ვანო მერაბიშვილის განცხადება
მინდა გამოვეხმაურო უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება, რომელიც 2004 წელს იქნა გაუქმებული.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილებით სავალდებულო ტექდათვალიერება გადავადებული იქნა 2013 წლის 1 იანვრამდე და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი ამ ვადას არ გაახანგრძლივებს, ქართველ მძღოლებს მოუწევთ საკუთარი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარება.
2004 წელს, როდესაც ტექდათვალიერების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ცვლილების ოპონენტთა მთავარი არგუმენტი იყო რომ ტექდათვალიერების გაუქმება გაზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევათა და შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობას. მას შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 2011 წლის მონაცემებით 750 ათასი შეადგინა. მიუხედავად ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდისა, უკანაკნელი 4 წლის განმავლობაში, 2011 წელს 2008 წელთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების (26%-ით), შემთხვევების შედეგად დაშავებულების (27%-ით) და გარდაცვლილების (29%-ით) შემცირებას. აღნიშნული ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ტექდათვალიერების მომხრეთა არგუმენტები საფუძველს არის მოკლებული.
რაც ყველაზე მთავარია, სავალდებულო ტექდათვალირების შემოღება მძიმედ ტვირთად დააწვება პირველ რიგში სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ავტომობილი ხშირ შემთხვევაში არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს მოხდა სავალდებულო ტექდათვალიერების გაუქმება - ეს პროცედურა და მასში მონაწილე კომპანიები თუ სახელმწიფო ორგანოები წარმოადგენდნენ კორუფციის ბუდეს, რისი დაბრუნებაც დღევანდელ საქართველოში დაუშვებელია.
მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის აღნიშნულ უგუნურ გადაწყვეტილებაზე და არ დააბრუნებს საქართველოში შევარდნაძის დროინდელ კორუფციის ბუდეს და არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს.
კომენტარი