"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები
20 წლის კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 8 აგვისტოს, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, ცხინვალის შესასვლელთან, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ვახტანგი ერთადერთი არ არის ოჯახიდან, ვინც სამშობლოს ერთიანობას და უსაფრთხოებას შეეწირა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა, ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშთან შეტაკებისას დაიღუპა. მამა-შვილის გმირობის, თავდადებისა და სიყვარულის შესახებ გმირი შვილის დედა და გმირი მეუღლის ქვრივი მარინა გზირიშვილი გვიამბობს: - რუსეთის მიწაზე დაბადებულ ჩემს შვილს რუსებმა სამშობლოს მიწაზე მოუღეს ბოლო. ვახო სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში დაიბადა. მე და მამამისი იქ ვმუშაობდით - ბადრი დურგლად, მე - მლესავად და მღებავად. ვახო რომ შეგვეძინა, ჩვენ უკვე გვყავდა უფროსი ქალიშვილი - ნათია, ვახტანგის უფროსი ძმა - ამირანი კი, ერთი წლის ასაკში, ჯერ კიდევ რუსეთში წასვლამდე, ექიმების დაუდევრობის გამო დაგვეღუპა - კოღოს ნაკბენი გაურთულდა და არასწორად უმკურნალეს... შვილის გაჩენა აღარ მინდოდა, მაგრამ ბადრიმ მთხოვა, გული მიგრძნობს, ესეც ბიჭი იქნება და გააჩინეო. გავაჩინე, მაგრამ განგებამ არც ის შემარჩინა... - პირველ რიგში, თქვენი მეუღლის შესახებ გვიამბეთ... - ჩვენ ორივე რუსთავიდან ვართ, კლასელები ვიყავით, სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მე-11 კლასში ვიყავით, რომ გავიპარეთ და ოჯახი შევქმენით. იმის მერე ჩვენი შრომითა და გარჯით გაგვქონდა თავი. ბადრი მოჭიდავე იყო, საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც ჰქონდა, მაგრამ გვიჭირდა, ორივე ღარიბი ოჯახიდან ვიყავით... 1985 წელში, კომკავშირული საგზურით წავედით იარცევოში. ახალი ქალაქი შენდებოდა, სულ ახალგაზრდები ვიყავით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი დამიანი იყო ჩამოსული, საქართველოდან მხოლოდ მე და ბადრი. საერთო საცხოვრებელში დავბინავდით, ნათიაც იქ მივიყვანეთ სკოლაში. ვახო რომ შეგვეძინა, ბინაც ზუსტად მაშინ მოგვცეს. თითქოს ტკივილი წარსულში დარჩა, შვილებთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ მერე იყო 9 აპრილი... ამის შესახებ შემთხვევით გავიგე, მაშინ, როდესაც მშობლების გამოგზავნილი ამანათი გავხსენი, ჩურჩხელები ამოვიღე და ის გაზეთი ვნახე, რაშიც იყო გახვეული ჩურჩხელა. წავიკითხე... იმდენი ვიტირე... მე და ბადრიმ იმ დღესვე გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. იარცევოდან ბინა გლდანში გადმოვცვალეთ. ორი წელი ბედნიერად გავატარეთ, მერე აფხაზეთის ომი დაიწყო. ბადრის კომისარიატიდან მოაკითხეს და წაიყვანეს. ნათია სკოლაში გავუშვი, 4 წლის ვახოს კი ხელი მოვკიდე და მეც ბადრის გავყევი. ბავშვს რომ შესცივდა და მოშივდა, შინ დავბრუნდი, დავაპურე, გავათბე და ისევ კომისარიატში წავედი, მაგრამ ბადრი უკვე წაყვანილი