სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიზიტები ქართულ სამხედრო ბაზებზე და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 1 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაღლუჯას საწვრთვნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა. ისინი ერთად დაესწრნენ საჩვენებელ ვარჯიშს.

საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაური და ავღანეთში ამერიკის ძალების მეთაური, გენერალი ჯოზეფ დანფორდი ერთდღიანი ვიზიტით ქართულ ბაზა "შუკვანს" ეწვია. ISAF-ის სარდალს მე-3 ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ ბაზის ტერიტორია დაათვალიერებინა და სამეთაურო ბრიფინგი ჩაუტარა. გენერალი ქართული დანაყოფების ოპერაციის რაიონში არსებულ სიტუაციას და 6 თვის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო. ქართული ბატალიონის მეთაურის მოხსენებით, ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, შესაძლებელი გახდა კოალიციურ ძალებს აღედგინათ კონტროლი იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო პერიოდში ამბოხებულები დომინირებდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალმა აღნიშნა, რომ მე-12 ბატალიონი კარგად ართმევს თავს ამერიკის საზღვაო ქვეითებთან და ადგილობრივ ძალებთან ურთიერთობას. მე-12 ბატალიონი ავღანეთში ნატო-ს ეგიდით 6 თვის განმავლობაში მონაწილეობდა ISAF-ის ოპერაციაში.

პატრიარქის განცხადება ევროპულ ქარტიასთან დაკავშირებით. "ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც, ჩვენი აზრით, მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

შუალედური არჩევნებისთვის სამმა პოლიტიკურმა პარტიამ .ახალი კანდიდატები არაგინეს. ნაცმოძრაობის კანდიდატი ბაღდათში ვლადიმერ წიქორიძე იქნება, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილმა წარადგინა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან" ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის დავით შარაბიძე იბრძოლებს. ხოლო რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, მათ დღეს ნაძალადევის რაიონის კანდიდატად გიორგი გუგავა დაასახელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა ბრიფინგი გამართა. რა პოზიცია დააფიქსირა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდზე, საგარეო უწყების პოზიცია 5 ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელზეც პრეზიდენტს ამ ეტაპზე ხელი არ მოუწერია, საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტი სოჭში და მიმდინარე კვირის მნიშვნელობანი ვიზიტები საქართველოში და ქვეყნის გარეთ, - ეს იყო მთავარი თემები ბრიფინგის, რომელიც საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მედიას 2012 წლის ანგარიში გააცნო. ციხის სკანდალი, ლაფანყურის სპეცოპერაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლა, ხელისუფლების ყოფილი პირების, ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას, გიორგი კალანდაძისა და სხვების დაკავების საქმეებზე პროცესუალური დარღვევები და მედიისთვის ხელის შეშლის ფაქტები, - ეს თემებია შესული სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში. ანგარიში 776-გვერდიანია და ის პარლამენტში უკვე შესულია. უჩა ნანუაშვილს დეპუტატები საგაზაფხულო სესიების პერიოდში მოუსმენენ. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ყველა საკითხთან დაკავშირებით მის აპარატს კონკრეტული რეკომენდაციები აქვს და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება მას გაითვალისწინებს.

ბაზრის მოვაჭრეების აქცია გორში - ისინი აგრარული ბაზრის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებისთვის პატარა ფართი და გაცილებით მაღალი გადასახადია. მოვაჭრეებმა დღეს მსვლელობა მოაწყვეს და ბაზრიდან მუნიციპალიტეტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ გამგებელი შეხვდა. პაპუნა კობერიძემ მოვაჭრეების მოთხოვნები მოისმინა და განაცხადა, რომ ბაზარი კერძო ინვესტორმა იყიდა და გამგეობა კერძო საკუთრებაში ვერ ჩაერევა, თუმცა მუნიციპალიტეტი საკითხს შეისწავლის და ერთობლივად იმუშავებს პრობლემის მოსაგვარებლად. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს განმართავენ.

დღეს აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ბრიფინგი გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა. წელს აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გაგების შემდეგაც შეცვალონ, ასევე ცვლილებაა საგრანტო სისტემაში.

ცნობილი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის ბენეფისი და ვარსკვლავის გახსნა რუსთაველის თეატრის წინ. თეატრის დიდ სცენაზე მსახიობმა ბოლო დროს დადგმული სპექტაკლებიდან ნაწყვეტები ითამაშა. მსახიობს პარტნიორობა მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა გაუწიეს. თბილისის მერიამ ნანა ფაჩუაშვილი ქართული კულტურის ამაგდარის წოდებით დააჯილდოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100