სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვოვა, შეეშვი, რა, როიალს – მე შენ დაგეჭიდე?!. (ვიდეო)

ახლავე გეტყვით, სათაურად გამოტანილი ეს ჩემი შეძახილი რამაც განაპირობა. პროფესიით მუსიკოსი ვარ და მუსიკაში, ჩემი აზრით, ყველაზე ძნელი მიმართულების – კლასიკური მუსიკის სპეციალისტი. მოსწავლეებიც მყავს და კონსერვატორიაშიც ვასწავლი. როიალი ჩემთვის იგივეა, რაც მებათქაშისთვის ქაფჩა ან მზარეულისთვის – ჩამჩა. კარგ მებათქაშეს და მზარეულს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა მასწავლებელს, ჩემეული მეთოდიკა მაქვს შემუშავებული და ბავშვებს მუსიკის სამყაროს სწორედ ამ კუთხით ვაზიარებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ, როცა არცერთი მეთოდით არაფერი გამომდის, ბავშვის მშობელი კი დარწმუნებულია, რომ კლასიკური მუსიკის ახალი ვირტუოზი შემსრულებელი ეზრდება, ნერვები მღალატობს და აგრესიული ვხდები. მართალია, ბავშვებს ყურებს არც ვახევ და არც ვუწელავ, მაგრამ როცა ვერაფერს ვუდებ თავში და როიალზე ჩემებურად კი არა, მისებურად უკრავს, ერთ გამანადგურებელ ფრაზას ვცრი ტუჩებიდან: „რას ერჩი, შვილო? რატომ ამტვრევ?!..“.

ეს ფრაზა ჩემი მოგონილი არ არის, მეც მეუბნებოდნენ ბავშვობაში და ალბათ, მუსიკის ყველა მცოდნეს უჩნდება ანალოგიური შეკითხვა იმის მიმართ, ვინც კლავიშებიან საკრავს კლავიშების რისხვად ევლინება ხოლმე.

რაღა დაგიმალოთ და, სწორედ ეს ფრაზა: „რას ერჩი, შვილო, რატომ ამტვრევ?“ აღმომხდა გულიდან, როცა შავ როიალთან მჯდარი მამაკაცი პირველად დავინახე. მერე უცებ მივხვდი, რომ ფრაზაში „შვილო“ სრულიად ზედმეტი იყო, რადგან როიალთან ვლადიმირ პუტინი იჯდა და კლავიშებს ნაზად ამტვრევდა.

თქვენთვის მიმინდია იმის წარმოდგენა, რას იტყოდა როიალი, ლაპარაკი რომ შეძლებოდა, მაგრამ მე რომ გული მომეწურა, კარგად მახსოვს. მეგონა, ის ამბავი გადავიტანე და უკვე ვივიწყებდი კიდეც ნელ–ნელა, მაგრამ აგერ, გუშღამ ისევ არ ეტაკა როიალს?

არადა, კაცი პრემიერი და მგონი, პრეზიდენტიც თვითონაა და ვისა აქვს ორი თავი, როიალი დაუმალოს? ჰო და, ეს ჩემი... ცოდვით სავსე, სადაც როიალს ნახავს, შანსი არაა, არ მიუჯდეს და არ დაუკრას. დაკვრასაც ხომ გააჩნია – ძალიან უნდა დაიძაბო, რომ მიხვდე, რას უკრავს...

ერთი საგულისხმო და სიტუაციის შესაფერისი ისტორია გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. თუ სწორად მახსოვს, ჰამლეტ გონაშვილია მთავარი პერსონაჟი:

ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებზეა მოსკოვში. რეპეტიციის შემდეგ რამდენიმე წევრმა სადილობა და ცოტა ყელის გასველება გადაწყვიტა და რესტორანში წასვლას რა ედგა წინ? წავიდნენ, მოკლედ. მაგრამ რადგან ყველა კუპე დაკავებული იყო, მომღერლებს საერთო დარბაზში მოუხდათ დარჩენა. დიდად არ უნაღვლიათ: პური აიღეს, მწვანილი დაიბერტყეს მარცხენა ხელისგულზე, დოჩანაშვილისა არ იყოს – დახსნეს ბოთლები, დახვდათ შიგ ღვინო, დაისხეს და დალიეს.

ცოტა რომ შეჟუჟუნდნენ, სიმღერა მოუნდათ. ჰამლეტმა „ხოხბის ყელივით ლამაზი“ წამოიწყო. აღწერა რა საჭიროა – როგორ იმღერებდა და, მშვენიერ კარგად, მაგრამ მალევე გაჩუმდა, რადგან დარბაზის მეორე კუთხიდან ვიღაცეები ქართულად აჰყვნენ და სიმღერა გააფუჭეს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ სცადეს „რუსთაველებმა“ სიმღერა, მაგრამ ისევ აჰყვნენ მთვრალი ქართველი ახალგაზრდები და ისევ გაჩუმდნენ – მოგეხსენებათ, მაშინ „ციცო“ არ იყო გარემიქსებული და არც „მგზავრები“ ან „ფრანი“ არსებობდნენ, ამიტომ, „რუსთავის“ და, მით უმეტეს, ჰამლეტ გონაშვილის რეპერტუარი უმრავლესობამ ზეპირად იცოდა. მაგრამ იცოდნენ ლექსი და არა სიმღერა.

როგორც ჩანს, „საქართველოს ბულბულს“ ძალიან უნდოდა სიმღერა, რადგან წამოდგა, ღვინის სავსე ჭიქა აიღო და ბიჭების მაგიდისკენ წავიდა. ყოველი შემთხვევისთვის, მეგობრებიც მიჰყვნენ.

„ბიჭებს გაუმარჯოს!“ – სათითაოდ მიესალმა ყველას ჰამლეტ გონაშვილი, დაილოცა და დალია, მერე კი ბიჭებს ჰკითხა:

–რა პროფესიის ხართ, ბიჭებო?

–„შტანგისტები“ ვართ! – ყველას მაგივრად უპასუხა ყველაზე ბრგემ.

ჰამლეტ გონაშვილმა გაიღიმა, ხელები გაშალა და ბიჭებს სიცილით უთხრა:

–მერე, ბიჭებო, მოვედი და აგიწიეთ „შტანგა“?..

ჰოდა, ამ ჩემს... ცოდვით სავსესაც ეგ უნდა გავუმეორო... რას გაიგონებს ან გაიგებს, მაგრამ მაინც:

–ვოვა, შე სამბისტო! შეეშვი, რა, როიალს! მე შენ დაგეჭიდე?!.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100