ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ივანიშვილს უარი უთხრა
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანებაზე უარი თქვა.
ხუხაშვილი ბიზნესმენს შეხვდა, თუმცა საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ივანიშვილმა მისგან "გარკვეული რჩევები მიიღო".
"ჩვენს შორის საინტერესო საუბარი შედგა. გეტყვით, რომ ქართველ საზოგადოებას სიურპრიზი ელის, იმიტომ, რომ მის შესახებ ბევრი მითი იყო შექმნილი. ფიქრობდნენ, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობა გაუჭირდებოდა, თუმცა მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზეც, თუ რამდენად ვიყავი მე მზად, ამ თამაშში შევსულიყავი. ჩემი ბუნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მე პირდაპირ ინტეგრაციაზე უარი ვთქვი. ეს ჩემგან ბუნებრივი იყო, რადგან მე მსგავსი წინადადებები ადრეც მიმიღია და უარი მითქვამს. ჩემი პასუხი ივანიშვილის მიერ ადექვატურად იქნა აღქმული", - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ "უმჯობესია, საზოგადოებამ ივანიშვილის სამომავლო გეგმებისა და პოლიტიკური გუნდის შესახებ ინფორმაცია თავად ბიზნესმენისგან მოისმინოს".
ამასთან, ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები "პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, მისაღები არ იყო, თუმცა პატივისცემას იმსახურებს".
"ჩემი აზრით, ივანიშვილის განცხადებები მის მიმართ უფრო პატივისცემას იწვევს, ვიდრე რაღაცნაირ გაღიზიანებას და ეს იმ მარტივი მიზეზის გამო ხდება, რომ ის ამ ყველაფერს არა პოლიტიკური ტაქტიკის, არამედ ქვეყნის ინტერესების ჭრილში უყურებს. მის განცხადებას მედიის შესახებ რიგი სიტყვები რომ ჩამოვაშოროთ, ვფიქრობ, ბევრი დაეთანხმება", - განაცახდა ხუხაშვილმა.
კომენტარი