თბილისში სარკოზის გამოსვლის დროს ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება
შს სამინისტრო იმ შეზღუდვების ნუსხას ავრცელებს, რომელიც 7 ოქტომბერს, საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების საჯარო გამოსვლას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს, დაგეგმილია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე 17 საათსა და 30 წუთზე სიტყვით მიმართავს.
მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება შეეძლებათ ორი საათით ადრე. ისინი მოედანზე დაიშვებიან სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ.
მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო და ვიდეო კამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები.
აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას აიკრძალება ავტომანქანებით მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე და მასთან დამაკავშირებელ გზებზე.
ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით პუშკინის ქუჩაზე, ლესელიძის, დადიანის, ტაბიძის, ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩებზე.
კომენტარი