სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი აფხაზეთში თურქეთის პოზიციების გაძლიერებას მკვლელობებით ბლოკავს

2011 წლის ივნისში საეჭვო ვითარებაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუჰაჯირი აფხაზების შთამომავალი ადილია გაბლია გარდაიცვალა. გაბლია ისტორიულ სამშობლოში 1990 წელს დაბრუნდა და აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით იგი მოწამლვის დიაგნოზით სოხუმიდან თურქეთში გადაიყვანეს. რამდენიმე თვით ადრე კი იმავე დიაგნოზით მისი მეუღლე სოჭის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი აფხაზ ბლოგერებში ფართო განხილვის საგანი გახდა. საუბარი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობაზეც. მოგეხსენებათ, აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო თემის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტი აფხაზეთში ადრეც არაერთხელ დაფიქსირებულა, რაც იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ რუსეთი აფხაზეთში მუსლიმების ფეხის მოკიდებას ხელს უშლის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი აფხაზეთში აფხაზი მუჰაჯირების გაძლიერებას არ დაუშვებს. სწორედ ამას უკავშირებს იგი მათი უცნაური გარდაცვალების ფაქტებს.

"მოსკოვისთვის მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნება აფხაზეთში თურქული ინტერესების გაძლიერებას ნიშნავს, ამიტომ რუსეთი ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ადგილობრივ მუსლიმანურ თემს ყველანაირად ებრძვის. რამდენიმე ტერაქტი უკვე განხორციელდა და მათ მუსლიმანთა თემის რამდენიმე ლიდერი შეეწირა. ერთ-ერთი მათგანი ხამზატ გიცბა იყო, რომელიც, რუსული წყაროების ცნობით, მუსლიმთა თემის სახელმძღვანელოდ თურქეთიდან იყო გამოგზავნილი, რათა თურქული გავლენა გაეძლიერებინა. გუდაუთელი გიცბა აფხაზი იყო და მუჰაჯირების შთამომავალი არ ყოფილა. იგი 1995 წელს ტრაბზონში განხორციელებულ გახმაურებულ ტერაქტში მონაწილეობდა, რომლის ყველა ფიგურანტი დააპატიმრეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2 წლის შემდეგ მან თურქული ციხიდან გაქცევა მოახერხა და გუდაუთაში ადგილობრივ მუსლიმანურ თემს ჩაუდგა სათავეში. საინტერესოა ისიც, რომ აქამდე იგი მუსლიმანური რელიგიით დაინტერესებული არ ყოფილა და პროფესიონალი მოკრივე გახლდათ. რუსულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიცბა თურქულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და აფხაზეთში სპეცილური მისიით გაგზავნეს. 2005 წელს გიცბა მოკლეს და როგორც აფხაზეთში ამბობენ, ეს რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი იყო. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე თავდასხმა მოხდა და ყველა ეს შემთხვევა რუსული სპეცსამსახურების "დამსახურებაა", რათა თურქული გავლენა აფხაზეთში არ გაძლიერდეს", - განუცხადა "პირWელს" არეშიძემ.

მისივე თქმით, "აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბიც მუჰაჯირების თემას ააქტიურებს, თუმცა შედარებით პასიურად, რადგან დღეს აფხაზეთში ბევრი ამბობს, რომ ბაღაფში თავის თურქულ ვოიაჟს შეეწირა".

"როგორც ვიცი, მოსკოვმა ექს-პრეზიდენტ ბაღაფშს ეს შეხვედრა ხუთჯერ გადაადებინა. საბოლოოდ ბაღაფში თურქეთში ჩავიდა, თუმცა არა ოფიციალური ვიზიტით, არამედ "სამკურნალოდ". რეალური მიზეზი, რა თქმა უნდა, სხვა გახლდათ. დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებიც მათი გადასახლების მთავარ "ავტორად" რუსეთს მიიჩნევენ, ბაღაფშს რუსეთისგან გამიჯნვა მოსთხოვეს. ბაღაფშიც იძულებული გახდა, მათთვის "კოჭი გაეგორებინა" და თქვა ის, რაც მოსკოვს არ მოეწონა, საბოლოოდ კი წინ დახვდა. ანქვაბმაც სწორედ ამიტომ შეიკავა თავი ამ საკითხის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებისგან. ზოგადად კი აფხაზი მუჰაჯირების მოლოდინი აფხაზეთში ჩასვლისა არ გამრთლდა, რადგან იქ ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამ მიზეზით ბევრი მათგანი, დაახლოებით 70-65% უკან დაბრუნდა", - განუცხადა "პირWელს" არეშიძემ.

ანალოგიური ინფორმაცია აქვს აფხაზი მუჰაჯირების განწყობებთან დაკავშირებითკონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომლის მონაცემებით, "მათ რუსულ გარემოში დაბრუნებას თურქეთის მოქალაქეობა და ევროპასთან სიახლოვე ურჩევნიათ".

"დიდი სურვილი მუჰაჯირებისა, აფხაზეთში დაბრუნდნენ, არ ჩანს, მათი ენა თურქულია, თურქეთის მოქალაქეობა მათთვის მისაღებია, ევროპასთან მეტი კონტაქტები აქვთ და რუსულ გარემოში გადასვლა არ სჭირდებათ. არც რუსებს აწყობთ მათი შთამომავლების დაბრუნება, იმიტომ, რომ აფხაზეთში ისლამური ქვეყნები გაიდგამენ ფესვებს და აფხაზური საზოგადოება უფრო ისლამისტური გახდება, შემდეგ კი თურქი თუ ჩრდილოკავკასიელი რუსები აფხაზეთში უფრო ეფექტურად შექმნიან ისეთ სიტუაციას, რომელიც რუსეთს არ აწყობს. ის ინიციატივები, რომელიც აფხაზეთში მუჰაჯირების ჩასაყვანად ხორციელდება, წმინდა აფხაზურია და არა რუსული. მართალია, რუსები ამას ღიად ვერ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ხელს აშკარად არ უწყობენ. რუსეთი გარკვეულ საკითხებში აფხაზეთს ხელს უწყობს, მაგრამ ამ საკითხში არ დაეხმარება", - განუცხადა "პირWელს" ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება თავად თურქეთის ინტერესებს, ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილიაღნიშნავს, რომ "თურქეთის ინტერესს ზოგადად მუსლიმანური თემის ნებისმიერ ტერიტორიაზე გაძლიერება წარმოადგენს და მათ შორის - აფხაზეთშიც.

"თურქეთს თავის დროზე აფხაზეთში სერიოზული პოზიცია ეკავა, დღეს კი მისი აფხაზეთში გაძლიერება რუსეთის მიმართულებით გაძლიერებას ნიშნავს. მართალია, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება დიდი ციებ-ცხელების სტადიაში არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მას გარკვეულ დონეზე ადგილი აქვს. ამ თვალსაზრისით მისი ინტერესების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც აფხაზეთში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში", - განუცხადა "პირWელს" ცქიტიშვილმა.

ირინა არდაშელია
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100