სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეპისკოპოს ჯუზეპე პასოტოს ქადაგება მიხეილ თამარაშვილის შესახებ

შევხედოთ მამა მიხეილ თამარაშვილს, როგორც მღვდელს

საქართველოში ჩემი ჩამოსვლიდან მოყოლებული, მესმოდა საუბარი მამა მიხეილ თამარაშვილის პიროვნების, როგორც ამ ქვეყნის დიდებული წარმომადგენლის, შესახებ. მარიამის მიძინების კათედრალური ტაძრის რესტავრაციისას, ვისურვე, რომ კედელზე, ღვთისმშობლის გამოსახულების ფერხთან, გამოესახათ თამარაშვილის, არა როგორც წმინდანის, ფიგურა, არამედ ამ ეკლესიის ყველა ქართველი კათოლიკე მღვდლის სიმბოლო. წელს აღვნიშნავთ მე-100 წლისთავს მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან, იმ დღიდან, როდესაც იგი ზღვაში დაიხრჩო სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობის დროს, 1911 წლის 16 სექტემბერს, სანტა მარინელაში, იტალიაში.

მეც ვისურვე, უკეთ გავცნობოდი ამ მღვდლის პიროვნებას და, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ შოთა ლომსაძის წიგნში ”მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი”, ასევე სხვა წიგნებსა თუ პუბლიკაციებში, სადაც ვრცლად იყო საუბარი მისი ნაშრომების შესახებ, მოხსენიებული არ ყოფილა მისი მღვდლად კურთხევის თარიღი (დაახლოებით 1887 წლის ბოლო), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ფაქტი მისი მღვდლობისა ზედაპირულად იყო აღქმული. მაშინ საკუთარ თავს ვკითხე, მართლა შესაძლებელია თუ არა, აღვიქვათ ამ პიროვნების სიდიადე ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მისი მღვდლობა?

თამარაშვილი იყო ქართველი, ერთ-ერთი იმ უამრავ ქართველთა შორის, რომელმაც ისურვა, გამხდარიყო კათოლიკე მღვდელი. აშკარაა, რომ ის, რასაც მისი პიროვნება წარმოადგენდა, და ის, რაც მან გააკეთა, მომდინარეობდა მისი ამ ფუნდამენტური არჩევანიდან.

ახალგაზრდას, რომელიც არჩევანს აკეთებს მღვდლობაზე, სურს მიუძღვნას თავისი ცხოვრება ღმერთს და ეკლესიას, იაროს იესო ქრისტეს კვალდაკვალ. იესო ამბობს: “გამომყევი, ადამიანების მებადურად გაქცევ”. მღვდელი არის ის, ვინც უპასუხა ამ მოწოდებას; იესოს მისია ხდება მღვდლის მისია, იგი მას აგრძელებს, აგრძელებს ქრისტეს ხსნის საქმეს საიდუმლოებათა მეშვეობით. მღვდლობა არაა პროფესიის არჩევა, სამუშაო, არამედ - მისია, მთელი ცხოვრების მიძღვნა ღმრთისათვის, მისი სახარებისა და ეკლესიისათვის, “ამორჩეული ღვთის სახარებისათვის”, - ამბობს წმ. პავლე (რომ. 1,1).

ამ აზრის გათვალისწინებით, უკეთესად გავიგებთ თამარათის მიერ არჩეულ ცელიბატსაც: ვისაც უნდა, მთელი თავისი სიყვარული მიუძღვნას ღმერთს, სახარებასა და ეკლესიას, ქრისტეს მაგალითისამებრ, ხშირად უარს ამბობს ოჯახის შექმნაზე, რათა არ დაბრკოლდეს თავის მისიაში, უყვარდეს და ემსახუროს ყველას თავისუფალი გულით. ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია ამ ყოველივეზე მიხეილ თამარაშვილს სემინარიაში სწავლის პერიოდში და მღვდლად გახდომის შემდეგაც.

იყო მეორე დიდი ქართველი კათოლიკე მღვდელი, მამა ივანე გვარამაძე, რომელმაც პატარა მიხეილში დაინახა იესოს მოწოდება და დაეხმარა მას. ახალციხის ღარიბი ოჯახის თერთმეტ ძმას შორის ბავშვობიდანვე აირჩია იგი, რომ გაეგზავნა სასწავლებლად. როდესაც სასულიერო პირს უყვარს თავისი მოწოდება, ბედნიერია, როცა სხვები მისდევენ მის კვალს. მიხეილ თამარაშვილის სულიერი სიძლიერე ჩანს იმაშიც, რომ იგი 14 წლის ასაკში იწყებს მუშაობას მეწაღედ ქუთაისში, სხვადასხვა ხარჯების დასაფარად, თავისი ოჯახის დასახმარებლად და, ამავდროულად, მღვდლობისათვის მოსამზადებლად. მაგრამ მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო სემინარიაში შესვლა.

