ick.ge: გურჯაანის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 46 წლის ქალი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 21 აპრილს მომხდარი კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში სოციალურად დაუცველი, 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი ავად გახდა და გარდაიცვალა. სიტყვიერი დაპირისპირება ეკატერინე პეტრიაშვილსა და გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტს მანანა ჯანჯიბუხაშვილს შორის მოხდა. მარტოხელა ეკატერინე პეტრიაშვილი გამგეობაში მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი 100 ლარის გამოყოფის სათხოვნელად იყო მისული.
ველისციხეში მცხოვრებმა ეკატერინე პეტრიაშვილმა 21 აპრილს სოფელში გამგებლის წარმომადგენელს ნუკრი ბახლიშვილს მიმართა და შუამდგომლობა სთხოვა, რომ გამგეობას მისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწია.
შუამდგომლობის მიღების შემდეგ ეკატერინე პეტრიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურს მიმართა.
მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 1 370 400 ლარია გამოყოფილი. აქედან, 470 ათასი ლარი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის არის გათვალისწინებული.
ეკატერინე პეტრიაშვილს მკურნალობის ერთი კურსისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად მინიმუმ 170 ლარი სჭირდებოდა, თუმცა როგორც გამგეობაში განმარტეს, ისინი ერთ მოქალაქეს მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში ეხმარებიან. ეკატერინე პეტრიაშვილს 70 ლარით დახმარებას დაპირდნენ. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალბატონი გადარიცხვამდე თანხის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვდა, რამაც გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტის მანანა ჯანჯიბუხაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
მანანა ჯანჯიბუხაშვილმა ეკატერინე პეტრიაშვილს ჯერ სამუშაო ოთახში, შემდეგ კი გარეთ, გამგეობის კორიდორში უყვირა და თვითმხილველების ინფორმაციით, არაერთხელ მათხოვარი უწოდა. თვითმხილველების თქმით, ჯანჯიბუხაშვილი იმდენად მაღალ ხმაზე ყვიროდა, რომ სამუშაო ოთახებიდან გამგეობის სხვა თანამშრომლებიც გამოვიდნენ, თუმცა ის ვერავინ შეაჩერა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა თვითმხილველმა კონფლიქტის ამსახველი მტკიცებულება მოაწოდა, რომლის ნაწილსაც ვაქვეყნებთ აუდიომასალის სახით.
კონფლიქტის შემდეგ ეკატერინე პეტრიაშვილს საკრებულოში მისივე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ დაურეკა და სთხოვა მასთან მისულიყო. ნათია გიორგაძე საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
„როდესაც ამ კონფლიქტის შესახებ გავიგე, ეკას დავურეკე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო. მას კარგად ვიცნობდი. ის ძალიან პოზიტიური და უკონფლიქტო ადამიანი იყო. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ითხოვდა მედიკამენტების დაფინანსებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ დოკუმენტებს შორის შეუსაბამობის გამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული 70 ლარით დაფინანსებაზე. ვაპირებდი მას ჩემი პირადი ანგარიშიდან დავხმარებოდი. ეკა ჩემთან მოვიდა. ვთხოვე მოეტანა ანგარიშის ნომერი. ამ დროს სამუშაო ოთახში მანანა ჯანჯიბუხაშვილიც შემოვიდა და კონფლიქტი განმეორდა“, – ამბობს ნათია გიორგაძე, საკრებულოს წევრი.
ნათია გიორგაძის სამუშაო ოთახში კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, ეკატერინე პეტრიაშვილი გამგეობის შენობის გვერდით მდებარე „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალში მივიდა ანგარიშის რეკვიზიტების მისაღებად. ბანკში ავად გახდა და გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის განმარტებით, გამოძახება 112–ში 21 აპრილს, 16:21 საათზე განხორციელდა.
„გამოძახება დაფიქსირდა გონების კარგვის ეპიზოდის მოტივით. ჩვენი ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა და 16:27 საათზე, გამოძახებიდან 6 წუთში იყო შემთხვევის ადგილზე. ბრიგადას დახვდა 46 წლის ქალბატონი, ეკატერინე პერტიაშვილი, რომელსაც აღენიშნებოდა იმ მომენტისათვის ჰიპოტენზია ანუ დაბალი წნევა. ბრიგადის მისვლის დროს გონზე იყო პაციენტი, თუმცა იყო დაბალი წნევა. ბრიგადამ გაუწია პირველადი დახმარება და პაციენტი გადაყვანილ იქნა გურჯაანის შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში“, – განაცხადა გოგიტიძემ.
საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ ეკატერინე პეტრიაშვილი გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, კლინიკაში ინფორმაცია არ გასცეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მანანა ჯანჯიბუხაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე უფლებამოსილი პირი არ ვარ გავცე საგარანტიო ბარათები, ან მივიღო მონაწილეობა მის მომზადებაში. ქალბატონი ეკატერინე პეტრიაშვილის გაღიზიანება ჩემსკენ არასწორად იყო მომართული. არც ბარათებს ვამზადებ და არც თანხას განვსაზღვრავ. შემდეგ მთხოვა მისთვის საგარანტიო ბარათი გადამეტანა და რადგან არ გადავდიოდი ველისციხეში, ვუთხარი, რომ ვერ გადავუტანდი. ეს ყველაფერი წყნარად რამდენჯერმე ავუხსენი, ჩანაწერიდან ჩანს, რომ თავი არ დამანება. არ მიმაჩნია, რომ ამ კონფლიქტის შედეგად გახდა ავად. ფორმა 100 რომ ნახოთ, იქ უწერია სერიოზული დაავადება, რამაც მიგვიყვანა ამ ლეტალურ შედეგამდე. ცხოვრებისეული კონფლიქტები ყველას ცხოვრებაში ხდება, მაგრამ სიკვდილიანობას არ იწვევს“, - განაცხადა მანანა ჯანჯიბუხაშვილმა.
გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა თოდაშვილი ჯანჯიბუხაშვილსა და მოქალაქე პეტრიაშვილს შორის კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძეც საქმის კურსშია. გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს და sms შეტყობინებებს არ უპასუხა.
მანანა ჯანჯიბუხაშვილს, რომელიც სოციალურად დაუცველი არაერთი მოქალაქის თქმით, განმცხადებელთა მიმართ აგრესიით გამოირჩევა და ხშირად აყენებს მათ შეურაცხყოფას, სოციალურ სამსახურში სოციალური დახმარების საკითხებზე მუშაობა გამგებელმა გივი გერგიძემ რამდენიმე თვის წინ დაავალა. ის დეკრეტში გასული სპეციალისტის მოვალეობებს ასრულებს.
ეკატერინე პეტრიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც ესაუბრა. მათ აღნიშნეს, რომ ეკატერინე პეტრიაშვილი გამგეობაში მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა, თუმცა საჩივრით არავისთვის მიუმართავთ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა მანანა ჯანჯიბუხაშვილი, რომლის კომენტარიც დამატებულია სტატიაში
კომენტარი