„m2 უძრავი ქონება“ ქუთაისში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება
22 დეკემბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა. m2 ქუთაისში მცხოვრები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. „m2 უძრავი ქონებისა“ და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგად სრულად დაფინანსდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი ერთი წლის განმავლობაში. სოციალური პროექტის ბიუჯეტი 225 000 ლარია. მისი განხორციელებისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 125 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო „m2 უძრავი ქონება“ პროექტს 100 000 ლარით დააფინანსებს.
აღნიშნული ინიციატივა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.
„ჩვენი კომპანიის მიზანი ადამიანებისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნაა. ამ მიზანს მივყვებით როგორც ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, ასევე მათ გარეთ. m2 ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ ადგილის განვითარებაში, სადაც მშენებლობას იწყებს. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა უკეთესად იცხოვრონ ჩვენს შენობებშიც და მათ მიღმაც. მალე ქუთაისში სასტუმრო „რამადა ენკორის“ მშენებლობას ვიწყებთ. ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქუთაისისთვისაც. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს ამ ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის საძირკვლის შენებას სწორედ კეთილი საქმით ვიწყებთ“ - განაცხადა „m2 უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა, განათლების მხარდაჭერა და ქალთა გაძლიერებაა. ყველა ამ მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმაც 2017 წელს მილიონ ლარს მიაღწია.
კომენტარი