არსებული ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო თავდამსხმელის ფოტორობოტი უკვე აქვს - შანაი ბრუკის საქმე
31 წლის შანაი ბრუკის მკვლელობიდან მე-4 დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული არ ჰყავს სავარაუდო ეჭვმიტანილი, ან ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეს მთაწმინდაზე სასტიკად გაუსწორდა.
ამ დრომდე შსს-ს წარმომადგენლებს გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა და მის მიმდებარედ საგამოძიებო მოქმედებები არ განუახლებია. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გუშინ სავარაუდო თავდამსხმელის ფოტორობოტი შექმნა და ადგილზე მცხოვრებლები კარ და კარ გამოკითხა.
იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირის ამოცნობა ვერ შეძლეს.
გუშინ "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტების შემდეგ "მთავარს" მოქალაქე დაუკავშირდა, მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავეს იცნობდა. შსს-სთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ პოლიცია სავარაუდო დამნაშავესთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
უცნობია გამოკითხეს თუ არა პირი. "მთავარმა არხმა" დღეს სავარაუდო დამნაშავე იგივე ადგილას გადაიღო, სადაც გუშინ.
ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.
კომენტარი