1563 წელს, ტრენტოს კრებამ გამოსცა აქტები საეპარქიო სემინარიების დაარსებისა და მღვდლების ფორმაციის შესახებ, რადგანაც კრებას კარგად ესმოდა, რომ საეკლესიო რეფორმის მთელი კრიზისი ასევე განპირობებული იყო სასულიერო პირების არასაკმარისი ფორმაციით, რომლებიც ინტელექტუალურად და სულიერად, მთელი გულითა და სულით არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულნი მღვდლობისათვის. გასაოცარია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეკლესიისთვის სულიერი და კულტურული ფორმაცია-განვითარება იმდროინდელ საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის განსაკუთრებული და მუდმივი ყურადღების სფერო კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც არ სურს, როგორც თეოლოგიაში, ისე ზოგად მეცნიერებებში გაუთვითცნობიერებული მღვდლების ყოლა. ყოველმა ქრისტიანმა და, მით უმეტეს, მღვდელმა უნდა “შესძინოს რწმენას გონება” (1პეტ.3.15), სერიოზული და დასაბუთებული ფორმით. მამა მიხეილი, სემინარიის დამთავრების შემდეგ, განათლების მისაღებად მიდის სტამბულში, მონასტერში, რომელიც დაარსდა ქართველი კათოლიკეების მიერ სწორედ ამ მიზნისთვის. შემდეგ მიემგზავრება ესპანეთში, მღვდლად კურთხევის შემდეგ კი სასწავლებლად სტუმრობს საფრანგეთსა და იტალიას. ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს მის დიდ პასუხისმგებლობასა და საკუთარი როლისა და მისიის ღრმად გააზრებაზე.

ბევრი ადამიანისათვის მამა მიხეილი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ სამი წიგნის გამო, რომელიც მან დაწერა. ყველა ეს წიგნი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხება საქართველოს ეკლესიის ისტორიას. ეს წიგნებია: “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”, “პასუხად სომხის მწერლებს”, “ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე”. ეს ვრცელი ნაშრომებია, თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალი წლის (აქედან ნახევარი ევროპის არქივებში ჰქონდა გატარებული) სიღრმისეული, პედანტური კვლევის შედეგი, გამყარებული უამრავი დოკუმენტის ციტირებით, რათა კვლევის იმ მეცნიერულ მეთოდს მიყოლოდა, რომელიც განათლების მიღების დროს შეისწავლა. დღესაც, ის, ვისაც სურს, ხელი მოკიდოს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-რელიგიური მოვლენების სერიოზულ კვლევას, გვერდს ვერ აუვლის თამარათის ნაშრომებს. მისი მენტალიტეტი, თავისთავად, შეესაბამებოდა იმ დროს, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა, მაგრამ რაც დაწერა, არაფერს დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალურობა.

ჩემს თავს ვკითხე: რა შეიძლება იყოს ის ძირითადი მოტივი (არა ნაჩქარევი და ზედაპირული), რაც უბიძგებს მღვდელს, დაინტერესდეს თავისი ქვეყნის ეკლესიის ისტორიით.

ერთმა მღვდელმა მითხრა: “დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არის ნიადაგი, რომელშიც შეგვიძლია გავიდგათ ფესვები და შევძინოთ სიმტკიცე ხეს, რომლის დარგვასა და გაზრდასაც ვაპირებთ. თუ ეს ისტორია არის “ხსნის ისტორია” და ეკლესიის ისტორია, ეს მიწა ხდება “ჰუმუს ვიტალე” (მაცოცხლებელი ნიადაგი), რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს და ანიჭებს მას ნაყოფიერებას, რათა მხსნელმა არსმა გააგრძელოს მოქმედება ადამიანების სახსნელად”. დიახ, ისტორია არის ღვთის ტაძარი. ის აღარ არის კონკრეტული ადგილი დედამიწაზე, არამედ არის დრო, რომელიც იქცევა გაცხადების ადგილად. საქართველოს ისტორია არის ადგილი, სადაც ღმერთი გაცხადდა და ცხადდება ამ ხალხის სახსნელად. ისტორიისადმი ყურადღება, მისი წაკითხვის ცოდნა, მისი არდავიწყება, მასში დროთა ნიშნების დანახვა უმნიშვნელოვანესია ღვთის საქმის შესაცნობად.

