანხმება ანდერს ფოგ რასმუსენს იმაში, რომ საქართველო დღეს, ისე როგორც არასდროს, მიუახლოვდა ნატოს და აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის...
ერთი დღისთვის ბევრია? ეგ არაფერი, ჯერ მართლა სად ხართ: „გლობალნიუსის“ ცნობით, საქართველოში დაბრუნებას თენგიზ კიტოვანი აპირებს, რომელიც ადგილზე გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეს თუ არა ფინანსური პრეტენზია სააკაშვილის ხელისუფლებასთან.
„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ინტერვიუს თენგიზ კიტოვანთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „გლობალნიუსმა“ გამოაქვეყნა:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. კიტოვანი აცხადებს, რომ როგორც კი ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, თბილისში დაბრუნდება, რადგან რუსეთში ცხოვრება აღარ სურს.
,,GlobalNews” გთავაზობთ ინტერვიუს თენგიზ კიტოვანთან:
-როგორ შეაფასებდით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას?
-სააკაშვილის ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. რასაკვირველია, მათ ყველა ღონე იხმარეს ამ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანმა გაიმარჯვა. ეს იყო ქართველი ერის უდიდესი გამარჯვება.
-საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?
-მე ჩამოვალ მთავრობა რომ დალაგდება. მე აქ აღარ მინდა. ყველამ კარგად იცის რატომ ჩამოვედი რუსეთში. მე ოპოზიციაში ვიყავი როგორც შევადრნაძესთან, ასევე სააკაშვილთან, არ მინდოდა მათთან კავშირი მქონოდა და რუსეთში წამოვედი.
-რაიმე პრეტენზიები ხომ არ გაქვთ? მაგალითად ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით?
-ამას რომ ჩამოვალ მერე გავარკვევ. მე არა ვარ ორი წლის ბავშვი, რომ მათ აქედან რაიმე პრეტენზიები წავუყენო ან მუქარა დავიწყო. ისე რომ იცოდეთ რამოდენიმე კაცი ჩამოსახრჩობია. ამდენი ქართველის სისხლი დალიეს და ამდენი ბავშვი აწამეს. მე ყველაფერი კარგად ვიცოდი და იმიტომ ვლანძრავდი მათ. ისენი არ იყვნენ ქართველი ერის წარმომადგენლები. მათ დაავიწყდათ რომ საქართველოში ყველა პატიმარს ნათესავი და ახლობელი ყავს.
-ვის გულისხმობთ?
-ყველას, დაწყებული სააკაშვილიდან. იგი არის ავადმყოფი და მისი გუნდი, რომელიც აწამებდა პატიმრებს არის ფსიქიურად დაავადებული.
-თქვენი აზრით, მხოლოდ ციხის კადრებმა განაპირობა სააკაშვილის პარტიის დამარცხება არჩევნებში თუ სხვა ფაქტორებიც იყო?
-რასაკვირველია, პირველ რიგში, ამან გამოიწვია. ყველამ კარგად იცოდა რას აკეთებდა სააკაშვილი, მაგრამ იმდენად დატერორებული ყავდა ქართველი ერი, რომ ვერავინ ვერ გაბედავდა ხმის ამოღებას, რომ არა ივანიშვილი. მე აქედან რაც შემეძლო ვლანძღავდი, მაგრამ ჩემი ლანძღვა მათ ყურად არ იღეს. ისინი უნდა გასამართლდნენ იმ მკვლელობებზე, რაც ჩაიდინეს. მათ მოკლეს პრემიერ-მინისტრი, არაფერს ვამბობ პატარკაციშვილზე და იმ 200 პატიმარზე რომელიც ციხეებშია მოკლული.
-გაქვთ ამ განცხადების რაიმე დამამტკიცებელი საბუთი?
-ჰკითხეთ იუსუპოვის მამას, რომელმაც შვილის ფეხსაცმელი ვერ ნახა. ის ფეხსაცმელი სადაც მოკლეს იქ დატოვეს, დაავიწყდათ, იმდენად არაპროფესიონალურად იყო მოკლული ის ბიჭი და ჟვანია. ეს არაპროფესიონალიზმი ამერიკელებმაც კი შენიშნეს. მთელმა ქვეყანამ იცის ასევე როგორ მოკლეს პატარკაციშვილი ლონდონში, როგორ ჩაუგზავნეს მას ძმები ქართველები, რომლებმაც საწამლავი შეურიეს ხელში და ხელის ჩამორთმევით მოკლეს. არ მინდა მაგათი გვარის დასახელება. უნდა სცოდნოდა საწყალ პატარკაციშვილს, რომ მათი მიღება ასე არ შეიძლებოდა. მიცვალებული ოჯახს 10-15 დღის შემდეგ გადასცეს, რათა შხამებისგან გაეწმინდათ.
-პირადად თუ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს?
-მე არ ვიცნობ ივანიშვილს, ის ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა. გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის, როდესაც ივანიშვილს კვანტრიშვილის მკვლელობა დააბრალეს. კვანტრიშვილი აქაურმა მთავრობამ მოკლა და ივანიშვილი რა შუაში იყო? კვანტრიშვილი რუშაილომ მოკლა, ასე გადაეცით იმას, ვინც გამოდიოდა და ამას ივანიშვილს აბრალებდა.
-ივანიშვილის მთავრობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ალასანიაა წარდგენილი. თქვენი აზრით,როგორი მინისტრი იქნება ის?
-ალასანია წესიერი და კარგი ახალგაზრდაა და ალბათ, კარგად გაუძღვება თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ თავდაცვის სფეროში სხვა ადამიანი უნდა იყოს და ალასანიას ადგილი უფრო მაღლაა. ალასანია, როგორც რუსები იტყვიან „ достойный парень“. კარგი ახალგაზრდები მოდიან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ საქართველოს მართვაში. იმედი მაქვს, ის რაც საქართველოში ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს აღარ განმეორდება.
კომენტარი