"უნდა გვეთქვა, რომ არეულობა ოპოზიციის ჩართულობამ გამოიწვია" - ხელისფლების შეთავაზება თსუ-ს სტუდენტებს
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი - უკვე მეოთხე პროტესტის მონაწილეები რექტორის კაბინეტში არიან გამაგრებულები და პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ისინი ამჯერად განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ პროტესტში მხოლოდ სტუდენტების მცირე ჯგუფი მონაწილეობს და მათ აზრს დანარჩენი სტუდენტების შეხედულებებთან საერთო არაფერი აქვს.
ამის გარდა, ირკვევა, რომ თსუ-ს სტუდენტებს ხელისუფლება გარიგებას სთავაზობდა. თუ აქციის მონაწილეები იტყოდნენ , რომ რექტორის კაბინეტში შეჭრას ოპოზიცია უკვეთავდა, მაშინ სახელისუფლებო მანქანა მათ სასარგებლოდ იმუშავებდა.
აღნიშნულმა გზავნილმა სტუდენტები აღაშფოთა. მათი თქმით, პროტესტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს და იქ ჩარევის უფლება არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.
იყო ასეთი ზარი „იმედის“ ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელმაც გვითხრა ასეთი რამ: თუ ჩვენ ვიტყოდით იმას, რომ აქ არეულობა გამოიწვია ოპოზიციური პარტიის ჩართულობამ, ისე გააკეთებდნენ ამ სიუჟეტს, რომ ჩვენ კარგად გამოვსულიყავით და ჩვენზე პასუხისმგებლობა აღარ დამდგარიყო. ამაზე ჩვენ მყისიერი უარი განვუცხადეთ და პასუხიც გავეცით, რომ ეს იყო ამორალური, - ამბობს სტუდენტი.
სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მოთხოვნები კი უცვლელია: სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, ფინალური გამოცდების ინლაინ ჩაბარება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და რექტორის გადადგომა.
კომენტარი