მამა მიხეილმა ისურვა, წაეკითხა ისტორია სიღრმისეულად, იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იმ დროს ჰქონდა ხელთ, რომ დაეფიქსირებინა, აღებეჭდა და გადმოეცა, თუ როგორ გავრცელდა სახარება საქართველოში. იგი იყო გულმოდგინე მკვლევარი მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებისა და მის შესახებ სხვადასხვა მომენტი გადმოსცა დიდი მოწიწებითა და სერიოზულობით. ამ ეკლესიის შესახებ იგი წერს: “მისი ცხოვრება იყო უსასრულო მოწამეობა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიამ, აღმოსავლურ ეკლესიათა შორის, ყველაზე მეტი ტანჯვა გადაიტანა საკუთარი მორწმუნეების დასაცავად”.

მ. მიხეილმა, როგორც კათოლიკე მღვდელმა, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესიის თითქმის უწყვეტ წარმომადგენლობაში დაინახა საშუალება, რომლითაც ღმერთმა იხსნა საქართველო. წიგნში “კათოლიკობის ისტორია ქართველთა შორის” შეუძლებელია არ ვიგრძნოთ მძაფრი სიყვარული, რომელიც აკავშირებდა მამა თამარათის საქართველოს მიწაზე არსებულ კათოლიკურ ეკლესიასთან. იგი თავს ამ ეკლესიის შვილად გრძნობს და ამიტომ არ სურს, რომ დაიკარგოს, ან გაყალბდეს ისტორია იმ ეკლესიისა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, ყოველთვის, ნათლით მოცული, იდგა საქართველოს სამსახურში. საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ნაწილად ყოფნა მისთვის საყოველთაო ეკლესიის ნაწილად ყოფნას ნიშნავდა (და ეს ასეა ყოველი ქართველი კათოლიკესთვის ახლაც), რომელიც, ხალხების, ერებისა და კულტურის მრავალფეროვნებაში, ნამდვილად საყოველთაოა და ერთობაშია ქრისტესთან, განმტკიცებულია პეტრეს, რომის ეპისკოპისის, საძირკველზე.

მღვდელზე საუბარი, ამავდროულად, მღვდლებისადმი მიმართვას ნიშნავს: რისკენ მოუწოდებს ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებს ეს დიდებული მღვდელი, არაჩვეულებრივი პიროვნება?

ჩემთვის აშკარაა, რომ მამა მიხეილ თამარაშვილი გვასწავლის:

- შეიძლება ვიყოთ დიდი და ჭეშმარიტი ქართველები, და ვიყოთ კათოლიკეები. უფრო მეტიც: ვიყოთ ჭეშმარიტი ქართველები და კათოლიკე მღვდლები.

- იყო კათოლიკე მღვდელი, ნიშნავს, დააყენო ღმერთი ყველაფრის ცენტრში, მთლიანად მიუძღვნა თავი ქრისტეს და ეკლესიას და ჩადგე მის უპირობო სამსახურში (იხილე, რაში მდგომარეობდა მისი მოწოდების არსი).

- კათოლიკე მღვდლად ყოფნა ნიშნავს, იყო ღრმად განსწავლული, გქონდეს კარგი თეოლოგიური ცოდნა, და ასევე, კარგად ერკვეოდე სხვადასხვა საკითხებში; იყო საფუარი შენი დროის კულტურისთვის (იხილე მონაკვეთები და თემები მისი ფორმაციისა).

- კათოლიკე მღვდელს უყვარს თავისი ეკლესია, იცნობს მის ისტორიას და კითხულობს მას, როგორც ღვთის ხსნის ისტორიას (და არა როგორც ადამიანური ინტრიგების ისტორიას); იგი მუდამ ყურადღებითაა, რომ ეს ისტორია სწორად იქნეს გაგებული და არ გაყალბდეს (იხილე მისი შრომები).

- კათოლიკე მღვდელი სულიერად დაკავშირებულია სამშობლოსთან, მისი სიყვარულით სავსე უნივერსალური გული კი მას საკუთარ სახლში აგრძნობინებს თავს ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მიავლენენ ქრისტეს უწყების მისატანად (იხილე, რა მარტივად გადაადგილდება იგი სხვადასხვა ქვეყნებში).

- მღვდლობა ნიშნავს ასევე საკუთარი სიცოცხლის გაღებას ადამიანების გადასარჩენად, მათში ქრისტეს ხატის ხილვას (იხილე, როგორ დაიღუპა თამარაშვილი).

ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დაგვაყენა მღვდლის ამ ფიგურის წინაშე, და ვლოცულობთ რა მისი სულისათვის, ვთხოვთ მას, რომ შევძლოთ, მივიღოთ მამა ღმერთისაგან უხვი კურთხევა საქართველოსა და ჩვენი ეკლესიისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100