ჰყავდათ... მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, არც ინტერნეტი და შუქიც იშვიათად მოდიოდა. მეუღლის შესახებ ვერაფერს ვიგებდი. ერთხელაც, გვიან ღამით კარებზე კაკუნის ხმა მომესმა, შემეშინდა, მაგრამ მერე ხმაც მომესმა ბადრი ვარო. ისეთი ტალახიანი იყო... ფორმა გავურეცხე, შეშის ღუმელთან გავუშრე. მითხრა, - გარდაცვლილი მებრძოლები ჩამოვასვენეთ და დილით ისევ უნდა წავიდეო. ვთხოვე, აღარ წასულიყო, შენ საკმარისად იომე, ახლა სხვებმაც აიღონ ხელში იარაღი-მეთქი, - რას მეუბნები მარინა, 17, 18 წლის ბიჭები ომობენ, იარაღის ტარებაც რომ არ იციან წესიერად, მე სახლში რა გამაჩერებსო. ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი... დილა რომ გათენდა, მითხრა, ჯერ რუსთაველზე გავისეირნებ და მერე წავალო, მეც გავყევი, მერე წავიდა და წავიდა... იმის მერე მხოლოდ ერთხელ, ისიც ტელევიზორში ვნახე. ისე მოხდა, რომ შუქი მოვიდა, მე სამზარეულოში სადილს ვაკეთებდი, ბავშვები ყვირილით შემოვარდნენ, - ტელევიზორში მამიკოაო. ვიფიქრე, რომ მოეჩვენათ, მაგრამ მაინც გავარდი. იმ მომენტს მივუსწარი, რომ ამომბდა, ცოლ-შვილს მინდა მოკითხვა გადავცეო. იქიდან მომმართა, - მარინა შენი იმედი მაქვს, ძლიერი გოგო ხარ და თუ ცოცხალი ვერ დავბრუნდები, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო... თხოვნა შევუსრულე, ვახტანგი ვაჟკაცად გავზარდე... 29 წლის ასაკაში დავქვრივდი, ნათია 13 წლის დამრჩა, ვახო 4 - ის. კერამიკის ცეხში დავიწყე მუშაობა, პარლამენტშიც ვმუშაობდი დამლაგებლად... ძალიან დიდი წვალებით გავზარდე ჩემი ვაჟკაცი შვილი... - ვახო როგორი ბავში იყო, რა უყვარდა, რა აინტერესებდა? - ვახოს გაზრდაში დედაჩემი მეხმარებოდა, თავიდან თბილისში შევიყვანე სკოლაში, მაგრამ მერე რუსთავში გადმოვიყვანე და 7 წლის ასაკიდან, მეტწილად დედა მიზრდიდა. მე სულ კაცივით გარეთ ვიყავი, სულ იმის ფიქრში ვათენ-ვაღამებდი, რომ ჩემი შვილებისთვის ლუკმა-პური მეშოვა და ჩემს ვახოს სხვისი ჯიბისკენ თვალი არ გაქცეოდა. 15 წლის იყო, როცა მკითხა, - მამაჩემი როგორი კაცი იყოო? მეც ხშირად ვუყვებოდი გმირი მამის ამბებს... უთქმელი, ჭკვიანი და კეთილი ბიჭი იყო. ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, შემთხვევით წინდა გამერღვა და ტირილი დავიწყე. ვახომ შემომისწრო და ენამოჩლექით მკითხა, - რა გატირებსო. ვუთხარი, არ იდარდო, დედი, წინდა დამეხა, მაგრამ ამოვკემსამ-მეთქი. ხელები გაშალა, აი, დიდი რომ გავიზრდები ამდენ წინდას გიყიდიო. სკოლაში ძალიან უყვარდათ. პირველი შვილის გარდაცვალების მერე სულ მქონდა დანარჩენი შვილების დაკარგვის შიში და ვახოს გამო ხშირად დავდიოდი სკოლაში. დამრიგებელი მეტყოდა ხოლმე, ვახოს ამდენი დევნა რად უნდა, უჭკვიანესი ბავშვიაო. ბევრი რამ აკლდა, მაგრამ უწიგნოდ არასოდეს დამიტოვებია. ისტორია და ლიტერატურა უყვარდა. პატარა რომ სულ ომობანას თამაშობდა. სათამაშოების ყიდვის საშუალება არ მქონდა, ქვაბებსა და ტაფებს გადმოალაგებდა ხოლმე, ქვაბებს ტანკებად მოიაზრებდა...
კომენტარი