ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალის მოტაცებისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი: 1991
წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული
გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით
დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან
ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა
თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის
მიმართულებით წაიყვანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას
გულისხმობს.
კომენტარი