"ყველაზე მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში" - ედუარდ სააკაშვილმა ექსპრეზიდენტის შესახებ CNN-თან ისაუბრა
საინფორმაციო გამოშვებაში ვრცელი ბლოკი მიუძღვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხს. ნაჩვენები იყო ექსპრეზიდენტის ბოლო კადრები, ასევე აჩვენეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საკითხზეც. CNN-ს მამის მდგომარეობის შესახებ ედუარდ სააკაშვილიც ესაუბრა. "მიხეილ სააკაშვილს თვეების განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, მაგრამ მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა. ყველაზე მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში. გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება ავრცელებს ინსინუაციებს, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ როდესაც ხედავ კადრებს, ცხადია, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კითხვაზე, ხომ არ ნანობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ედუარდ სააკაშვილმა უპასუხა: "რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, არ მინდა მის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ვიტყოდი, რომ გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა, ეს იყო მცდარი ნაბიჯი“. "ის, როგორი რეაგირებაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, ცხადია იმაზე უარესი იყო, რასაც ვინმე ელოდა. ერთია ვინმე ჩასვა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, მძიმეა ოჯახისთვის, მაგრამ მეორეა ადამიანის ასეთი უგულებელყოფა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში, აშკარაა, რომ ფაქტობრივად სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა - ეს მოულოდნელი იყო“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
კომენტარი