კბილაშვილი: ივანიშვილის დაცვის წევრს კომპრომატებისთვის ძალოვნებმა 150.000 ევრო გადაუხადეს
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 15 ნოემბერს დაკავებული მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სიტყვიერად წარმოადგინა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დაკავებულთა ჩვენებების საფუძველზე გამოიკვეთა მოვლენათა შემდეგი თანმიმდევრობა:
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა დავალებით შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა და შესაძლებელი გახდა კომპიუტერის მდებარეობის ფარგლებში უკანონო ვიდეო და აუდიოთვალთვალის წარმოება. ამ პროგრამის მეშვეობით კუდ–ის თანამშრომლები ახორციელებდნენ პოლიტიკური პირებისა და პარტიების, ასევე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა არასანქცირებულ მოსმენას.
თავის დროზე ამ გზით შეაღწიეს ირაკლი ოქრუაშვილის, ნინო ბურჯანაძის, „ქართული ოცნების“ ოფისების კომპიუტერების ბაზებში. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა შსს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაავალა ცალკეულ პოლიტიკურ პირებთან დაკავშირებით მოეპოვებინა ისეთი მასალები, რომლებიც ხალხში უნდობლობას გამოიწვევდა.
კვარაცხელიამ განახორციელა უკანონო შეღწევა კომპიუტერთა ბაზებში, შეარჩია რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა დისკზე და გადასცა ხიზანიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. 27 სექტემბერს ხიზანიშვილმა დაურეკა კვარაცხელიას, დაარეგისტრირებინა ბესო სურმავა იუთუბზე და აატვირთვინა კვარცხელიას მის მიერვე შერჩეული მასალები.
ამ ქმედებას წინ უძღოდა კუდის თანამშრომელთა მიერ სურმავას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედება: მოპოვებულ იქნა სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერი მისი პირადი კომპიუტერიდან, რის მოპოვების შემდეგ სურმავა დააშანტაჟეს, დაემუქრნენ რა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი, მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით.
ბესო სურმავა, ჩანაწერის გამოქვეყნების შიშით დათანხმდა კუდ–თან თანამშრომლობას და მისი სახელის გამოყენებას. ის გადაიყვანეს მოდულის შენობაში, წახალისების მიზნით და უშუალოდ შოთა ხიზანიშვილის დავალებით, გადაუხადეს 150 ათასი ევრო (მას გადასცეს ერთ–ერთი კრიმინალური საქმის გახსნის დროს ნივთმტკიცების სახით ამოღებული თანხა) და ამის შემდეგ ბესო სურმავამ წინასწარ მომზადებული ტექსტი ვიდეოკამერაში თქვა, რაც აიტვირთა ვიდეოპორტალ „იუთუბზე“.
ამის შემდეგ ის გადაიყვანეს აჭარაში და რამდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება. ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნენ ის პირები, რომელთა სია პროკურატურამ უკვე გამოქვეყნა. არჩილ კბილაშვილმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, რომელ რელიგიურ ორგანიზაციებს უსმენდნენ უკანონოდ კუდ–ის თანამშრომლები: „ამ ეტაპზე სიღრმისეული დეტალების დაზუსტება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის“.
კომენტარი