„გელაშვილმა გვითხრა, აფხაზეთის ომში რას მიდიოდით, თუ გიჟები არ იყავითო...“ (ვიდეო)
გორში მთავარი მეოცნების მიერ სკანდალურად დასახელებული და ვალერი გელბახიანში არეული ვალერი გელაშვილის პირველი შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის რანგში ვერ შედგა: დეპუტატობის კანდიდატს არათუ ხმა არ ამოაღებინეს, ის მანქანიდანაც კი ვერ გადმოვიდა. როგორც ჩანს, ვალერი-ბატონმა კარალეთის ფიასკო გაითვალისწინა და ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში დაჯავშნული „ჰამერითა“ და თეთრ მაისურებში გამოწკეპილ მხარდამჭერებთან ერთად ჩავიდა. ვაყაში მცხოვრებლებს ქვების სროლა აზრად არ მოსვლიათ, მაგრამ ვალერი გელაშვილს თავბედი კი აწყევლინეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, „ქართული ოცნების“ ხაშურის შტაბიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მათთან შეხვედრას ვალერი გელაშვილი აპირებდა და მზად ყოფილიყვნენ: ვაყელებიც გულდაგულ მოემზადნენ და დეპუტატობის კანდიდატსა თუ მის მხარდამჭერებს ძველი ცოდვები სულ მისხალ-მისხალ მიაყარეს. კაცმა რომ თქვას, „დიდმა ოლიგარქმა“ გელაშვილი თავიდანვე დათარსა, როცა ვალერი გელბახიანზე ნათქვამი - საჩხერეში არ ჩაესვლებაო (არადა, გელბახიანი ამ გამოსვლას საჩხერეში უყურებდა), გელაშვილზე აუხდა: 60 წელს მიტანებულმა და გადაცილებულმა მამრობითი და მდედრობითი სქესის „ზონდერ-გლეხებმა“ საბოლოო ჯამში, გელაშვილი და მისი მხარდამჭერები სოფლიდან გააძევეს. ვაყაში მცხოვრები გლეხები ჟურნალისტებთან პოზიციას არ მალავდნენ:
„ვინა, კაცო? ვინ, გელაშვილი? გადმოვიდეს, თუ პატიოსანი კაცია და მე დამელაპარაკოს, ეგ ის არაა, რომ გვპირდებოდა, ამას და ამას გაგიკეთებთო და დეპუტატობის შემდეგ რომ საერთოდაც გაქრა?“, - კითხულობდა ერთი ქალი.
„მე ვიყავი მაგასთანა, როცა ქმარი მომიკლეს და რა მითხრა, იცი? - შენი ქმარი ვიღაცამ მოკლა, მე საიდან უნდა ვიცოდეო“, - იხსენებდა მეორე.
„ჩემი სიძე მოკლეს 2009 წელს, პოლიციელი იყო. ალბათ, მე არ მახსოვს ის თარიღები: დაბადების დღეები და სხვები, როგორც მერაბიშვილს ახსოვს - ყოველ აღდგომას ბავშვებს მამის ხელფასი უჯდებათ ანგარიშზე, ყოველ ახალ წელს საჩუქრებს უგზავნის, ჩემი შვილი დასაქმების პროგრამით მოხვდა სამსახურში. მე რა, საერთოდ არ ვიცნობ, ეს ყველაფერი სატელეფონო საუბრებით მოხდა“, - იხსენებდა კიდევ სხვა ქალი.
„რას გეტყვით, თუ იცით? ახლა, თუ გინდათ, გადავხედოთ, ვინ არიან ამ გელაშვილის გვერდით: სულ ისეთები ჰყავს გვერდით, ვინც სსრ კავშირის დაშლის მერე კოლექტივის ქონება გაანიავა და ფული გაფლანგა. ახლა ისევ ჩვენ ავაშენოთ და ამათ ჭამონ? არა, რა ძმაო, შეგვეშვან, იარონ თავიანთ გზაზედა“, - ცხარობდა შუახნის მამაკაცი.
„ამ გელაშვილმა ჯართი გაყიდა და ერთ ჩვენს მეზობელს ემუქრებოდა, მერე კი სახლი გააყიდინა“;
„მე აფხაზეთის ომში ვიყავი და იცით, გელაშვილმა რა გვითხრა მე და ჩემს მეგობრებს? მაგ აფხაზეთის ომში რას მიდიოდით, გიჟები თუ არ იყავითო... ახლა მოუსვით აქედანა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, დავქოქავ მანქანას და გადავუვლი სუყველას...“ - იგინებოდა ერთი მამაკაცი და ყვითელი „მარშრუტკისკენ“ იწევდა დასაქოქად.
„მე არც ივანიშვილი მომიტანს მილიონებსა და არც სააკაშვილი - ისევ უნდა ვიშრომო. ერთი, რაც ამ მთავრობის მომწონს, მშვიდობაა. სახლის მშენებლობა დავიწყე სამი წლის წინ და ჯერაც არ დამიმთავრებია - ეგრე კი არ არის ქვეყნის აშენება, უნდა ვაცალოთ ამ ხალხს და აშენდება. ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო“, - ამტკიცებდა სოფელში მცხოვრები ქალი, ხოლო როცა საპირისპირო მხრიდან მეგაფონს ჩაჰყვირეს: „ჩვენო კეთილო ხალხო, მოგვისმინეთ!..“ - ხმამაღლა გასძახა: „შენ რა უნდა მოგისმინო, ის უსინდისო გადმოვიდეს და დაგველაპარაკოს, თუ კაცია“. თუმცა, ვალერი გელაშვილი მანქანიდან არ გადმოსულა, ისე დატოვა სოფელი.
ვალერი გელაშვილს, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის სხვა სოფლებსა თუ რაიონულ ცენტრებში. თუმცა, თუკი დღეს ივანიშვილის მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს გადავხედავთ, მსგავსი სურათი ხვალ და ზეგ თითქმის ყველა იმ რაიონში იქნება, სადაც კანდიდატები დასახელებულია. გადავხედოთ ოლიგარქის რჩეულებს, რომლებშიც აშკარად უკანა პლანზე არიან გადაწეული რესპუბლიკელები:
კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარების კანდიდატები საქართველოს დარჩენილ რაიონებში შემდეგნაირად განაწილდა:
საგარეჯო-თინა ხიდაშელი; ხონი-ნიკა სანოძე; ჭიათურა- მალხაზ წერეთელი; მარტვილი-მურთაზ ხურცილავა; წალენჯიხა- გიორგი ნაჭყებია; ამბროლაური- დავით დარახველიძე. ეს, რაც შეეხებოდა რეგიონებს. თბილისში კი შემდეგი სურათია:
ჩუღურეთი-ვიქტორ დოლიძე; სამგორი- ზურაბ აბაშიძე; ნაძალადევი-თეა წულუკიანი; ვაკე-შალვა შავგულიძე; საბურთალო-დავით უსუფაშვილი; კრწანისი-შოთა ხაბარელი; ისანი-ნუკრი ქანთარია; მთაწმინდა-ზაზა პაპუაშვილი; დიდუბე-ვახტანგ ხმალაძე; გლდანი-სოსო ჯაჭვლიანი.
როგორც იტყვიან, ფერი ფერს, ოცნება ოცნებას და მადლი - პუტინს...
კომენტარი