შალვა ნათელაშვილმა თავის პრესკონფერენციების დისკი გამოუშვა
დღემდე აწუხებს კითხვა საზოგადოებას: რამდენი შალვა ნათელაშვილია ლეიბორისტულ პარტიაში?
ამის მიზეზი კი, გიორგი გუგავას, ნესტან კირთაძის, კახა ძაგანიას, პაატა ჯიბლაძისა და სოსო შატბერაშვილი განცხადებებია, რომლებიც საოცრად ჰგავს მათი ლიდერის გამოსვლებს. ნათელაშვილის ფეხის ხმას აყოლილი ,,პატარა ლეიბორისტები’’, ლიდერის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ.
საქართველოს ,,ლეიბორისტული პარტია’’, მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. ნათელაშვილის დიდი პოლიტიკური ამბიციებისა და შედარებით მცირე შესაძლებლობების ფონზე, პარტიის მთავარი საქმე, სოციალურ საკითხებზე მუშაობაა.
53 წლის პოლიტიკოსის პოლიტიკური კარიერა, 1990–იან წლებში დაიწყო. იყო პარლამენტის დეპუტატი და პროკურატურის მუშაკი. ,,ლეიბორისტული პარტიის’’ შექმნის შემდეგ, ნათელაშვილი ყველა საპრეზიდენტო არჩევნებს ფონად გასდევს. მან სამჯერ გაისროლა საპრეზიდენტო სკამისკენ და სამჯერვე ააცილა.
ქვეყნის პირველი ,,მშრომელის’’ ენაკვიმატობასა და იუმორის დიდ გრძნობაზე არაერთხელ დაწერილა, მისი პოლიტიკური მარგალიტებიც, ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ამას გარდა, ნათელაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ,,ნათლიმამობითაც’’ გამოირჩევა.
ნათელაშვილის უდიდესი წარმატებად, დღემდე, 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება რჩება. მაშინ ნათელაშვილის პარტიამ თბილისის საკრებულოში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. თუმცა, ნათელაშვილმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ იგი არ იყრის კენჭს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და ოპოზიციური პარტიის ”ნაციონალური მოძრაობის” (რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში) ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა შესთავაზა. არავინ იცის, ინანა თუ არა ნათელაშვილმა ეს საქციელი, თუმცა მას შემდეგ, მისი სატელევიზო გამოვლა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით იწყება. ,,რას დაათრევს ამ ტრიბუნას სარკოფაგივით?’’, ,,ხუთი თვითმფრინავი რომ დასვა თბილისის აეროპორტში, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა’’, ,,რა უყვარს ამ კაცს ტრანსპორტში წინ ჩაჯდომა, რა ჰქონია, რომ უფრო მალე ჩავა?“, ასე ,,ესიყვარულება’’ ქვეყნის პირველ პირს.
ქართული ტრადიციების მოყვარული ნათელაშვილს, პარტიაშიც აქვს თავისი ტრადიცია. ,,ლეიბორიტული პარტიის’’ წესდებაში არ წერია, თუმცა ტრადიციაა, რომ პრესკონფერენცია 13:00 საათზე უნდა დაიწყოს. ყველაზე სახალისო კი პრესკონფერენციამდე იუმორით გაკრიტიკებული პოლიტიკური ოპონენტებია. მას შემდეგ, რაც პარტიის ოფისში მისულ ჟურნალისტებს ,,ლეიბორისტები’’ ნაყინით (თუ ზაფხულია) და ,,კოკა–კოლით’’ გაუმასპინძლდებიან, იწყება ნათელაშვილის ხუმრობა, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ 200–ზე მეტ სიტყვას მოიცავს.
„მე არ მეშინია ერთი და იგივე შეცდომების დაშვების,მე არ ვიცი დამარცხება, მივყვები ჩემს გზას... არც გამარჯვება ვიცი, რადგან არასდროს განმიცდია ეს გრძნობა“ – ეს შალვა ნათელაშვილის სიტყვები არ არის, სამაგიეროდ მისი პოლიტიური მოღვაწეობის ადეკვატურია.
შალვა ნათელაშვილი, არაერთი ნოვატორული პოლიტიკური ნაბიჯის ავტორი ყოფილა, თუმცა მისმა ახალმა ინიციატივამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
გამეორება ცოდნის დედააო და ნათელაშვილმა პრესკონფერენციების დისკი გამოუშვა. 2002 წლიდან მოყოლებული, ყველა ბრიფინგი დისკზე ჩაწერა. არავინ იცის მაზოხისტი იქნება ის, თუ პატრიოტი, ვინც ამ დისკს მოუსმენს, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს გამძლეობას ვუსურვებთ.
კომენტარი