ასეთ ექიმებს ყველგან ეჭვით შეხედეთ! – ვის შესახებ საუბრობს დავით გადელია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია უცხოეთში მოღვაწე ექიმების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
დავით გადელია ამბობს, რომ უცხოეთში „მოღვაწეობა“ პრივილეგია არ არის იმისთვის, რომ სხვა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენო. მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფი კოლეგების ნაწილი საქართველოში მომუშავე ექიმების მიმართ უნდობლობას თესავს.
„დავიწყებ
იმით, რომ ჩვენი რამოდენიმე თანამემამულე მართლაც მუშაობს ევროპის და ამერიკის ისეთ კლინიკებში, სადაც ყოველდღიური საექიმო საქმიანობის გარდა სუფევს მეცნიერული გონი, ხდება სიტუაციების, ცოდნის პერიოდული- საკმაოდ ხშირი ანალიზი. ამ ანალიზს აკეთებენ მაღალკვალიფიციური ადამიანები და წინ წევენ კაცობრიობის ცოდნას, ამ შემთხვევაში კოვიდის მკურნალობის საკითხში. ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ევროპაში ასეთი განსაკუთრებულად ავტორიტეტული კლინიკაა შარიტეს კლინიკა, სადაც რამოდენიმე ქართველი მუშაობს.
მე არ მახსოვს, რომ ასეთი, მართლა წამყვანი კლინიკების თანამშრომელს ექიმური ეთიკა შეშლოდათ, ყოფილიყვნენ არადელიკატურები კოლეგებთან პირადად, ან სოციალურ სივრცეში მიმართვისას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქვეყნის მოსახლეობამაც განასხვაოს, გაარჩიოს მართლა კეთილის მსურველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხო ქვეყანაში მომუშავე ქართველი ექიმი, ვინმე მოშარლატანო, ტრაბახა ხალხისგან.
პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება წარდგენისას: თუ წარადგენენ “საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი…” და ა.შ. და ეს ექიმი ამას გაყურსული იმშვენებს, ან სულაც საკუთარ თავზე ამბობს ამას- ნუ მოუსმენთ! იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ნიკოლაძეც კი არ მისცემდნენ უფლებას ასე მოეხსენებინა ვინმეს მათი მართლაც დიდი ღვაწლი! ცოტა კომიკურიცაა ეს ამბავი, ამ პრინციპით, ყველაზე ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, უნდა ვთქვათ- “მოღვაწეობს”….
არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ისტერიულ ჩანართებს- როცა “სპეციალისტი” ილანძღება, კივის, იგინება და ა.შ. ასეთ ექიმებს ყველგან ეჭვით შეხედეთ- გარეთაც და შინაც!
განსაკუთრებული შარლატანი და ამავე დროს, მავნე ვიგინდარაა ის, ვინც უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებს ყველას ერთად, ასეთი ტიპის გამონათქვამებით: “…საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს..”, “..ქართველმა ექიმებმა მკურნალობა არ იციან და ბრმად მიყვებიან რაღაც გაიდლაინებს..”.. ამას ისე ამბობენ, თითქოს ძაან გული შესტკივათ ქართველ პაციენტებზე! საერთო ქვაბში ხარშავენ ყველა ექიმს, არ დაგიდევენ ცალკეული ქეისის გარჩევას და რაც ყველაზე ცუდია- უიმედობას, ქართველი ექიმებისადმი უნდობლობას თესავენ მოსახლეობაში! მერე რა ნოყიერ ნიადაგზე ყრიან ეჭვის თესლებს- იმ წუთას აიტაცებენ ამ ბინძურ სისულელეებს აქაური ჰეითერები და ერთი- ასად ამრავლებენ!
დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: არცერთი მცოდნე და წესიერი ექიმი კოლეგას არ ლანძღავს სახალხოდ! თუ თვლის, რომ რაიმე შეცდომას აქვს ადგილი- აუცილებლად გაარჩევს ექიმთან და გულახდილად ეტყვის თავის ხედვებს, გაუზიარებს ცოდნას“,- ამბობს დავით გადელია.
კომენტარი