აღსარების მნიშვნელობა (ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი)
ეს ამბავი 6 წლის წინათ, პირადად მე, შემემთხვა. ვერ გეტყვით რამდენად ღრმა მორწმუნე ვარ, მაგრამ წირვა–ლოცვაზე ხშირად დავდივარ, აღსარებასაც ვაბარებ და ვეზიარები. არც ეს პერიოდი გახლდათ გამონაკლისი იმ მხრივ, რომ შაბათ–კვირის ლოცვას არ ვაცდენდი , ვლოცულობდი, ვმარხულობდი, მაგრამ რატომღაც ძალიან მიჭირდა აღსარებაზე მისვლა..
კვირის წირვა იყო და უკვე თითქმის მესამე თვე გახლდათ, რაც აღსარებაზე არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივ მოვუსმინე წირვას და ზიარების საიდუმლო, როდესაც დაიწყო გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, სკამზე დავჯდარიყავი და მაშინ შევსულიყავი ეკლესიაში, როცა მამაო ქადაგებას დაიწყებდა.
სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გავერთე. პირადული პრობლემების გამო ვერ ვიყავი ჩვეულ გუნება– განწყობაზე და კარგად თუ დამაკვირდებოდით, ალბათ, შეამჩნევდით კიდეც, რომ რაღაც მაწუხებდა…
ასე “სევდიან ფიქრებში” ვიყავი გართული, რომ უეცრად გვერდით 40 წლამდე ქალბატონი მომიჯდა და საუბარი დამიწყო.
– ასეთი კარგი ბიჭი და ასეთი წყნარი – თითქოს რაღაც ალერსიანი და დამაფიქრებელი შეიმჩნეოდა მის ხმაში.
– მაპატიეთ და.. წყნარი? ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ – ვუპასუხე დაბნეული ხმით და გავიფიქრე, რომ ქალბატონი, რომელიმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გახლდათ.
– ასეთი კარგი ბიჭი ხარ და რატომ ხარ ასეთი წყნარი? – კვლავ იმეორებდა თითქოსდა დაზეპირებულ სიტყვებს.
გამეღიმა. გავიფიქრე, რომ ქალბატონი გიჟი იყო და ასე ღიმილით გავაგრძელე მოსმენა.
– რამდენი წლის ხარ? – მოულოდნელად დამისვა ცოტა აზრიანი შეკითხვა.
– 20–ის – მივუგე გახარებულმა.
– ჩემი შვილიც 20 წლის იყო და ისიც შენსავით წყნარი – გააგრძელა მან.
– აჰაა, ისევ წყნარი და წყნარი, რას დამაჯინდა ნეტავ? მეცინებოდა და გულში მადლობას ვუხდიდი, რომ ასე მალე მომიყვანა ხასიათზე.
– კი, ისიც შენსავით კარგი ბიჭი იყო.. შენსავით წყნარი. ვეუბნებოდი, რომ ექიმთან მისულიყო, ემკურნალა, მაგრამ არ მისმენდა…
- ესეიგი სამკურნალოც ვყოფილვარ – ვფიქრობდი მე და უკვე სიცილს ძლივს ვიკავდებდი.
– ვეუბნებოდი, მაგრამ არ მისმენდა..და ბოლოს თავი მოიკლა – განაგრძო მან.
მისი ბოლო სიყვები თითქოსდა სიკვდილის ზარივით ჩამესმა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
– მიდი შვილო ექიმთან, მიდი – მირჩია ბოლოს.
არაფერი მიპასუხია და ვერც ვხვდებოდი რა მეთქვა…
უხერხული სიტუაციიდან ერთ–ერთი სტიქაროსნის ხმამ გამომიყვანა, რომელმაც გარეთ მყოფებს გვამცნო, რომ ზიარება დამთავრდა და ქადაგება იწყებოდა.
ეკლესიაში შევედი და როდესაც მღვდლის პირველი სიტყვები გავიგონე გამეღიმა.მივხვდი,რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული ხდებოდა. არ ვიცი რამდენად შევძლებ მღვდლის სიტყვების ზუსტად ციტირებას, მაგრამ იგი დაახლოებით ასე საუბრობდა:
“როგორც ადამიანს სხეულს, ასევე მის სულსაც მკურნალობა ესაჭიროება. ეკლესია საავადმყოფოა, მღვდელი ექიმი, აღსარების ჩაბარება და მონანიება კი სულის მკურნალობას ნიშნავს. და ამ ყველაფრის გარეშე სულის სიმშვიდის მოპოვება ძალიან ძნელია.შეიძლება წლები გავიდეს და არავითარი ხორციელი დაავადება არ შეგხვდეთ, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ სული ხორცზე სათუთი მოსავლელია და მას უფრო ხშირად ესაჭირობა მკურნალობა, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ…”
ცრემლები მომადგა, სასწრაფოდ გარეთ გამოვედი და “გიჟ” ქალბატონს დავუწყე ძებნა. მინდოდა გულწრფელი მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვერსად ვიპოვე და მას შემდეგ არც აღარასოდეს შემხვედრია…
თემო ბერიშვილი
კომენტარი